ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ დასავლეთისთვის და კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს მნიშვნელობა თანდათან იზრდება. საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საკვანძო მნიშვნელობის მოკავშირეა - ამბობს ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი, არიელ კოენი. მას “ჰაფინგტონპოსტში” გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით ვესაუბრეთ, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ რუსეთს და ირანს შორის კავშირების გაღრმავების ფონზე, საქართველო, როგორც სამხრეთ კავკასიის წამყვანი ყვეყანა, დასავლეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

„ახლახან პრეზიდენტების - პუტინის, ალიევის და როჰანის - შეხვედრის მოწმე გავხდით. რუსეთი აშკარად ცდილობს, რომ სამხრეთ კავკასიის და კასპიის რეგიონებს საკუთარი ბეჭედი კიდევ ერთხელ დაასვას... გვაქვს უზარმაზარი დესტაბილიზაცია თურქეთში... ეს ყოველივე სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს და მითუმეტეს საქართველოს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, რადგან საქართველო სამეზობლოში ყველაზე პროდასავლური, ყველაზე დემოკრატიული და ყველაზე რეფორმირებული სახელმწიფოა.

ამასთან, ეს არის ქვეყანა, რომელსაც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების გამოკვეთილი მიზანი აქვს, იმის მიუხედავად, თუ რა უნდა რუსეთს, ირანს და ზოგი იტყოდა, თურქეთსაც. ასე რომ, საქართველო ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია... ვაშინგტონში თითქმის 25 წელია ვიმყოფები და მაშფოთებს ის, რომ ახალი თაობის პოლიტიკოსებს, კონგრესის თანამშრომლებს, ახალგაზრდა დიპლომატებს და ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატსაც საქართველო და მისი მნიშვნელობა, შესაძლოა ბოლომდე კარგად არ ესმოდეთ - თქვა მან "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ჩვენ ატლანტიკური საბჭოს კიდევ ერთ უფროს მკვლევარს, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტს ჯორჯ ბენიტესს შევხვდით. მისი აზრით, ამერიკას და საქართველოს შორის ურთიერთობის განმტკიცება ორივე ქვეყნის ინტერესებშია. რაც უფრო სტაბილური და ძლიერი იქნება საქართველო, მით უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება მთელი კავკასიის რეგიონი:

„ამერიკამ უნდა გააგრძელოს იმ რეფორმების მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს; გაგრძელდეს თანამშრომლობა სამხედრო სფეროში, რათა არამარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა მოხდეს. რაც უფრო ძლიერი და სტაბილური იქნება საქართველო, მით უფრო ძლიერი და სტაბილური გახდება მთელი კავკასია და შავი ზღვის აღმოსავლეთი. ვფიქრობ, ორივე ქვეყანას დაეხმარება, თუკი ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ურთიერთთანამშრომლობას გააღრმავებს“.

არიელ კოენი თვლის, რომ ამერიკამ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა უნდა გააფართოვოს და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მისი მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს. მაგრამ რა გზებით შეუძლია ვაშინგტონს მოვლენებზე ზემოქმედება?

„ამერიკის შეერთებული შტატები ყველა პრობლემის და ბოლო 8 წლის წინაღობის მიუხედავად, ნატო-ს წამყვანი ქვეყანა, ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოა ევრო-ატლანტიკურ სფეროში და ვიტყოდი მთელ მსოფლიოშიც. იმას, თუ რას იტყვის, ან რას იზამს ამერიკა, დიდი წონა აქვს... შეერთებულ შტატებს რომ გარკვევით ჰქონდეს ჩამოყალიბებული, თუ როგორ მოხდება საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია, მითუმეტეს ვიზების ლიბერალიზაციის მნიშვნელოვანი ნაბიჯის ფონზე, ევროპელების დაყოლიება დიდი ალბათობით მოხდებოდა.

ერთ რამეს დავამატებდი: ევროპელები რუსეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკის გამო უკმაყოფილების გამოხატვის საბაბს ეძებენ, მათ შორის, უკრაინასთან დაკავშირებით. საქართველოსთან უფრო ახლოს მუშაობა ერთ-ერთი ასეთი სიგნალი იქნებოდა. ასევე უკრაინასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან, იქ გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით და ზოგადად, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პრიორიტეტად მიმაჩნია. ვნახოთ, რა მოხდება 2017 წლის 20 იანვრის შემდეგ“ - აღნიშნავს ატლანტიკური საბჭოს ანალიტიკოსი.

2017 წლის 20 იანვარი ის დღეა, როცა პრეზიდენტი ობამა თეთრ სახლს დატოვებს და მის ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი დაიკავებს. ობამას შემცვლელის ვინაობა კი სულ ორ თვეში გვეცოდინება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG