ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დავით დვალი: „ეს არის ნაძარცვის გადანაწილების გაგრძელება“


ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე ახალ პროცესებს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, რომლებსაც ტელეკომპანია 2004 წელს ჩამოართვეს, „ნაძარცვის გადანაწილების გაგრძელებად“ აფასებენ.

„ბოლო პერიოდში ამ პროცესმა განსხვავებული ელფერი შეიძინა. თუკი აქამდე საქმეს, ორი ძირითადი პოლუსი ჰქონდა, ერთი მხრივ, რუსთავი-2-ის დამფუძნებელი კანონიერი მფლობელებისა და მეორე მხრივ, მათი მძარცველი “ნაციონალური მოძრაობის” სახით, ახლა სცენაზე ახალი მოქმედი პირები გამოჩნდნენ“ - ნათქვამია დვალისა და აქიმიძის განცხადებაში.

„იმისათვის, რომ მოვლენების არსს ჩავწვდეთ, ჯერ უნდა გამოვკვეთოთ, რა სურს თითოეულ მხარეს რუსთავი-2-თან მიმართებით. ნაციონალური მოძრაობის ორივე ფრთის სურვილი მარტივი გასაგებია: ორივეს სურს შეინარჩუნოს ტელევიზია საკუთარი პარტიული მიზნებისთვის.

რა სურს მთავრობას? მთავრობას სურს შეძლებისდაგვარად მართვადი ოპოზიციური ტელევიზია. რა თქმა უნდა, “ოცნებას” ესმის, რომ ამ სიტუაციაში რუსთავი-2-ზე სრული კონტროლის დამყარება გაუჭირდება და ალბათ არც იქმნიან ამის ილუზიას. მაგრამ ეს არც არის საჭირო, ვინაიდან “ოცნების” და ნაცმოძრაობის ინტერესები ნაწილობრივ ემთხვევა. საქმის ძირითადი არსი ისაა, რომ არც ერთ მხარეს არ სურს დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზიის არსებობა!“ - ასე ფიქრობენ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

დავით დვალის თქმით, პროკურატურაში, 2012 წლიდან დევს მათი განცხადება, რომ გამოეძიათ, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებისთვის ჩამორთმევის ფაქტი. მისი აზრით, „სახელმწიფოს მხრიდან 5-წლიანი დუმილი იწვევს ბუნებრივ ეჭვს, რომ “ქართული ოცნების” მთავრობა დაინტერესებულია პროცესის მაქსიმალურად გაჭიანურებით ან სრულიად შეწყვეტით.“

„ჩვენ პროკურატურაში განცხადება 2012 წლის დეკემბერში შევიტანეთ. ძალიან ინტენსიურად წავიდა და საკმაოდ დიდი მასალა დაგროვდა. დაიკითხა ძალიან ბევრი ხალხი. შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ბოლო სტადიაშია, პრაქტიკულად, გამოძიებულია.

შემდეგ პროკურატურამ საქმე თაროზე შემოდო და დღემდე, ძიება გაჩერებულია. 5 წელი გადის უკვე. დღეს უკვე შემიძლია თქმა, რომ დაინტერესებულნი იყვნენ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეში სამონაწილეოდ, ჩვენ სამართლებრივი ბერკეტი არ გვქონოდა. ვიღაცამ ჩამოგვაგვეითა და ჩვენ პროცესის მონაწილის ნაცვლად, გვაქვს მაყურებლის სტატუსი.“

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ძმების ლევან და გიორგი ყარამანიშვილების ბოლოდროინდელ სურვილს, რომ „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცენ, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დემოკრატიულობის ფასადის შექმნის ცინიკურ და მოჩვენებით მცდელობად მიიჩნევენ.

„აშკარაა, რომ სამიდან, მინიმუმ, ორი მხარე, რომელშიც აუცილებლად იგულისხმება “ქართული ოცნება”, ერთმანეთს გაურიგდა ნაქურდალის კიდევ ერთხელ გადანაწილებაზე. ამ გარიგების ჩრდილოვანი ფინანსური მხარის მასშტაბები ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ რუსთავი-2-ის მოქმედი დირექტორის მიერ საჯაროდ გაჟღერებული, მისთვის შეთავაზებული 10 მილიონიდან გამომდინარე. ამ გარიგებაში ყველაზე ცინიკური მოჩვენებითი დემოკრატიულობის ფასადის შექმნის მცდელობაა.

მართლაცდა, ერთი შეხედვით, დემოკრატიულად გამოიყურება შეთავაზება, რომ წილები თანამშრომლებზე გადანაწილდეს. ამ სვლას, სავარაუდოდ, დაერთვება გარეშე მარეგულირებელი “მიუკერძოებელი” საბჭოს, ან ბორდის შექმნა, რაც შექმნის სრული დემოკრატიულობის ფასადს.

სინამდვილეში გასაგებია, რომ შეუძლებელია ნაქურდალის გადანაწილებით რაიმე დემოკრატიულის მიღება, ამ უკანონოდ ჩამორთმეული წილების მორიგი გადანაწილებით მივიღებთ შემდეგს.

ტელევიზიას გააკონტროლებენ მხოლოდ თამაშის წესების მიმართ ლოიალური ადამიანები. ასევე დაკომპლექტდება ბორდი ლოიალური ფსევდოოპოზიციური “ინტელექტუალებით”, ვინაიდან შეუძლებელია საღად მოაზროვნე პატიოსანმა ადამიანმა აიღოს ნაქურდალიდან წილი, ან მონაწილობა მიიღოს ნაქურდალი ტელევიზიისთვის დემოკრატიული ფასადის შექმნაში. ეს უკანასკნელი კიდევ უფრო დიდი მორალური დანაშაულია, ვიდრე თვით ქურდობის ფაქტი.“ - ვკითხულობთ დვალისა და აქიმიძის განცხადებაში, რომელიც ინტერნეტში 25 მარტს გაავრცელეს.

პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მეგობრები, ძმები ლევან და გიორგი ყარამანიშვილები „რუსთავი 2“ მეწილეებად 2012 წელს გამოჩდნენ. იმავე წელს, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დვალმა და აქიმიძემ პროკურატურას მიმართეს მათთვის ტელევიზიის წართმევის ფაქტი გამოეძია.

2015 წელს, „რუსთავი 2“ -ის ბრძოლა ბიზნესმენმა ქიბარ ხალავშმაც დაიწყო, რომელიც ტელევიზიას 2004-06 წლებში ფლობდა. მან საქალაქო, სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის 100%-ვე 2017 წლის 2 მარტს დაიბრუნა და განაცხადა, რომ 50%-ს დვალსა და აქიმიძეს გადასცემდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ მარტის დასაწყისშივე დროებით შეაჩერა.

2017 წლის 23 მარტს, ძმებმა ყარამანიშვილებმა, რომელთა წილები (91%) უზენაესმა სასამართლომ ხალვაშს მიაკუთნა და ამ დრომდე ყადაღა ადევს, „რუსთავი 2“-ის კოლექტივს მიმართეს, ტელევიზიის აქციების 40% გადაცემის სურვილით.

საპასუხოდ, კოლექტივმა „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტი მფლობელი კომპანიის შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51% მოითხოვა. წილების მიღების მიზნით, კოლექტივმა ღია თათბირზე 40 თანამშრომელი შეარჩია,

მათ მზადყოფნა გამოთქვეს დააფუძნონ ახალი შპს „რუსთავი 2-ის გუნდი“ და მისი მეშვეობით მართონ, „რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ 51%-ი, თუმცა, ამ შეთავაზებას, ძმებმა ყარამანიშვილებმა უკვე უარით უპასუხეს. მათ განაცხადეს, რომ შუამავალი ფირმა არ სჭირდებათ და დღეიდან, უშუალოდ კოლექტივთან, ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს.

ჯერჯერობით, ბოლომდე ნათელი არ არის როგორ დასრულდება „რუსთავი 2“-ში არსებული მრავალმხრივი დაპირისპირება ძმებ ყარამანიშვილებს, ნიკა გვარამიას და კოლექტივს შორის, რომელიც თავის მხრივ რამდენიმე ჯგუფად არის გაყოფილი.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ პროცესს „ნაძარცვის გადანაწილების გაგრძელება“, ხოლო ქიბარ ხალვაშის დაცვის მხარემ - „მასკარადი“ უწოდა.

რუსთავი 2-ის მფლობელთა ცვლილება (1994-2017)

  • 1994 - ეროსი კიწმარიშვილი 33,3%, დავით დვალი 33,3%, ჯარჯი აქიმიძე 33,3%
  • 2004 - ეროსი კიწმარიშვილი 30 %, დავით დვალი 30 %, ჯარჯი აქიმიძე 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
  • 2004 - პაატა კარსანიძე 60%, ეროსი კიწმარიშვილი 30 %, ნიკა ტაბატაძე 10 %
  • 2004 - ქიბარ ხალვაში 100 %
  • 2005 - ქიბარ ხალვაში 78 %, „ საქცემენტი“ (რობერტ ბეჟუაშვილი) 22 %
  • 2006 - ქიბარ ხალვაში 78 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 22 %
  • 2006 - „ჯეოტრანსი“ 78 %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %
  • 2006 - „დელგადო რესურსი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 55%, %, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
  • 2007 – „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კუნძულები) 55%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 23 %
  • 2008 - „ჯეომედია ჯგუფი“ (მარშალის კინძულები) 40%, „ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 22 %, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ 8 %, ირაკლი ჩიქოვანი 30 %
  • 2009 – „დექსონ ლიმიტედი“ (ბრიტანეთის ვირჯინია) 70%,„ჩემექსიმ ინტერნეიშენალი“ (მარშალის კუნძულები) 30 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 90 %, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, დავით კეზერაშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 - ლევან ყარამანიშვილი 50 %, გიორგი ყარამანიშვილი 40%, გოგი გეგეშიძე 10 %
  • 2012 – „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, გოგი გეგეშიძე 9 %
  • 2014 - „ტელეკომპანია საქართველო“ 51 %, ლევან ყარამანიშვილი 22 %, გიორგი ყარამანიშვილი 18 %, ნინო ნიჟარაძე 9 %
  • 2017 - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, 60% გადაეცა ისევ ქიბარ ხალვაშს და 40% შპს „პანორამას“, რომლის 100%-იანი მეპატრონე ასევე ქიბარ ხალვაშია. ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG