ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯორჯიის შტატმა ტრამპს ბრალი რეკეტის მუხლით წაუყენა


შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშაბათს ახალი ბრალი წაუყენეს. ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგია დაეყრდნო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ არსებულ კანონს, რომელიც გამოყენებითაც ყოფილ პრეზიდენტს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეტრიალების მცდელობაში წაუყენეს ბრალი.

ფულტონის ოლქის პროკურორმა ფანი უილისმა ორშაბათს გვიან გამოაცხადა ტრამპის საბრალდებო დასკვნა, რომელშიც მასთან ერთად 18 თანამზრახველი ფიგურირებს.

ვრცელ 98-გვერდიან საბრალდებო დასკვნაში ჩამოთვლილია 19 ბრალდებული და 41 სისხლის სამართლის საქმე. თითოეულ ბრალდებულს პროკურატურა რეკეტის ჩადენაში ადანაშაულებს, როგორც ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს. ეს ბრალდება 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულებს შორის იყვნენ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსი მარკ მიდოუსი და ადვოკატები რუდი ჯულიანი, ჯენა ელისი და ჯონ ისტმანი.

„იმის ნაცვლად, რომ დამორჩილებოდნენ ჯორჯიის კანონიერ პროცესს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად, ბრალდებულები ჩაერთნენ კრიმინალურ, გამოძალვით საქმიანობაში იმისთვის, რომ შეეტრიალებინათ ჯორჯიაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი“, - თქვა უილისმა პრესკონფერენციაზე.

ტრამპს და დანარჩენ ბრალდებულებს ვადა 25 აგვისტოს, დღის 12 საათამდე აქვთ იმისთვის, რომ სასამართლოს ნებაყოფლობით ჩაბარდნენ და მათი დაპატიმრების სანქცია არ გაიცეს. უილისმა განაცხადა, რომ 19-ვე ბრალდებულის ერთად გასამართლებას აპირებს.

„ჩვენ მოუთმენლად ველით ამ საბრალდებო დასკვნის დეტალურად განხილვას, რომელიც უდავოდ ისეთივე ხარვეზიანი და არაკონსტიტუციურია, როგორც ეს მთელი პროცესი “, - განაცხადეს ტრამპის ადვოკატებმა დრიუ ფინდლინგმა, ჯენიფერ ლიტლმა და მარისა გოლდბერგმა.

ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ბრალდებას "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა და უილისი მისი საპრეზიდენტო კანდიდატურის საბოტაჟში დაადანაშაულა.

ჯორჯიის შტატის ბრალდება მეოთხე ბრალდებაა ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის წინააღმდეგ. მანამდე, ტრამპს ბრალდებები ნიუ-იორკში, მაიამისა და ქალაქ ვაშინგტონში წაუყენეს. ნიუ-იორკის პროკურორი მას ბიზნესის დოკუმანტაციის გაყალბებას და დუმილის სანაცვლოდ პორნო ვარსკვლავისთვის ფულის გადახდას ედავება. მაიამიში ტრამპის საქმე შპიონაჟის ბრალდებით მიმდინარეობს საიდუმლო დოკუმენტების საკუთარ სახლში უკანონოდ შენახვის გამო. დედაქალქ ვაშინგტონში კი ფედერალურმა პროკურორმა მას ბრალი 6 იანვრის ამბოხის წაქეზებაში დასდო.

XS
SM
MD
LG