ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სიკვდილით დასჯა 21 ქვეყანაში ხორციელდება


ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ფაქტებს აჯამებს


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული

ქამილ ალბოშოკა ირანელი არაბია, რომელმაც 7 წლის წინ თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში მიიღო. 2 ბიძაშვილთან და 3 საუკეთესო მეგობართან ერთად მას სიკვდილი მიუსაჯეს. მისი მეგობრები აჰვაზის უმცირესობიდან არიან. უფლებადამცველების განცხადებით, სიკვდილმისჯილები უდანაშაულოები არიან და მათ ციხეში საშინლად ეპყრობიან. ქამილის თქმით, ირანიდან წამოსვლა რომ არ მოესწრო, მასაც იგივე ბედი ელოდა.

რა თქმა უნდა, რომ არ გამოვქცეულიყავი, ახლა ციხეში ვიქნებოდი და სიკვდილით დასჯა არ ამცდებოდა. უბრალოდ ძალიან გამიმართლა“ - ამბობს ქამილი.

ის სტუდენტია. სწავლისგან თავისუფალ დროს ადამიანის უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან მუშაობს და არამარტო თავისი ოჯახის წევრების და მეგობრების გადარჩენაზე ზრუნავს, არამედ გლობალურად სიკვდილით დასჯის საწინააღმდეგო კამპანიებში იღებს მონაწილეობას.

„ძალიან ახლოს ვიყავით. კარგ დროს ვატარებდით ერთად. მათი სიკვდილით დასჯა ვერაფრით წარმომიდგენია. ძალიან მიჭირს ამის გაცნობიერება“ - აცხადებს ირანიდან დევნილი უმცირესობის წარმომადგენელი.

ლონდონში მოქმედი ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ მთელ მსოფლიოში სიკვდილით დასჯის ფაქტების მონიტორინგს აწარმოებს. ორგანიზაციის განცხადებით, გასულ წელს ვითარება არაბულ სამყაროში, კერძოდ ირანში და ახლო აღმოსავლეთში განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო. ჯენ ვეთზელი „საერთაშორისო ამნისტიის“ 2012 წლის ანგარიშის ავტორია.

დადასტურებული სიკვდილით დასჯის ფაქტების 75 პროცენტი მხოლოდ 3 ქვეყანაში აღირიცხება. ესენია: ირანი, ერაყი და საუდის არაბეთი. განსაკუთრებით ბევრია ერაყში და ირანში. ასობით განაჩენია სისრულეში მოყვანილი. და ეს ის, რაც ვიცით და დასტურდება. ყოველწლიურად ასობით ფაქტზეა საუბარი“ - აღნიშნავს ანგარიშის ავტორი.

ირანში სიკვდილით დასჯის განაჩენთა 70 პროცენტი ნარკოდანაშაულს უკავშირდება. ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში 2012 წელს სიკვდილით დასჯის 682 შემთხვევა ფიქსირდება. 2-ით მეტი, ვიდრე 2011 წელს. გამოყენებულ მეთოდებს შორისაა ინექცია, ჩამოხრჩობა, თავის მოკვეთა და დახვრეტა.

„საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ არაბული სამყაროს შემდეგ მთავარი შეშფოთების საგანი ჩინეთი და შეერთებული შტატებია. ამერიკის ორივე კონტინენტზე შეერთებული შტატები ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასჯელის ეს ფორმა ჯერ კიდევ გამოიყენება. 2012 წელს სიკვდილით დასჯის განაჩენის სისრულეში მოყვანის 43 ფაქტი აღირიცხა, ზუსტად იმდენივე, რაც წინა წელს. თუმცა, შეერთებულ შტატებში გარკვეული პროგრესიც შეინიშნება. გასულ წელს კონექტიკუტი გახდა მე-17 შტატი, რომელმაც სასჯელის უმაღლესი ფორმა გააუქმა.

რაც შეეხება ჩინეთს, იქ სიკვდლმისჯილთა რაოდენობა სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. „საერთაშორისო ამნისტიას“ აქვს საფუძველი განაცხადოს, რომ ჩინეთში ყოველწლიურად სიკვდილით ათასობით ადამიანი ისჯება. ჯენ ვეთზელის თქმით, ანგარიშმა აზიის და წყნარი ოკეანის რეგიონში სიკვდილით დასჯის ფაქტების განახლებაც წარმოაჩინა. საუბარია იაპონიაზე, ინდოეთსა და პაკისტანზე. ამასთან ერთად, ანგარიშის ავტორმა შექმნილი სიტუაციის პოზიტიურ მხარეებზეც ისაუბრა.

პოზიტიურ მხარეებს რაც შეეხება, აქ აუცილებლად უნდა დასახელდეს დასავლეთ აფრიკა, სადაც რამდენიმე ქვეყნის მთავრობა, მათ შორისაა ბენინი, განა და სიერა ლეონე, უმაღლესი სასჯელის გაუქმებისკენ აქტიურ ნაბიჯებს დგამენ. ისინი მუშაობენ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც საბოლოო გაუქმების მიზნით კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს“ - აღნიშნავს ჯენ ვეთზელი.

ამ განცხადების მიუხედავად, 2012 წელს სიკვდილით დასჯის ფაქტების რაოდენობამ დასავლეთ აფრიკაში მკვეთრად იმატა. განსაკუთრებით კი - სუდანში და გამბიაში. ანგარიშის სრული ტექსტი გამოქვეყნებულია ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ვებგვერდზე. პრეზენტაციის წინასიტყვაობაში ნათქვამია:

„სიკვდილით დასჯა ადამიანის უფლებათა უკიდურესი ფორმით დარღვევას წარმოადგენს. ეს არის სახელმწიფოს მიერ განხორციელებული წინასწარ დაგეგმილი, ცივსისხლიანი მკვლელობის აქტი. ეს სასტიკი, არაადამიანური, დეგრადირებული დასჯის ფორმა სამართლის სახელით ხორციელდება.

ის ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციაში განცხადებულ ფუნდამენტურ უფლებას -სიცოცხლის უფლებას- არღვევს.

„საერთაშორისო ამნისტია“ ნებისმიერ შემთხვევაში სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ გამოდის, გამონაკლისის გარეშე. იმის მიუხედავად, თუ რა სახის დანაშაულზეა საუბარი, ხასიათის რა თავისებურებები აქვს დამნაშავეს, ან რა მეთოდს იყენებს სახელმწიფო ტყვეობაში მყოფი ადამიანის მოსაკლავად“.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG