ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილის გამო საქართველოს კონსტიტუცია იცვლება


112 ხმით არცერთის წინააღმდეგ - ასეთი უალტერნატივო მხარდაჭერით გავიდა საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციაში შესატანი ალბათ, ყველაზე უცნაური ცვლილება, რაც კი 1995 წლიდან განხორციელებულა. ბოლო 17 წლის მანძილზე, საქართველოს კონსტიტუციაში სულ 29 ცვლილება შევიდა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც საქართველოში დაბადებულ ევროკავშირის მოქალაქეებს, რომლებსაც ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში მუდმივად უცხოვრიათ, პასიური და აქტიური საარჩევნო უფლების გამოყენების ნებას აძლევს.

ცვლილებით ასევე დაიწია პარლამენტში არჩევის მსურველთა ასაკობრივმა ცენზმა. თუ აქამდე, ცენზი 25 წლით იყო განსაზღვრული, ახლა პარლამენტის წევრობა უკვე 21 წლის ასაკიდან გახდება შესაძლებელი.

საპარლამენტო „უმრავლესობასა“ და „უმცირესობაში“ არ მალავენ, რომ უპრეცედენტო ცვლილება ერთ ადამიანზე, საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეულ ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული.

„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე ამბობს, რომ ეს უცნაური ცვლილება პრეზიდენტ სააკაშვილის „ვირზე შეჯდომამ“ გამოიწვია. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი სახე ნუგზარ წიკლაური კი ღიად აცხადებს, რომ მმართველი პარტია ამ ცვლილებით „ქართველ ხალხს აძლევს შანსს რუსეთის ბოლო დასაყდენს განაჩენი გამოუტანოს.“

ნუგზარ წიკლაური: „შექმნილი იყო არაორდინალური მდგომარეობა ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან დაკავშირებით. მას არ ჰქონდა მოქალაქეობა, მაგრამ არსებობს საზოგადოებრივი ინტერესი რომ ეს ადამიანი იყოს ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სწორედ ამ მიზნით ჩვენ მხარს ვუჭერთ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ამ ცვლილებებით, ჩვენ მივცემთ, ქართველ ამომრჩეველს, ქართველ ხალხს, შესაძლებლობას, რომ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს უშუალოდ გამოუტანოს განაჩენი.“

გიორგი თარგამაძე: „რომ არა ეს საკონსტიტუციო ცვლილება, ეს არჩევნები უბრალოდ ვერ ჩატარდებოდა, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი შეჯდა ვირზე და არ ჩამოდის იქედან.

არ ანიჭებს მოქალაქეობას, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალის ლიდერს, ამ შემთხვევაში - ივანიშვილს. შესაბამისად, ჩვენი სურვილი იყო, რომ პრეზიდენტის ეს დისტრექციული უფლება რამენაირად შეგვეზღუდა.“

ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის გადაწყვეტილება დღეს, ვაკის პარკში, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან შეხვედრისას გააკრიტიკა და აღნიშნა, ეს ყველაფერი კონსტიტუციის შეურაცჰყოფაა.

ამასთან, ივანიშვილის თქმით, იგი ვერ აკმაყოფილებს ათწლიანი ცხოვრების ცენზს და მმართველ პარტიას, სავარაუდოდ, მეორე მოსმენისას საკონსტიტუციო ცვლილებაში დამატებითი ცვლილების შეტანა მოუწევს

„სააკაშვილს ჰგონია, რომ ამ მაქინაციებით რასაც დღეს პარლამენტში აკეთებენ სახეს ინარჩუნებს. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველსაც კი, რომელიც მუდმივად ცხოვრობს საქართველოში, არ აქვს უფლება გახდეს ან პარლამენტის თავჯდომარე ან პრემიერ-მინისტრი. ასეთი შეზღუდვა არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ ახასიათებს.

ეს იყო სააკაშვილისეული დემოკრატია. ახლა ნახეთ როგორ ნახტომს აკეთებს - საქართველოს მოქალაქე, ეთნიკური ქართველი შეიძლება საერთოდ არ იყო, ნებისმიერ ევროპელს შეეძლება გახდეს საქართველოს პირველი პირი. ასეთი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს.

იმის ნაცვლად, რომ მას არ დაერღვია კანონი, როცა მოქალაქეობა ჩამომართვა, შემდეგ, მას საშუალება ჰქონდა აღედგინა კანონიერება, რომელიც დაარღვია, ვერც ერთი და ვერც მეორე ვერ გაბედა, ამის სანაცვლოდ კი ისევ შეურაცყოფას აყენებს კონსტიტუციას.“

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წლის 10 ივნისს მიანიჭა. 2011 წლის 11 ოქტომბერს კი ჩამოართვა, ზუსტად, ოთხი დღის შემდეგ, რაც ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთა.

სასამართლოს გზით, საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნება მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძემ შეძლო. 2011 წლის 26 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტ სააკაშვილის 602-ე ბრძანებულება ხვედელიძის ნაწილში უკანონოდ სცნო.

2012 წლის 5 იანვარს, ივანიშვილმა პირდაპირ მიმართა სააკაშვილს ნატურალიზაციის გზით მიენიჭებინა მისთვის მოქალაქეობა, რასაც 4 აპრილს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს კიდევ ერთი უარი მოჰყვა.

დღეის მდგომარეობით, საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილი ისევ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებისთვის ბრძოლას. უკვე შეტანილია ორი სარჩელი - სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. ივანიშვილის ადვოკატი შალვა თადუმაძე ამბობს

„შევიტანეთ სარჩელი იმასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცემული დასკვნა უკანონოა. იგი გამოსცა პირმა, რომელსაც პირდაპირი ინტერესი აქვს. ერთ შემთხვევაში ერთ სასამართლო პროცესზე დაობს, მეორე შემთხვევაში კი განიხილავს ამ პირის მოქალაქეობის საკითხს.

დაარღვია როგორც ვადები, ისე საკანონმდებლო მოთხოვნები და შესაბამისად აღნიშნული დასკვნა, მიგვაჩნია, რომ დაუსაბუთებელი, უკანონოა და უნდა გაუქმდეს. გარდა ამისა, პრეზიდენტს ჰქონდა ვალდებულება, მიუხედავად იმისა, იუსტიციის სამინისტროს დასკვნა როგორი იქნებოდა, კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო და ამ მიმართულებითაც, პრეზიდენტის წინააღმდეგ შევიტანეთ სარჩელი.“

მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტუტუციაში განხორცილებული ყველაზე უცნაური, რიგით 29-ე ცვლილება, მხოლოდ სამი წლის მანძილზე იმოქმედებს და ეს ნორმა 2014 წლის 1 იანვარს ავტომატურად გაუქმდება.

ამ ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოში იქნება უპრეცედენტო სიტუაცია, როცა უცხოეთის, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეებს, ერთის მხრივ, ეკრძალებათ საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, რათა მათ გავლენა არ მოახდინონ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე ან საგარეო კურსზე;

მეორეს მხრივ, კი ევროპელებს ასევე უფლება ექნებათ საყოველთაო არჩევნების გზით დაიკავონ საქართველოში მაღალი პოლიტიკური თანამდებობები, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობების ჩათვლით.

XS
SM
MD
LG