ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესის გუბერნატორი საქართველოს საარჩევნო კოდექსს არღვევს


ოდესის გუბერნატორის წინასაარჩევნო აგიტაცია ბათუმში

ოდესის გუბერნატორის წინასაარჩევნო აგიტაცია ბათუმში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად, უკრაინის მოქალაქე და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვების მეშვეობით, აქტიურად განაგრძობს წინასაარჩევო აგიტაციაში მონაწილეობას „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, საქართველოს საარჩევნო კოდექსს უხეშად არღვევს.

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში „ამერიკის ხმას“ აცნობეს, რომ ამ საკითხზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარს, კომისია ხვალ განიხილავს.

საქართველოს ამომრჩეველთან კომუნიკაცია უკრაინიდან ვიდეო მიმართვით, ოდესის გუბერნატორმა პირველად, 11 ივლისს გამოიყენა, როცა მარნეულელებს მიმართა. მას შემდეგ, უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი ანალოგიური ფორმით ესაუბრა: ახალქალაქს, ბათუმს, აჭარას, თბილისს, სამეგრელოს, ფოთს, კახეთს, იმერეთსა და გურიას.

22 აგვისტოს ყოფილი პრეზიდენტი ქართველ ამომრჩეველს უკვე ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ საკრამენტოდან შეეხმიანა და მოუწოდა მის ფეისბუქ გვერდზე, კრიტიკული შეხედულებები გამოთქვან, რათა, მისივე თქმით, „უკეთ გაიაზროს, თუ როგორ უნდა ვიმოძრაობთ, წინ, უკეთესი მომავლისკენ.“

გურულებისთვის განკუთვნილ მიმართვაში კი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ოქტომბრის შემდეგ ყველა ოჯახში მივა.

ოქტომბრის შემდეგ, აუცილებლად გნახავთ, აუცილებლად მოვალ ძალიან ბევრ ოჯახში და ჩვენ გავაგრძელებთ, დიალოგს, მუშაობას და ერთობლივ შრომას საქართველოს მომავლისთვის"

„თქვენთან ერთად სასწაულებს მოვახდენ, თქვენთან ერთად ყველაფერს შევცვლით, თქვენთან ერთად, შევქმნით, თქვენს და საქართველოს კეთილდღეობას. ოქტომბრის შემდეგ, აუცილებლად გნახავთ, აუცილებლად მოვალ ძალიან ბევრ ოჯახში და ჩვენ გავაგრძელებთ, დიალოგს, მუშაობას და ერთობლივ შრომას საქართველოს მომავლისთვის.“

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი ცალსახად ამბობს, რომ „წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ პირს, გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა და ორგანიზაციისა“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი 2015 წლის მაისში მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, რათა, უკრაინაში, ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე დანიშნულიყო.

2015 წლის დეკემბერში, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა N378 ბრძანებულებით, სააკაშვილს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა, ვინაიდან, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“, ორგანული კანონით, საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეც იყოს.

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები, როგორებიც არიან: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები ცალსახად აცხადებენ, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილმა ბოლო თვეებში გავრეცელებული ვიდეო მიმართვებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსი უკვე არაერთგზის დაარღვია და მის დაჯარიმებას მოითხოვენ.

კოდექსის მიხედვით, აგიტაციის წესის დარღვევა 2000 ლარით ისჯება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საჩივრით აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა და განხილვას ელოდება. კომისიაში „ამერიკის ხმას“ უთხრეს, რომ ექს-პრეზიდენტის მოქმედება ცალსახად სამართალდარღვევაა, თუმცა ამ დრომდე ფიქრობენ, როგორ უნდა მოხდეს უკრაინის მოქალაქის დაჯარიმება.

კრიტიკის საპასუხოდ, ოდესის გუბერნატორმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ იგი აიძულეს საქართველო დაეტოვებინა, „მოქალაქეობაც ჩამოართვეს“, მაგრამ, „ვერანაირი ჯარიმა ვერ შემაშინებს, რომ ვებრძოლო იმ დიდ უსამართლობას, რომელიც ახლა ჩვენს სამშობლოშია“. ანა დოლიძე, პრეზიდენტ მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანი ამბობს:

სააკაშვილი ტყუის როდესაც ამბობს, რომ საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ის დაკარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს რომ თავი შეიკავოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან."

„მიხეილ სააკაშვილი ტყუის როდესაც ამბობს, რომ საკუთარი ნებით არ დატოვა საქართველოს მოქალაქეობა. მან ძალიან კარგად იცოდა, როდესაც იღებდა უკრაინის მოქალაქეობას, ბუნებრივია, როგორც დადგენილია ჩვენი კანონმდებლობით, ის დაკარგავდა საქართელოს მოქალაქეობას.

მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს რომ თავი შეიკავოს საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისგან, მას საქართველოს პოლიტიკურ პროპცესებში მონაწილეობის ან ჩარევის უფლება კანონით აქვს აკრძალული.“

საქართველოში ოპოზიციის ლიდერის მოქალაქეობის საკითხი მწვავედ იდგა, წინა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც. მაშინ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ოთხი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე საჯარო განცხადება გააკეთა.

2012 წლის მაისში, ძლიერი საერთაშორისო ზეწოლის გამო, პრეზიდენტი სააკაშვილი იძულებული გახდა, დათმობაზე წასულიყო და საქართველოს კონსტიტუციაში ერთი-ერთი ყველაზე უცნაური ცვლილება შეიტანა, რომლითაც "საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში მუდმივად უცხოვრიათ, პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების ნება მისცა".

ეს დროებითი საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მაშინდელმა მმართველმა გუნდმა „სახის შენარჩუნების“ მიზნით შექმნა, 2014 წლის 1 იანვარს ავტომატურად გაუქმდა.

XS
SM
MD
LG