ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს ბრალი უმძიმდება - პროკურორებმა საქმეში სამი პუნქტი დაამატეს


დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი

ხუთშაბათს, ფედერალურმა პროკურორებმა გამოაცხადეს, რომ ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმართული საქმე გააფართოვეს და მისი ფლორიდის სახლის მომსახურე პერსონალის მეორე წევრს, ბრალი დოკუმენტების დამალვაში დახმარებისთვის წაუყენეს. პროკურორებმა თქვეს, რომ ტრამპმა პერსონალს უბრძანა სათვალთვალო ვიდეოჩანაწერები წაეშალათ იმ დროს, როდესაც საიდუმლო დოკუმენტების შენახვის გამო, ის გამოძიების ეპიცენტრში იყო.

საგანგებო პროკურორმა ჯეკ სმითმა ტრამპის წინააღმდეგ სამი ახალი კრიმინალური პუნქტი დაამატა და ბრალდებების რიცხვი 40 გახდა. ჯეკ სმითმა კარლოს დე ოლივეირას, ტრამპის მარალაგოს სახლის ტექნიკური მომსახურების თანამშრომელს, ბრალი მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შეთქმულებაში მონაწილეობისთვის წაუყენა.

56 წლის დე ოლივეირამ მარალაგოს სხვა თანამშრომელს უთხრა, რომ „ბოსს“ ფლორიდის მამულში დაყენებული უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების წაშლა სურდა მას შემდეგ, რაც იუსტიციის დეპარტამენტმა მათი სავალდებულო წესით წარმოდგენა მოითხოვა.

პროკურორებმა დე ოლივეირას ბრალი ასევე, ნებაყოფლობითი გამოკითხვის დროს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებისთვის ტყუილის თქმაშიც დასდეს. ბრალდების მიხედვით, მან იცრუა, რომ მარალაგოში საიდუმლო დოკუმენტების შემცველი ყუთების გადაადგილებაში მონაწილეობა არ მიუღია.

ტრამპის საარჩევნო კამპანიის შტაბმა განაცხადა: „ეს სხვა არაფერია, გარდა იმ სასოწარკვეთილი და წარუმატებელი მცდელობების გაგრძელებისა, რასაც ბაიდენის დანაშაულებრივი ოჯახი და მათი იუსტიციის დეპარტამენტი მიმართავს, რათა პრეზიდენტი ტრამპი და მისი გარემოცვა შეაწუხოს“.

ტრამპი ამერიკის პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელიც კრიმინალური ბრალდების წინაშე იმყოფება და წელს ბრალი უკვე ორჯერ წაუყენეს. ერთხელ ნიუ-იორკში, პორნო მსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ უკანონოდ გადახდილი ფულის გამო და ერთხელ - თეთრი სახლიდან გატანილი საიდუმლო დოკუმენტების თაობაზე.

ბრალდებებმა პარტიული რეიტინგების მხრივ, ვერ მიაყენა ზიანი ტრამპის საარჩევნო პოზიციას. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რესპუბლიკური პარტიიდან სანომინაციო რბოლაში ის კვლავ ლიდერობას ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG