ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აბაშიძე და კარასინი ერთმანეთს ხვდებიან


საქართველო მზად არის რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის

საქართველო მზად არის რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, განაცხადა პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან დარეგულირების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ შვეიცარიაში გამგავრებამდე, სადაც რუსულ მხარესთან შეხვედრა დაიგეგმა:

”მზად ვართ რუსეთის ფედერაციასთან ვაწარმოოთ სოლიდური და კონსტრუქციული დიალოგი. ქართული მხარე არ აყენებს არანაირ წინაპირობას და ველით, რომ რუსეთის მხრიდანაც არ იქნება არანაირი წინაპირობები.”

რუსულ მხარეს შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი წარმოადგენს, რომელიც ამბობს:

”ჩვენ ამ შეხვედრისთვის პოზიტიურად ვემზადებით. მიგვაჩნია, რომ მთელ რიგ სფეროებში ურთიერთობის ნორმალიზების საშუალება გვაქვს, ამ შეხვედრას წინასწარი პირობების გარეშე გავმართავთ. ზურაბ აბაშიძე რუსეთში კარგად არის ცნობილი, მისი ხელახალი გაცნობა არ მოგვიწევს, ამიტომ ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, ჩემი აზრით ეს უნდა გამოგვივიდეს.”

ზურაბ აბაშიძის სპეციალურ წარმომდგენლად დანიშვნისას 1 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წარმომადგენლის უშუალო მოვალეობა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება იქნებოდა.

”იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში აღვადგენთ კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს. სოფლის მეურნეობის მინისტრიც გველოდება, რომ წარდგენის შემდგომ ზურაბ აბაშიძესთან ერთად იმუშაონ, როგორმე მოახერხონ წელსვე ჩვენი ციტრუსების გატანა რუსეთის ბაზარზე. ეს იქნება იდეალური ვარიანტი.”

ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე გატანა, რეგულარული ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება-ეს არის თემები, რომლებსაც მხარეები განიხილავენ. პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ მოლაპარაკების დროს რუსეთის ინტერესები გამოიკვეთება:

” ბუნებრივია, რუსეთს ექნება თავისი ინტერესები, რომელთაც ალბათ საჯაროდ არ გაამჟღავნებს, მაგრამ ისინი მოლაპარაკების დროს გამოიკვეთება. ინტერესები იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს დაუბრუნდეს კავკასიაში რუსეთის სამხედრო კორიდორის ფუნქცია. პირველი და უმთავრესი ალბათ ეს არის. ამას რა გზით უნდა მიაღწიოს, გამოკვეთავს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც ჩვენთვის ბუნებრივია ძალიან რთული იქნება.”

კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” დამფუძნებელი ლევან ჩოლოყაშვილი თვლის, რომ საქართველოსთვის ასეთი ტიპის მოლაპარაკებები სახიფათოა:

”საქართველოს ნაწილი ოკუპირებულია, უნდა მოხდეს მისი დეოკუპაცია, პირველ რიგში. არის საშიშროება, რომ ამ მხრივ შენარჩუნდება სტატუს-კვო, მოხდება რაღაც უცნაური დათბობა და საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთს ხელები გაეხსნება იმ თვალსაზრისით, რომ ”ჩვენ საქართველოს ოფიციოზთან გვაქვს მოლაპარაკებები, ჩვენ ვცდილობთ ქართული ბაზრის გახსნას” და ა.შ. რას მოიტანს ქართული ბაზრის გახსნა? ანუ, ამაზე აქცენტების გაკეთება მაშინ, როდესაც უფრო მტკივნეული საკითხები არსებობს, ვფიქრობ ძალიან სახიფათოა და არასწორი."

რამდენიმე დღის წინ NDI-იმ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგები ასეთია: საქართველოში რუსული საფრთხის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა..

მოლაპარაკებათა პროცესის დაწყებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი:

”კარგია, თუ ჩვენ მეზობელ სახელმწიფოსთან, ამ შემთხვევაში რუსეთთან ურთიერთობები დალაგდება. ეს ზოგადად საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის ძალიან კარგია, მაგრამ არა საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხები. ამ კონტექსტში ჩვენ ნებისმიერ წინგადადგმულ ნაბიჯს ურთიერთობების გაუმჯობესებაში მივესალმებით.”

სანამ ცხინვალში და სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოები იქნება, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ვერ ვისაუბრებთ, -ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი:

” ერთია მოცემულობა, რომ სანამ სოხუმში და ცხინვალში არის რუსეთის ფედერაციის საელჩოები, მანამდე დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებაზე ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობების გარდა ჩვენ ბუნებრივია ბევრი მიმართულებით უნდა შევქმნათ ქართულ-რუსული ინტერესთა თანხვედრის შესაბამისი ფორმატის სამუშაოები.”
XS
SM
MD
LG