ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ივანიშვილმა რასმუსენის კრიტიკას უპასუხა


საქართველოს ახალი პრემიერი ნატოს გენერალური მდივანს პირველად შეხვდა
საქართველოს ახალი პრემიერი ნატოს გენერალური მდივანს პირველად შეხვდა

საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ საზღვარგარეთულ ტურნეში, დღეს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდა. ამ შეხვედრას ყველა დიდი ინტერესით ელოდა, როგორც საქართველოში, ისე ბრიუსელში.

ორი დღის წინ, 12 ნოემბერს, ნატოს საპარლამენტო ანსამბლეაზე ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ანდერს ფოგ რასმუსენმა გააკრიტიკა საქართველოს ახალი მთავრობა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალიას და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უკვე ყოფილი უფროსის გიორგი კალანდაძის დაპატიმრების გამო და ამას "პოლიტიკური ოპონენტების დაკავება" უწოდა.რასმუსენმა ასევე შეშფოთება გამოხატა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური შემოწმების გამო.

დღეს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ხელმეორე განმარტება გააკეთა, თუ კონკრეტულად რამ გამოიწვია ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შეშფოთება:

„რა თქმა უნდა მე წამოვაყენე ეს საკითხები საქართველოს პრემიერთან და გავაცანი ჩემი პოზიცია. მე ვარ შეშფოთებული თუ კი ეს საქმეები არის აღქმული როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

ეს ზიანს მიაყენებდა ქვეყნის და ხელისუფლების იმიჯს იმ შემთხვევაშიც თუ კი ეს არ არის მართალი. ეს არის ჩემი შეშფოთების მიზეზი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ რომ ასეთი სასამართლო პროცესები წარიმართება კანონის უზენაესობის ძირითადი პრინციპების დაცვით. და უნდა დავრწმუნდეთ პროცესის სრულ გამჭირვალობაში.

სწორედ ეს ვთქვი. პრემიერმა ივანიშვილმა დამარწმუნა რომ ასე მოხდება. ამაზე დაყრდნობით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ მიმდინარე სასამართლო პროცესში ჩარევას, დარწმუნებულნი ვართ რომ სასამართლო პროცესები პოლიტიკური ჩარევის გარეშე ჩატარდება და დაეფუძნება კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს.“

ნატო-საქართველოს ურთიერთობებში გაურკვევლობა ბრიუსელში ივანიშვილის ოფიციალურ ვიზიტამდე წარმოიშვა. ბაჩო ახალიას დაპატიმრების შემდეგ, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის გიორგი კალანდაძისა და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაურის ზურაბ შამათავას დაკავების გამო, თბილისში დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა არ ჩატარდა და გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მოგვიანებით, კალანდაძე და შამათავა გირაოთი გაათავისუფლეს, თუმცა სასამართლომ მათ უფლებამოსილება შეუჩერა. საერთაშორისო კრიტიკის მიუხედავად, ახალაიას, კალანდაძისა და შამათავას ბრალი კიდე უფრო დამძიმდა. მათ სამხედო პირების მიმართ ძალადობა ბრალდებათ.

ივანიშვილის ახალი მთავრობა საერთაშორისო კრიტიკას ნატოს საპარლამენტო ანსამბლეისა და გენერალური მდივნის შეცდომაში შეყვანით ხსნის. ივანიშვილი ამ ბრალდებას პრეზიდენტ საააშვილისა და ოპოზიციაში გადასული ნაციონალურ მოძრაობის ლობისტების საქმიანობას უკავშირებს.

პრემიერის თქმით, "ასევე არსებობს ეჭვები ქართული დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენლის მიმართ, რომლებიც ყოფილი მმართველი პარტიის გავლენის ქვეშ რჩებიან და რომელთა როტაცია ჯერ არ დაწყებულა". ბიძინა ივანიშვილმა ანდერს ფოგ რასმუსენსთან შეხვედრის შემდეგ კერძოდ ბრძანა:

„შეშფოთებას რომელსაც გამოთქვამს ნატოს გენერალური მდივანი, რომ ეს საქმეები არ უნდა იყოს პოლიტიკური, აქ ჩვენი პოზიციები იდენტურია. ამ ფაქტების გამო ჩვენი მწუხარებაც იდენტურია. ჩვენც ძალიან ვწუხვართ რომ ახალი ხელისუფლება იძულებული გახდა მსგავსი დაპატიმრებები განეხორციელებინა.

ჩვენ ვარწმუნებთ საზოგადოებას და გენერალურ მდივანს რომ ეს არ იყო პოლიტიკური დევნა. იმაშიც ვეთანხმები, რომ თუ ამ ფაქტებს პოლიტიკური დევნის შეფასება მიეცემა ეს არ იქნება კარგი და ეს დააზარალებს საქართველოს სახელმწიფოს.

ის რომ ძველი ხელისუფლება ძალიან ცდილობს ამ ფაქტებს პოლიტიკური დევნის ნიშანი მისცეს, ეს მხოლოდ მათი პრობლემაა და ეს მცდელობა ასე იოლი დასამტკიცებელი არ იქნება. რამდენადაც დანაშაული კანონის მიხედვით დამტკიცდება, პროცესი იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები.

არ იქნება შერჩევითი სამართალი საქართველოში! მაგრამ სამართლიანობა იქნება! ვინც დააშავა, ვისაც აქვს კანონდარღვევა ის აუცილებლად დაისჯება.“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბელგიაში 12 ნოემბერს დაიწყო. დელეგაციაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

ბრიუსელში ივანიშვილი შეხვდა ევროკომისარს ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის, ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის უმაღლეს კომისარს ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკს და ნატოში აშშ-ს მუდმივ წარმომადგენელს ივო დაალდერისს.

ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს პრემიერ ივანიშვილამდე 2 დღით ადრე, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა, რომელიც პრაღაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე ჩაფრინდა.

პრაღიდან სააკაშვილმაც ბრიუსელში გადაინაცვლა. სააკაშვილმა შეხვედრები გამართა ვან რომპუისთან, შულცთან, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ლიდერ ჰანეს სვობოდასთან და სახალხო პარტიის წარმომადგენელ ჯოზეფ დულთან.

XS
SM
MD
LG