ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალი ყირიმს მიბაძავს, სოხუმი უარზეა


"მადლობა დიდო რუსეთო!" - წარწერა ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე
"მადლობა დიდო რუსეთო!" - წარწერა ოკუპირებული ცხინვალის ერთ-ერთ ქუჩაზე

როგორ მოიქცევიან საქართველოს სეპარატისტულ ანკლავებში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და მიერთების პრეცედენტის შექმნის შემდეგ?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტომ ყირიმის რეფერენდუმი დაგმო და აღნიშნა, რომ მკაფიოდ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისი არ ცნობს რეფერენდუმს, რომელიც „შედგა რუსული შეიარაღებული ძალების მიერ წარმოებული ზეწოლის ფონზე. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობა წარმოადგენს, როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ შეთანხმებათა ფარგლებში, რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას.“

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „კონსოლიდირებული ძალისხმევით აიძულოს რუსეთის ფედერაცია დააბრუნოს საკუთარი შეიარაღებული ძალები საწყის პოზიციებზე, დაუყოვნებლივ მოახდინოს მდგომარეობის დეესკალაცია ყირიმსა და უკრაინის სხვა რეგიონებში“. საგარეო მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ კერძოდ ბრძანა

„ჩვენ რასაკვირველია არ ვაღიარებთ ამ რეფერენდუმს. მიგვაჩნია, რომ ეს არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. გარდა ამისა, ეს არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ჩვენ ისევე როგორც მთელი დემოკრატიული სამყარო - ევროკავშირი, ნატო, აშშ პროტესტს ვაცხადებთ იმის გამო, რაც ყირიმში მოხდა.

ის, რომ ჩვენი დამოკიდებულება ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის მიმართ არის ისეთი როგორიც არის. ეს გარკვეულწილად უნდა იყოს გაფრთხილება სხვებისთვისაც. ამ შემთხვევაში, თუ კი მოინდომებენ სხვა სახის რეფერენდუმის ჩატარებას."

კითხვაზე ელოდება თუ არა საქართველო ოკუპირებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში, უახლოეს მომავალში, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ „ყველაფერი შესაძლებელია და არაფერი გამორიცხული არ არის.“

ყირიმის შემდეგ, რუსეთში შესვლის სურვილი გამოთქვა უკვე დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რესპუბლიკა, ბოლო თვეების მანძილზე, ცხინვალშიც აქტიურად განიხილება ე.წ სამხეთ ოსეთის გაერთიანება რუსეთის ფედერაციის სუბიექტ ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკასთან და შემდეგ, „გაერთიანებული ოსეთის“ შესვლა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში.

ამ იდეას აქტიურად უჭერს მხარს, რუსეთის მმართველი პარტიის „ედინაია როსიას“ სატელიტი პარტია ცხინვალის რეგიონში „- ედინაია ოსეტია“, თუმცა სეპარატისტული ანკლავის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი თემაზე საუბარს ბოლო დრომდე ერიდება.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და მიერთების პრეცედენტის შექმნის შემდეგ, კიდევ ერთი რეფერენდუმი ცხინვალშიც გაიმართოს, მით უმეტეს რომ „ორი ოსეთის გაერთიანებას“ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.

სეპარატისტული ანკლავის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ ჩიბიროვი, რომელიც სამხრეთ ოსეთს 1996-2001 წლებში მართავდა, ამბობს, რომ ორივე ხელით მხარს უჭერს "ორი ოსეთის" გაერთიანებას და რუსეთის ფედერაციაში შესვლას.

„ეს ჩვენი ისტორიული ამოცანაა. ამაში მე მხედავ, მომავლისთვის, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენი უსაფრთხოების საფუძველს. ჩვენ რუსეთმა გადაგვარჩინა და ვალში ვართ რუსებთან.

რომ არა რუსეთი 2008 წელს, დღეს რუქაზე სამხრეთ ოსეთი არ იარსებებდა. ჩვენი საუკუნის ოცნებაა ვიყოთ რუსეთთან ერთად. რაც უფრო ადრე მოხდება ეს, მით უფრო დიდი სიხარული იქნება ოს მოსახლეობას შორის.“


პოლიტიკური პარტია „ედინაია ოსეტია“ სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის გამართვას 2014 წლის ივნისში, ცხივნალში "საპარლამენტო არჩევნების" პარალელურად ითხოვს. ოკუპირებულ ანკლავშიც აღიარებენ, რომ ეს თემა გააქტიურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას კრემლში საჭიროდ ჩათვლიან.

რაც შეეხება აფხაზეთს, აფხაზური პოლიტიკური ელიტა რუსეთთან შეერთების საკითხს ტრადიციულად დიდი სიფრთხილით ეკიდება“ „მე ვფიქრობ, რომ ეს ეხება სხვა შემთხვევებს და არა აფხაზეთს. ჩვენ გვაქვს კანონი რეფერენდუმის შესახებ, რომლის მიხედვითაც იკრძალება რეფერენდუმის ჩატარება რესპუბლიკის სუვერენიტეტის შეცვლის თაობაზე. ამიტომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას“ - განუცხადა რუსულ ტელევიზიას აფხაზთა საგარეო მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.
XS
SM
MD
LG