ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ყალბი საელჩო განაში 10 წლის მანძილზე მოქმედებდა


შეერთებული შტატების სახელმწიფო საზღვარი არავის გადაუკვეთია იმ ვიზებით, რომლებიც განაში ათი წლის მანძილზე მოქმედი ამერიკის ყალბი საელჩოს მიერ იყო გაცემული - განაცხადა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა. მათ, ვინც დოკუმენტების გაფორმებაში ათასობით დოლარს იხდიდა, დიდი ხნის მანძილზე ატყუებდნენ, ამბობს ორგანიზაციის პრეს-სპიკერი მარკ ტონერი.

ორგანიზებულ დანაშაულში განის და თურქეთის კრიმინალური დაჯგუფებები მონაწილეობდნენ. “ჩვენ ამის შესახებ მხოლოდ წელს შევიტყვეთ”, იმის მიუხედავად, რომ ყალბი დიპლომატიური დაწესებულება თურმე უკვე ათი წელია არსებობს - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა.

ქალაქ აკრაში მდებარე ვარდისფერ შენობაზე ამერიკის დროშა ფრიალებდა და შესასვლელში პრეზიდენტ ბარაკ ობამას ფოტო იყო გამოფენილი. ე.წ. საელჩო ყოველ ორშაბათს, სამშაბათს და პარასკევს დილის 7:30-დან შუადღემდე მუშაობდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ყალბი საკონსულოს თანამშრომლები ძირითადად თურქეთის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ ენას კარგად ფლობდნენ.

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ფოტოზე მარცხენა მხარეს ჩანს ყალბი პასპორტები, რომლებიც სამართალდამცავების მიერ განხორციელებული რეიდის დროს იპოვეს. ამოღებულია 150-მდე ყალბი პასპორტი. მარჯვენა მხარეს კი ნაჩვენებია ასობით საიდენტიფიკაციო, საბანკო, განათლების დამადასტურებელი და სხვა ტიპის დოკუმენტაცია, რომელიც შეერთებულ შტატებში გამგზავრების მსურველებმა თაღლითებს ნებაყოფლობით გადასცეს.

XS
SM
MD
LG