ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“მურმანის ეკალი“ კიევსა და თბილისს შორის


პრეზიდენტ მაგველაშვილის გარდა, ინაუგურაციაზე პეტრო პოროშენკომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც დაპატიჟა
პრეზიდენტ მაგველაშვილის გარდა, ინაუგურაციაზე პეტრო პოროშენკომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილიც დაპატიჟა

უკრაინის ახალი ხელისუფლების მრჩევლებს შორის, საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნების შესაძლო გამოჩენის გამო, პრემიერი ღარიბაშვილი გაღიზიანებას ვერ მალავს

უკრაინის ახალი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მრჩეველთა საბჭოში, შეიძლება, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი შევიდეს, მათ შორის ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - ასეთი ვერსიები უკვე მეორე კვირაა მუსირებს როგორც უკრაინულ და ისე ქართულ მედიაში. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია კიევში ოფიციალურად ჯერ არავის დაუდასტურებია, საქართველოს ხელისუფლება მაინც მწვავედ რეაგირებს მსგავს გეგმებზე.

უკრაინის ახალი ხელისუფლება არ მალავს, რომ აინტერესებს ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარება ბევრი მიმართულებით: მათ შორის, კორუფციის აღმოფხვა, ჯარის მოდერნიზება, იუსტიციის სახლები, ელექტრონული ტენდერები, ბიზნესის დაწყების გამარტივება.

გაიჟღერა რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის გვარმაც, რომლებიც შესაძლოა კიევს რჩევებით დაეხმარონ. მათ შორის: საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში გრიგოლ ქათამაძე, აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე და უმცირესობის დეპუტატი გიორგი ვაშაძე.

საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა კახა ბენდუქიძემ უკვე დაადასტურა, რომ რჩევებით უკრაინის ეკონომიკის განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტროს მართლაც ეხმარება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველია.

„ეს ხუთ კაციანი მრჩეველთა საბჭო, რომელსაც კანადის მთავრობა აფინანსებს, კიევში თვეში ერთხელ შეიკრიბება. აქ, ჩემთან ერთად არიან: ორი უკრაინული წარმოშობის მეცნიერი: გავრილიშინი და კალიმოვი კანადიდან, ასევე ორი ამერიკელი ეკონომისტი: ოსლუნდი და ასემუღლო.

ჩვენ ჩამოვაყალიბებთ, ამ ეტაპზე უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს და დავსახავთ მათი გადაწყვეტის გზებს. მიმაჩნია, რომ უკრაინის ეკონომიკა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - წინა წლებში აბსოლუტური უმოქმედობის გამო.

ამიტომ, ყველა ქართველს შემიძლია მოვუწოდო ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინისთვის და მხარი დავუჭიროთ მეგობარ ქვეყანას.“


პეტრო პოროშენკოს გაპრეზიდენტების შემდეგ, უკრაინის სწრაფ რეფორმირებას უმნიშვნელოვანეს ამოცანად მიიჩნევს საქართველოს ექსპრეზიდენტიც. იგი ბოლო დროს უკრაინაში საკმაოდ დიდ დროს ატარებს, ოფიციალურად მიწვეული იყო პოროშენკოს ინაუგურაციაზეც, თუმცა მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მთავარი ახლა უკრაინის დახმარებაა და არა კიევში ფორმალური თანამდებობის დაკავება.

„ძალიან ბევრი შემოთავაზება იყო ფორმალიზების ჩვენი ურთიერთობების. მე არ მჭირდება ამ ხალხთან შუამავალი, იმიტომ რომ პეტრო პოროშენკო კიევში ჩემთან ერთად სწავლობდა. 30 წელია ვიცნობ, ვმეგრობრობ და ეს ათწლეული ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა მასთან.

თუმცა, საბოლოო ჯამში ეს არ არის პირად მეგობრობაზე დაფუძნებული რაღაცა, ეს არის ის, რომ უკრაინის წარმატება ეს არის საქართველოს გადარჩენა, ეს არის რუსეთის დამარცხება.“


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ გაოცებულია უკრაინის ხელისუფლების მოქმედებით, რაც სააკაშვილის მრჩევლად მიწვევაში გამოიხატა. „კრიზისის დროს ასეთი ადამინების გვედით ყოლა თვითმკვლელობის ტოლფასია“ - აღნიშნა მაშინ ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმა ახლახანს კიდევ ერთხელ ურჩია უკრაინის ახალ პრეზიდენტს თავი შორს დაიჭიროს სააკაშვილისგან. იგივე პათოსის განცხადება გააკეთა სახელმწიფი მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმაც

ირაკლი ღარიბაშვილი: „ჩემი პირველი მეგობრული რჩევა, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტისადმი ეს იქნება ის რომ - სააკაშვილი არ გაიკაროს.“

პაატა ზაქარეიშვილი: „არ ვიცი იქნება თუ არა სააკაშვილი და ბენდუქიძე მათი მრჩევლები, თუ იქნებიან მალე მიხვდებიან რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი.“

უკრაინა ტრადიციულ მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად, საქართველოსთვის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. 2013 წელს უკრაინის წილი საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში - 7,5 პროცენტი იყო. წელს, აპრილის ჩათვლით ეს მაჩვენებელია 6 პროცენტია.

2009 წლიდან 2013 წლამდე ქართული ექსპორტი უკრაინაში 84 მილიონიდან 193 მილიონამდეა გაზრდილი (2014 წლის იანვარ-აპრილში 66 მილიონია -ზ.წ). უკრაინულმა იმპორტმა საქართველოში კი შარშან 602 მილიონ დოლარს გადააჭარბა. წელს კი, პირველი ოთხი თვის ჩათვლით, უკვე 160 მილიონი დოლარი შეადგინა.

ამ ციფრების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს მრჩეველთა გუნდში მაინც აღმოჩდნენ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები - აისახება თუ არა ეს განწყობები საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებზე?
XS
SM
MD
LG