ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დემოკრატიის დაკვეთა


ბიძინა ივანიშვილისადმი გაგზავნილი გავლენიანი ამერიკელი სენატორების წერილი "ფორინ პოლისიში" გამოქეყნდა.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:04 0:00
ბმული

მიიღებს თუ არა დაკვეთას დასავლელი პარტნიორებისგან ინკლუზიურ დემოკრატიაზე საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, რომელიც პერმანენტულად იმეორებს, რომ შერჩევითი სამართლის შემთხვევებს დღევანდელ რეალობაში ადგილი არ აქვს. ამერიკელი სენატორების წერილი, რომლის ადრესატი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილია „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნდა. „ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ დაკავებებით, გამოძიებებით, დაპატიმრებებით და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკური დევნის შესახებ გავრცელებული ხმებით. დღეს ჩვენ ვწერთ მზარდი შეშფოთებით იმის ალბათობაზე, რომ ეს ქმედებები შესაძლოა იყოს პოლიტიკურად მოტივირებული და არჩევნების შემდგომ პერიოდში ქულების დასაწერად მიმართული. ჩვენ მოგიწოდებთ, რომ თქვენმა ადმინისტრაციამ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რათა თავიდან იქნას არიდებული აღქმაც კი იმისა, რომ ყოფილი ხელისულების წევრების მიმართ შერჩევითი სამართალი ხორციელდება,“– ნათქვამია წერილში, რომელსაც სენატორები ჯონ მაქკეინი, ლინდსი გრეჰემი, ჯო ლიბერმანი, ჯინ შაჰინი და ჯეიმს რაში აწერენ ხელს. წერილში მოყვანილია სტატისტიკაც და ნათქვამია, რომ არჩევნების შემდგომ ყოფილ ხელისუფლებასთან დაკავშირებული 23 ოფიციალური პირის მიმართაა დაწყებული სამართლებრივი დევნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 12 დეკემბერს კომენტარი გააკეთა „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებულ წერილზე და აღნიშნა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი არ ხორციელდება.

„ჩვენ არ ვაკავებთ, არ ვდევნით ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით. შესაბამისად, არ მივმართავთ შერჩევით სამართალს. მიმაჩნია, რომ საზოგადოებას მეტი ინფორმირება სჭირდება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. შესაძლოა ადამიანებს გარკვეული კითხვები გაუჩნდეთ, უცხოეთში, ასევე საქართველოში. ჩვენ მზად ვართ მივაწოდოთ მათ ნებისმიერი განმარტება და დარწმუნებული ვარ, მოეხსნებათ ეს გაურკვევლობა“, – ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.

საქართველოში აშშ–ს სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე თომას მელია იმყოფება, რომელიც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და გენერალურ პროკურორს, არჩილ კბილაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც ბრიფინგი ამერიკის საელჩოში გამართა. თეა წულუკიანმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკელი სენატორების მხრიდან გაკეთებული მოწოდება ძალიან კარგია და დასძინა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში დევნას პოლიტიკური ნიშნით ადგილი არ ჰქონია. „ძალიან კარგი მოწოდებაა, რადგან საქართველოში 25 ოქრომბრის შემდეგ არც ერთი დაკავება არ ყოფილა პოლიტიკური ნიშნით, შესაბამისად, პრობლემაც არ არსებობს“, –განაცხადა წულუკიანმა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მისვლაზე და დაკითხვაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა დღეს პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან დავით საყვარელიძემ, რომელიც არჩევნებამდე გენერალური პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. აღნიშნული სტრუქტურიდან უწყება მან ქუთაისში, პარლამენტში ყოფნისას მიიღო. ფინანსთა სამინისტროს მისი დაკითხვა 2006 წელს რიყის მიმდებარე ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით უწევს. არსებული კანონმდებლობით დეპუტატის მანდატი საყვარელიძეს დაკითხვაზე გამოცხადებისგან იმუნიტეტს ანიჭებს. გენერალური პროკურორი კბილაშვილი ამბობს, რომ საყვარელიძის მისვლა სავალდებულოა და აპირებენ შესაბამისი საგანგებო მიმართვა პარლამენტს გაუგზავნონ.

„ყველა ისეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ მივეცით პასუხისგებაში პირი, რომელიც ამა თუ იმ დოზით საზოგადოების ყურადღების ქვეშ იყო მოქცეული, დაუყოვნებლიც გავასაჯაროვეთ ყველა ის მტკიცებულება, რაც მის დაკავებას დაედო საფუძვლად. როდესაც ჩვენ ვისმენთ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ ესა თუ ის პირი დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით, ამავდროულად, მე არ გამიგია კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მტკცებულებები, რაც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, არ იყო საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ მან ჩაიდინა დანაშაული. რაც შეეხება საყვარელიძის დაბარებას, აქ უბრალოდ, წესია, მას კანონი ავალებს, მივიდეს და მისცეს ჩვენება. თუ ის არ მივა, დაარღვევს კანონს. ჩვეულებრივ შემთხვევაში, კანონი ადგენს, რომ მოწმე შეიძლება მიყვანილი იქნას იძულებით, პარლამენტის წევრთან დაკავშირებით ეს წესი არ მოქმედებს, ამ შემთხვევაში შესაძლოა მიემართოს პარლამენტს შესაბამისი ნებართვის გაცემის თაობაზე“.


თავის მხრივ, საყვარელიძე დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს და ამბობს:

„ჩემი არგუმენტი გამოუცხადებლობის არის ის, რომ დღეს კომიტეტის სხდომაა, რომელზეც დასწრება გაცილებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე ხადურის დაბარებულ უწყებაში გაუგებარი მიზეზებით სიარული. თუ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესი, მე მზად ვარ ნებისმიერ კითხვას საჯაროდ, ღიად გავცე პასუხი. ბიძინა ივანიშვილმა თავიდანვე იცოდა რიყის პროცესთან დაკავშირებული მოვლენები. ის თავიდანვე სენსიტიურად იყო რიყის მიმართ განწყობილი, ვინაიდან ალბათ მისი შუშის სახლიდან გარკვეულწილად არ მოწონდა ის ესთეტიური მხარე, რაც მანამდე იყო. ამიტომ, „საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით“,– ასე პროკურატურის განცხადებაში იყო აღნიშნული, მნიშვნელოვნად მიმაჩნია ბიძინა ივანიშვილის დაკითხვა ამ საქმესთან დაკავშირებით“,– აცხადებს დავით საყვარელიძე.

ამერიკელი სენატორების წერილში, როგორც არგუმენტი იმისა, რომ საქართველოში შერჩევითი სამართალი ხორციელდება, მოყვანილი იყო ციტატა საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის სიტყვებიდან იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები „კრიმინალები და დამნაშავეები“ არიან. ამერიკელი სენატორები ამ სიტყვებს განიხილავენ, როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას და მიიჩნევენ, კრიმინალი და დამნაშავე ვინაა, ეს სასამართლომ და მართლმსაჯულებამ უნდა თქვას.
XS
SM
MD
LG