ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Great Recession: „საქართველომ 7 000 000 000-დან 7 500 000 000 დოლარამდე დაკარგა“


დიდი რეცესია 2008-2013
დიდი რეცესია 2008-2013

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მეხუთე წლისთავზე საქართველოს ეკონომიკის დანაკარგს „ამერიკის ხმისთვის“ წამყვანი ეკონომისტები აფასებენ

ზუსტად ხუთი წლის წინ, 2008 წლის სექტემბერში, ამერიკული საინვესტიციო ბანკის „ლემან ბრაზერსის“ (Lehman Brothers) გაკოტრებას მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყება მოჰყვა. მილიონობით ინვესტორმა კაპიტალი დაკარგა, უბრალო მოქალაქეებმა - სამუშაო, ზოგიერთმა სახელმწიფომ კი საკუთარი კრედიტუნარიანობა.

გასული საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ, ყველაზე დიდი ფინანსური კოლაფსის შედეგები, დღემდე მკვეთრად იგრძნობა. კვლავაც რეცესიაა ევროზონაში, განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა: კვიპროსის, საბერძნეთის, ესპანეთის და იტალიის ეკონომიკაში.

დალასის ფედერალური სარეზერვო ბანკის ანალიტიკოსების კვლევის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკამ ფინანსური კრახის შედეგად 14 ტრილიონი დოლარი დაკარგა.

როგორ აისახა მსოფლიო ფინანსური კრიზისი საქართველოს ეკონომიკაზე? რა ოდენობის ზარალი განიცადა სახელმწიფო და კერძო სექტორმა? ამ კითხვით „ამერიკის ხმამ“ ეკონომისტ გია მაისაშვილს მიმართა:

„უახლოეს ისტორიაში საქართველოს ეკონომიკის „ოქროს ხანა“ იყო 2007 წელი. ეიფორიულ განწყობაზე ძალიან დიდი უცხოური კაპიტალი შემოვიდა - 2 მილიარდი ღირებულების.

შემდეგ როცა მოხდა ამ „ბუშტის“ გახეთქვა, მომიწია ამერიკაში ყოფნა სამწელიწადნახევარი. მე და ჩემმა თანაკურსელმა, რომელიც დიდ ამერიკულ საინვესტიციო ბანკ Merrill lynch-​ში მუშაობს (ეს საბროკერო გიგანტი სწორედ კრიზისის დროს შეიერთა Bank of America - ზ.წ) გავაკეთეთ, პატარა სპეკულაციური გათვლა საქართველოსთან მიმართებაში.

ჩვენი გამოთვლით, იმ ტენდენციების ანალიზით, რაც 2008 წლამდე ხდებოდა საქართველოში, 2008 წლიდან 2013 წლის გაზაფხულის ჩათვლით, საქართველომ, დაახლოებით, 7-დან 7,5 მილიარდი დოლარის გამოუყენებელი შესაძლებლობები ვერ მიიღო. ანუ, შესაძლებელი იყო საქართველოში ამ რაოდენობის ინვესტიცია შემოსულიყო და ეს ინვესტივია არ განხორციელდა.“

2007 წელს, საქართველოს ეკონომიკის „ოქროს ხანაში“ პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ, პირველად და ჯერჯერობით, ერთადერთხელ ქვეყნის ისტორიაში, 2 000 000 000 ამერიკულ დოლარს გადააჭარბა.

2008 წლის პირველ ორ კვარტალში კი, სანამ აგვისტოს ომი დაიწყებოდა, ქვეყანაში უკვე 1 143 000 000 დოლარის ინვესტიცია იყო ჩადებული. ანუ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროპორციამ ერთ სულ მოსახლეზე - 360 დოლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2003 წელს ეს მაჩვენებელი - 23 დოლარი იყო.

2007 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 12,3 პროცენტი შეადგინა. ამ ეიფორულ განწყობაზე, 2008 წლის იანვარში, ვლადიმერ გურგენიძის ახალი კაბინეტის დამტკიცების შემდეგ, მთავრობის პროგრამაში პირდაპირ იწერება რომ „მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალად 8% გაიზდება.“

მსოფლიო ფინანსური კრიზისის დაწყების შემდეგ, საქართველომ კიდევ ორი მთავრობა გამოიცვალა. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2008 წელს 2,3 პროცენტამდე დავარდა, 2009 წელს კი მინუს 3,8 პროცენტი შეადგინა. უმუშევრობა 13,3 პროცენტიდან (2007) 17 პროცენტამდე გაიზარდა (2009).

უკვე, 2009 წლის თებერვალში, ნიკა გილაურის ახალი მთავრობის პროგრამაში ჩნდება ჩანაწერი - „მსოფლიო ფინანსური კრიზისისგან დაცვის სტრატეგიასთან დაკავშირებით“. სამ ეტაპიანი გეგმა 2 200 000 000 ლარის ოდენობის, ეკონომიკის სტიმულირების პაკეტს მოიცავდა.

რამდენად გაამართლა ბოლო ხუთი წლის მანძილზე საქართველოს მთავრობის სტრატეგიამ. „ამერიკის ხმამ“ შეფასება „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს სთხოვა

„სამწუხაროდ, საქართველომ განსხავებული პასუხი ვერ შესთავაზა ამ გამოწვევას. წავიდა ტრაფარეტული გზით - გააფართოვა სახელმწიფოს ჩარევა, აიღო ბევრი ვალები და მოახდინა რიგი დარგების სუბსიდირება. რაც იყო ტრაფარეტული მიდგომა - ე.წ სახელმწიფოს მიერ ბიზნესის წახალისების ფორმატში.

შედეგად, კრიზისიდან გამოსვლა გაიწელა, როგორც ძალიან ბევრ ქვეყანაში. უმუშევრობაც მაღალია და პოლიტიკური ცვლილებებიც დადგა. ეკონომიკური რეფორმების ტემპები შეფერხდა. ამას ჩვენდა საუბედუროდ დაემთხვა, 2008 წლის რუსული ოკუპაცია, რის შედეგადაც საქართველომ უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული დარტყმა მიიღო.

გარდა ამისა, საქართველომ მიიღო სერიოზული ფინანსური დახმარება მსოფლიოსგან, რამაც თვითონ მთავრობის მოტივაცია გაეგრძელებინა რეფორმები შეამცირა. მათ ჰქოდათ მუქთი შემოსავალი და შესაბამისად არ ჰქონდათ სწრაფი და ხარისხიანი რეფორმების მოტივაცია.

შეეშინდათ, რომ ამით ისინი დაკარგავდნენ ამომრჩეველს. შედეგი იყო ის, რომ ასეთმა პოლიტიკამ შეამცირა ინვესტიციების ნაკადი, არ მისცა საქართველოს თავისი პოტენციალის გამოჟრავნების საშუალება, არ შექმნა კერძო სექტორში საკმარისი რაოდენობის სამუშაო ადგილები და შესაბამისად, უკვე ამან გამოიწვია პოლიტიკური განწყობილებების შეცვლა, რაც არჩევნებზე აისახა.“

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მეხუთე წლისთავზე საქართველოს ეკონომიკაში ისევ კრიზისის სერიოზული ნიშნებია. 2013 წლის პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ მხოლოდ - 2,4% შეადგინა, მეორე ნახევარში კი ეს მაჩვენებელი 1,7%-მდე შემცირდა.

ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ეკონომიკური გუნდის პროგნოზით, წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკა 3,5 ან 4 პროცენტით უნდა გაიზარდოს. თუმცა, შემცირებული პირდაპირი ინვესტიციების ფონზე, სამთავრობო პროგნოზს, ეკონომისტთა ნაწილი ეჭვის თვალით უყურებს.

XS
SM
MD
LG