ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაში დაიხარჯა ევრობონდებით მოზიდული 500 მილიონი დოლარი?


2021 წელს საქართველოს ბიუჯეტს 855 მილიონი დოლარის საგარეო ვალის გადახდა მოუწევს - ასეთი შედეგით დაასრულა საქართველოს მთავრობამ, 2008 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ევრობონდებით აღებული - 500 მილიონი დოლარის გადავადების ოპერაცია.

წლიურ 7,5 პროცენტში აღებული მთლიანი ვალის მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს 2013 წელს უწევდა. ყოველწლიურად კი ბიუჯეტი პროცენტს - 37,5 მილიონ დოლარს იხდიდა. 8 აპრილს პარლამენტმა, ზედმეტი აურზაურის გარეშე შეიტანა ცვლილებები კანონში “სახელმწიფო ვალის შესახებ” და მთავრობას სახელმწიფო ვალის სრული მოცულობის გაზრდის უფლება მისცა.

უკვე 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ ევრობონდებით ვაჭრობის შედეგად - კიდევ ერთი 500 მილიონი მოიზიდა, ამჯერად 10 წლის ვადით და წლიური 7,1 პროცენტით. პრეზიდენტმა სააკაშვილმა და პრემიერმა გილაურმა ახალი ვალით ძველის გადაფარვა პირდაპირი ეთერით მთელ საქართველოს მიულოცეს:

მართლაც მოსალოცად არის საქმე იმიტომ, რომ ძალიან დიდი ნდობაა საერთაშორისო ინვესტორების. თან იმ ფონზე, როცა საბერძნეთი ჩამოიშალა, პორტუგალიაში ესეთი პრობლემებია, ირლანდია, ისლანდია.

ესეთ ქვეყნებს აღარ ენდობა უმეტესობა ინვესტორების და უცებ, საქართველომ მოახერხა ყველაზე უფრო წარმატებულა ვალის გადავადება და საკრედიტო რესურსის გაგრძელება, აი ასეთ ძალიან რთულ პირობებში. ძალიან კარგი ნამუშევარია უნდა ითქვას, 2021 წელს ეს არაფერი დიდი თანხა არ იქნება საქართველოს განვითარებიდან გამომდინარე.“

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ევრობონდების განთავსების იდეა, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ლადო გურგენიძეს ეკუთნოდა. ბანკირი გურგენიძე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2007 წელს, ნოემბრის პოლიტიკური კრიზისის დროს „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეობიდან პრემიერობამდე დააწინაურა.

2008 წლის აპრილში, მაშინ როცა, საქართველოს პროფიციტიანი ბიუჯეტი ჰქონდა, გურგენიძის მთავრობამ ევრობონდებით 500 მილიონი დოლარი მოიზიდა.

გურგენიძე ნახევარი მილიარდით, ჯერ გაზსაცავის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობას ფიქრობდა, ცოტა მოგვიანებით ჰესების აშენებას. საბოლოოდ გაირკვა, რომ მთავრობამ ეს 500 მილიონი რუსეთთან ომის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმართა. მმართველი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ზურაბ მელიქიშვილი ამბობს:

„2008 წლის დასაწყისში, როდესაც იქნა გამოშვებული ევროობლიგაციები ის მიმართული იყო მომავალი თაობების და სტაბილური განვითარების ფონდებში. ეს ფული უნდა მოხმარებოდა მთელ რიგ მსხვილ პროექტებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შეუწყობდა ხელს.

თუმცა, შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოში განხორციელდა რუსული აგრესია. ეს ფული ჩვენ გვქონდა ანგარიშზე და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ცოტა უხერხული იქნებოდა ამ ფულისთვის ხელი გვეხლო. იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რაც გამოიწვია რუსულმა აგრესიამ, ჩვენ ერთის მხრივ, დონორებთან და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან გვქონდა მოლაპარაკება თანხების მოსაზიდათ და ამ დროს, როგორ უნდა გვეთქვა რომ არა!

ეს 500 მილიონი დოლარი უნდა იყოს ხელშეუხებელი?! ბუნებრივია ეს გამორიცხული იყო, ამიტომ ეს თანხა მიმართული იყო ბიუჯეტისკენ, იმ გამოწვევების და პრობლემების დასაფინანსებლად, რომელიც იმ მომენტისთვის ჰქონდა სახელმწიფოს.“

პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერი გურგენიძე, ომამდე ბწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით, ხოლო ომის შემდეგ წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა. ორივე შემთხვევაში მიზეზად ქვეყნისთვის განსაკუთრებით რთულ პერიოდში მთავრობის წარმატებული მეთაურობა დასახელდა.

კერძოდ - 2008 წლის სექტემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 750 მილიონის დოლარის, ხოლო ოქტომბერში - 4.5 მილიარდი დოლარის დახმარების მოზიდვა.

ამხელა მოცულობის საერთაშორისო დახმარების ფონზე, ეკონომიკურ ექსპერტთა უმრავლესობას განსაკუთრებით საეჭვოდ მიაჩნია ევროობლიგაციებიდან მოზიდული ნახევარი მილიარდი დოლარის დევნილთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად მიმართვა. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა ამბობს

„ყველა შემთხვევაში, დღემდე გაურკვეველია, 2008 წელს მთავრობამ რისთვის გამოუშვა ევროობლიგაციები?! რისთვის აკიდა ქვეყანას ნახევარ მილიარდიანი ტვირთი?! 2008 წლის აპრილიდან აგვისტომდე ანუ ომამდე პერიოდი, ყველაზე მეტ კითხვას იწვევს, არავინ არ ვიცით, ამ დროს ეს ნახევარი მილიარდი სად არის?!

დღეს მთავრობა იძახის, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს თანხა გამოყენებული იქნა ომის შედეგების ლიკვიდაციისთვის და რა გამოდის, რომ 2008 წლის აპრილში აღებული ევროობლიგაციებით, მთავრობა ელოდებოდა ომის შედეგების ლიკვიდაციას? მანამდე ამ ფულს შეგნებულად არ ხარჯავდა?

ანუ ომს გეგმავდა?! ამ განცხადებით, მთავრობა საკმაოდ ცუდ ქვეტექსტს აღიარებს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია პარლამენტმა მოითხოვოს ამ საკითხის დეტალური შესწავლა.“

საქართველოს სახელმწიფო ვალმა უკვე მთლიანი შიდა პროდუქტის 47 პროცენტი შეადგინა, საგარეო ვალი კი შიდა პროდუქტის - 38 პროცენტია და უკვე გადააჭარბა 7 მილიარდ ლარს.

2011 წელს ვალის მომსახურებაზე ბიუჯეტიდან 332 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამ ვალდებულებების შესასრულებლად მთავრობას, ან ისევ გადასახადების აწევა მოუწევს, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ეკონომიკური ზრდის ისედაც მცირე ტემპს ანაც, კიდევ ახალი საგარეო ვალის აღება.

ექსპერტთა აზრით, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ეს ვალდებულებები საქართველოს სახელწიფოსთვის განსაკუთრებით სარისკოდ გამოიყურება.

XS
SM
MD
LG