ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში, ექსპერტებმა საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები და საარჩევნო პორცესის მსვლელობა შეაფასეს. ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარმა ლუკ კოფიმ განაცხადა, რომ არჩევნები არის პროცესი და არა ერთი მოვლენა. ამიტომ, არჩევნებში მონაწილე ყველა მხარემ მის დემოკრატიულად ჩატარებაზე ყოველთვის უნდა იზრუნოს.

„იმის გამო, რომ ვერც ერთმა პარტიამ ხმების 51 პროცენტი ვერ მიიღო, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მეორე ტური ჩატარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა თითოეულმა მხარემ გააგრძელოს თავისუფალი და სამართლიანი პროცესის პატივისცემა და გააცნობიეროს, რომ ყველას აქვს მეორე ტურის სამართლიანად და თავსუფლად ჩატარების უფლება,“ აღნიშნა კოფიმ.

„ვისურვებდი, რომ გადავიდეთ მოწესრიგებულ, გამჭვირვალე და ჩვეულებრივი მმართველობის სისტემაზე, სადაც არჩეულ ადამიანებს სისტემატურად არ სჭირდებათ გვერდზე ყურება და ვიღაცა სხვისგან მითითებების მიღება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ლიდერები იყვნენ, გვერდზე გადგნენ.

მან დასძინა, რომ ჩვეულებრივ, ქვეყნის შიდა პოლიტიკის შეფასებას თავს არიდებს, მაგრამ ამ შემთხვევაში სურს „არჩევნები წარმატება“ აღნიშნოს. თუმცა მისივე თქმით, „პროცესი ჯერ არ დამთავრებულა და ჯერ ისევ არის იმის საშიშროება, რომ ადგილობრივ დონეზე არჩევნებს საფრთხე შეექმნას.“

კოფი ასევე ამბობს, რომ ის ფაქტი, რომ პარლამენტში ზოგიერთ პრო-დასავლური პარტია, მათ შორის „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ შევიდნენ, გულდასაწყვეტია, თუმცა მიაჩნია, რომ ამით ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე არ მიადგება.

„ეს სამწუხაროა, რადგან ისინი გამოკვეთილად პრო-დასავლური ძალებია. მაგრამ მთავრობაში ბევრი ადამიანია დასავლეთისკენ ორიენტირებული. ქვეყნის პრო-დასავლურობას მხოლოდ მთავრობა და პარლამენტი არ საზღვრავს. ეს მთლიანობაში - ქართველ ხალხს სურს - ინსტიტუტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბიზნეს წრეებს,“ აღნიშნა კოფიმ.

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი კოფის შეხედულებას ეთანხმება და აცხადებს, რომ საქართველო პრო-დასავლურ განვითარებას გააგრძელებს. „ვისურვებდი, რომ ეს ორი პარტია პარლამენტში შესულიყო, მაგრამ [მათი პარლამენტს გარეთ დარჩენის მიუხედავად] ქვეყნის ტრაექტორია, ვფიქრობ, უცვლელი დარჩება,“ თქვა ყოფილმა ელჩმა.

გარდა იმისა, რომ საქართველო დასავლეთისკენ სვლას გააგრძელებს, კოფის ასევე სჯერა, რომ ამ არჩევნების შემდეგ ქვეყანა ნატოსთან უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება. „ნატოს შიგნით არ არის თანხმობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია. ამ გამოწვევის გადასალახად, ჩემი აზრით, ერთ-ერთი კომპრომისი ის არის, რომ ყოველი სამიტის შემდეგ, ყოველ კომუნიკეში ალიანსი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროგრესი მომდევნო არჩევნებზე იქნება დამოკიდებული.“ კოფის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყანა რამდენიმე არჩევნებს ზედიზედ დემოკრატიული სტანდარტების დაცვით ჩაატარებს, „რა მომენტში კარგავს რელევანტურობას არჩევნების თემის სამიტის დეკლარაციაში შეტანა?“ მისი აზრით, მომდევნო სამიტზე ნატოს მოუწევს საქართველოსთან განსხვავებულ, უფრო ახლო ურთიერთობაზე გადავიდეს.

არჩევნების დადებითი შეფასების მიუხედავად კენეტ იალოცივი ამბობს, რომ ქვეყნის ორ უდიდეს პოლიტიკურ ძალას - „ქართულ ოცნებას“ და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ თითქმის იდენტური გამოწვევა აქვს გადასალახი. „საქართველოს ეფექტური პრემიერ-მინისტრი და კარგი პრეზიდენტი ჰყავს. ვისურვებდი, რომ დამთავრდეს მესიების პერიოდი. კარგი იქნება, რომ გადავაბიჯოთ პერიოდს, როცა ორივე მხარეს მყოფი „სიცოცხლეზე დიდი“ ადამიანების გავლენა ჯერ ისევ იგრძნობა,“ თქვა იალოვიცმა.

„ვისურვებდი, რომ გადავიდეთ მოწესრიგებულ, გამჭვირვალე და ჩვეულებრივი მმართველობის სისტემაზე, სადაც არჩეულ ადამიანებს სისტემატურად არ სჭირდებათ გვერდზე ყურება და ვიღაცა სხვისგან მითითებების მიღება. ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში ლიდერები იყვნენ, გვერდზე გადგნენ,“ განაცხადა იალოვიცმა.

მისი თქმთ, შეერთებულ შტატებში ყოველთვის ასე ხდება - „არჩევნებში წაგებული ადამიანები ჩამავალი მზის სხივების ფონზე უჩინარდებიან. ვისურვებდი ეს საქართველოშიც მოხდეს. ვისურვებდი, რომ ქართული ოცნების მთავრობამ საკუთარ თავზე აიღოს სრული პასუხისმგებლობა და განახორციერლოს საჭირო ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმები ქვეყნის დასაწინაურებლად,“ თქვა ყოფილმა ელჩმა.

ექსპერტები, რომლებსაც „ამერიკის ხმა“ ესაუბრა, ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების შედეგები ჯერ ბოლომდე ცნობილი არ არის, საბოლოო ჯამში, პროცესმა მშვიდობიანად ჩაიარა და ეს არჩევნები საქართველოში ჩატარებულ დემოკრატიული არჩევნების სიას დაემატება. თუმცა ისინი მეორე ტურისთვის პოლიტიკურ ძალებს დემოკრატიული პროცესების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

(By Ia Meurmishvili)

XS
SM
MD
LG