ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართული დელეგაცია ბრიუსელში


ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი და ჰერმან ვან რომპეი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს პრემიერ მინისტრი და ჰერმან ვან რომპეი, ევროსაბჭოს პრეზიდენტი

მაია ფანჯიკიძე: „არჩევნები იყო ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიის გზაზე გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობამ შეუწყო ხელი"

ბრუსელში ვიზიტის მეორე დღეს,13 ნოემბერს, საქართველოს პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცს შეხვდა.

„ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვიზიტი და გამართული შეხვედრები," - აღნიშნა „ამერიკის ხმასთან" საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში - ბატონმა ალექსი პეტრიაშვილმა. მინისტრის თქმით, შეხვედრებზე გამოიკვეთა ის კონკრეტული პრიორიტეტები, რომლებიც საქართველოს მთავრობას უახლოესი მომავლისთვის აქვს დასახული.

ევროპელი პარტნიორებისა და ევროკავშირის ლიდერების მხრიდან კი დაფიქსირდა სრული მზაობა, რათა უფრო ინტენსიურად მოხდეს თანამშრომლობის განვითარება ასოცირების შესახებ შეთანხმებისა თუ თავისუფალი ვაჭრობის სფეროებში. გაძლიერდება მუშაობა, რათა უახლოეს მომავალში სერიოზული პროგრესი განიცადოს ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულმა დიალოგმა.

„ბიძინა ივანიშვილმა ძალიან პრინციპულად დააფიქსირა, რომ საქართველოს არჩევანი არის ევროპა და ევროატლანტიკური ინტეგარცია და ეს პროცესი არის შეუქცევადი."

ალექსი პეტრიაშვილის თქმით, ყველა შეხვედრაზე იყო დაფიქსურებული, რომ საქართველო ძალზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას ისეთ საკითხებში, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სუვერენიტეტი.

შეხვედრებზე პრემიერის მხრიდან აღნიშნული იყო, რომ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ევროკავშირმა კიდევ უფრო გააძლიეროს ურთიერთობები რუსეთთან, რათა შესაძლებელი გახდეს რუსეთის მხრიდან უკვე 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება. ამასთანავე, რუსეთმა უნდა აიღოს ვალდებულება ცეცხლის განუახლებლობის შესახებ.

სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ყველა შეხვედრაზე ევროპელი პარტნიორების მხრიდან დიდი თანადგომა და მხარდაჭერა დაფიქსირდა.

შეხვედრების მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე ისაუბრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ. ინტერვიუში იგი, ასევე, შეეხო ჩატარებული არჩევნების მნიშვნელობას ევროკავშირის მხრიდან ჩვენს შეფასებაში.

„რასაკვირველია, ეს არის დემოკრატიის გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯი, ოღონდ ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს ნათქვამი, რომ ეს არის ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიის გზაზე გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც ხელი შეუწყო საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერამ."

მინისტრის თქმით, ზემოთაღნიშნული ფაქტორები რომ არა, წინა მთავრობას, სავარაუდოდ, არ ექნებოდა დიდი სურვილი არჩევნები ისე ჩატარებულიყო, როგორც ეს რეალურად მოხდა. მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ხალხის განსაკუთრებულმა აქტიურობამ და საერთაშორისო თანამეგობრობის მონიტორინგმა ხელი შეუწყო იმას, რომ მოხერხდა არჩევნების დემოკრატიულად და მშვიდობიანი გზით ჩატარება.

მინისტრის განმარტებით, მთავარი საყვედური, რაც საქართველოს მიმართ ისმოდა დემოკრატიის ნაკლებობა იყო. მისი თქმით, დემოკრატიული არჩევნების სახით წინ გადადგმული ნაბიჯი აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს ქვეყნის პარტნიორებთან და ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირიც და „ნატო"-ც არა მხოლოდ სამხედრო თუ ეკონომიკური, არამედ ფასეულობების ალიანსიცაა, სწორედ ამ ფასეულობების გამტკიცების მიმართულებით გადადგმულმა პოზიტიურმა ნაბიჯმა უნდა მიგვაღწევინოს იმ ეტაპს, რომელიც ჩვენ შემდგომ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.

ვიზიტის ბოლო დღეს, 14 ნოემბერს, ბიძინა ივანიშვილი „ნატო"-ს გენერალურ მდივანს, ანდერს ფოგ რასმუსენს ხვდება. იქამდე კი, პრემიერ მინისტრი ქართულ დიასპორას შეხვდება.
XS
SM
MD
LG