ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენ ჰოჯესი: საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია


Ukraine

Ukraine

"ამერიკის ხმამ" რამდენიმე კითხვით მიმართა თბილისში ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესს, რომელიც საქართველოი მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა.

ამერიკის ხმა: თქვენ საქართველოს ერთერთი ყველაზე დიდი მეგობარი ხართ. რა არის ამის მიზეზი? როგორ ფიქრობთ, აკეთებს თუ არა ის ყველაფერს ან არის თუ არა საქართველო მზად, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში, რომ ევროპულ ოჯახში მალე გაწევრიანდეს?

გენერალი ბენ ჰოჯესი: პირველ ყოვლისა, შეერთებული შტატები საქართველოს საუკეთესო მეგობარია. მე აქ შეერთებული შტატების ჯარს წარმოვადგენ. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია, რათა საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა საკუთარი შესაძლებლობები გააუმჯობესოს.

ჩვენ ერთობლივ წვრთნებს ვატარებთ და თავდაცვის გეგმებს ერთად განვიხილავთ. რა თქმა უნდა, უკვე წლებია, რაც ავღანეთში ერთმანეთის მხარდამხარ ვდგავართ. ეს ყველაფერი შეერთებული შტატების მიერ საქართველოსადმი მხარდაჭერის გამოხატულებაა.

მჯერა, რომ საქართველო სინამდვილეში უკვე ევროპის ნაწილია. ვფიქრობ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია. ის წვრთნებში მონაწილეობს და უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეიარაღებული ძალები ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვაში დასახმარებლად შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მზადყოფნა ჰქონდეს.

ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი კაცები და ქალები უკვე გყავთ სამხედრო ფორმაში, რომლებიც ქვეყნის დასაცავად მზად არიან. თავდაცვის კონცეფცია ის თემაა, რომელზეც ჩვენს ქართველ სამხედრო ძმებთან მუშაობას გავაგრძელებთ. როგორ სურს საქართველოს თავის დაცვა, რა არის ამის საუკეთესო გზა და არსებული შესაძლებლობები თავდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენოს.

ამერიკის ხმა: ფიქრობთ, თუ არა, რომ საკმარისი კეთდება საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გასანეიტრალებლად, უფრო ზუსტად, რუსეთის მზარდი ნარატივის გასაქარწყლებლად დასავლური ალიანსების და კონკრეტულად ნატოს წინააღმდეგ? ფიქრობთ, რომ საკმარისად ებრძვიან ამგვარად მომძლავრებულ დეზინფორმაციას საქართველოში? ასევე, რა როლი აქვს ნატოს ამ პროცესის გაძლიერების მიმართულებით?

გენერალი ბენ ჰოჯესი: რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი - საუკეთესო მომავლისთვის, საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლეთთან და დანარჩენ ევროპასთან კავშირების გაძლიერება და გააგრძელოს ჯერ უმწიფარი ინსტიტუტების ზრდა. საინფორმაციო კამპანიის საუკეთესო სახე ის არის, როცა მოსახლეობა ხედავს მთავრობის პროფესიონალიზმს, შეიარაღებული ძალების უნარს უსაფრთხოების დასაცავად, და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომელიც დასავლეთის ეკონომიკურ ინსტიტუტებთან არის კავშირში. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო საინფორმაციო კამპანიაა.

აქვე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ დასავლეთში, იქ, სადაც ყველანი პატივს ვცემთ პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას, იქ, სადაც მუდმივად ხალხის ნდობის შენარჩუნებას ვცდილობთ და ვზრუნავთ, რომ პარლამენტს ან კონგრესის ძალაუფლებას გარე, დამოუკიდებელი ინსტიტუტები ზღუდავდეს.

იმ სიტუაციაში, როცა ყველას აქვს ინფორმაციის მიწოდების, გაზიარების შესაძლებლობა და ეს ხშირად ფაქტების გადამოწმების გარეშე ხდება, უნდა დავფიქრდეთ და ვიზრუნოთ ამ კონკურენციის დაძლევაზე.

რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა: უპირველესია გამჭვირვალობა, და ფაქტების სიზუსტე. შესაბამისად, თავისუფალი მედიის არსებობა, მედიისა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მძლავრ აგრესიულ ნარატივს, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG