ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს საგარეო ვალი განუხრელად იზრდება


საქართველოს საგარეო ვალმა ივნისის მდგომარეობით 6 მილიარდ 154 მილიონი ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი კრედიტორები მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი და აზიის განვითარების ბანკი არიან. მსოფლიო ბანკის ვალი ორ მილიარდ 80 მილიონ ლარს მიუახლოვდა, სავალუტო ფონდის - მილიარდ 687 მილიონია, აზიის განვითარების ბანკის ვალი 313 მილიონ ლარს აღწევს.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს საგარეო ვალი გაორმაგდა, თუმცა ეროვნულ ბანკში შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ამბობს:

„ყველაზე პესიმისტური სცენარებითაც, შემდეგი ათი წლის განმავლობაში, რაზეც არის გათვლები გაკეთებული, საქართველოსათვის საგარეო ვალი არ წარმოადგენს პრობლემას.“

ეკონომიკური პრობლემების კვლევების ცენტრის ანალიზის თანახმად, უახლოესი ოთხი წლის მანძილზე, საგარეო ვალის მომსახურება საქართველოს ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება. წელს საგარეო ვალის მომსახურებაზე 166 მილიონი დოლარი მიიმართება, 2011 წელს 191 მილიონი, 2012 წელს უკვე 325 მილიონი დოლარი, უმძიმესი იქნება 2013 წელი, როცა ერთბაშად 816 მილიონი დოლარი იქნება გადასახდელი.

სიტუაციას ართულებს ისიც, რომ მთავრობას უცხოურ ვალუტებში აღებული კრედიტების დაფარვა, ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების ფონზე მოუწევს. ეკონომიკური კვლევების ცენტრის ექსპერტი შოთა მურღულია ამბობს:

„2013 წელს ჩვენ გვიწევს, ერთ-ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი ვალის დაბრუნება, ე.წ ევრობონდები, ანუ ქართული სახელმწიფოს მიერ გაყიდული ფასიანი ქაღალდები ევროპულ ბირჟაზე. ჩვენ ვისესხეთ 500 მილიონი დოლარი ხუთი წლით, რომლის დაბრუნებაც გვიწევს 2013 წელს.

ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან არასწორი ნაბიჯი მთავრობის მხრიდან. იმ პერიოდში, როცა ჩვენ ეს ვალი ავიღეთ, გვეუბნებოდნენ, რომ გვქონდა ბიუჯეტის პროფიციტი, არათუ დეფიციტი. თუ პროფიციტი გვქონდა, რატო ავიღეთ ვალი?! თან ვალი ავიღეთ, საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე საკმაოდ მაღალი 7,5 პროცენტით, რაც აუნდა ამტკიცონ მთავრობაში, ეს ნამდვილად არ არის დაბალი პროცენტი.

ჩვენ 500 მილიონ დოლარს ერთიანად ვერ გავისტუმრებთ, დღევანდელი კურსით 500 მილიონი დოლარი 900 მილიონი ლარია, ეს თანხა კი 2013 წელს საქართველოს ბიუჯეტის მინიმუმ 12 პროცენტი იქნება. ამხელა თანხის ვალებზე მიმართვის ფუფუნება ჩვენ არ გვექნება, ეს გამორიცხულია, ანუ ჩვენ მოგვიწევს, ახალი ვალის აღება და ამ ძველი გადაფარვა.“

2010 წლის ბოლოსთვის, საგარეო ვალი რვა მილიარდ 809 მილიონ ლარს მიაღწევს - ასეთ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე. პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურ პატრნიორს მიაჩნია, რომ აუცილებელია ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის რამდენიმე ასეული მილიონით შემცირება და კრედიტების აღებაზე უარის თქმა. გავლენიანი რუსული გაზეთის „კომერსანტისთვის“ ახლახანს მიცემულ ინტერვიუში კახა ბენდუქიძე კერძოდ ამბობს:

„ მე წინააღმდეგი ვარ, რომ ვალები ავიღოთ. არის ვალების ორი სახე, ერთის გასტუმრება მოგვიწევს ჩვენვე, ახლავე და სწრაფად; სხვა ვალები ჩვენი შვილების და შვილიშვილების გადასახდელი იქნება. იქ ზოგან 1,5 წლიური პროცენტია, ზოგან 0,75, ამიტომ, 50 წლის შემდეგ, ეს მიზერული თანხა იქნება. თუმცა გავიმეორებ, მთლიანობაში,

კრედიტების აღების წინააღმდეგი ვარ. შეიძლება კრედიტები ზოგჯერ გამოგადგეთ, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. მაგალითად, 2008 წელს, ჩვენ ვისესხეთ ნახევარი მილიარდი დოლარი, შემდეგ იყო ომი და ეს ფული გამოგვადგა. ომმა დაარღვია გადასახადების აკრეფის სისტემა, და ჩვენ ფაქტიურად გამოვიყენეთ ეს ფული, რომ ქვეყანა გადაგვერჩინა.

ეკონომიური ადამიანი ვარ, აუცილებელია ხარჯების შემცირება რამდენიმე ასეული მილიონი დოლარით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი გვეუბნება, ან გაზარდეთ გადასახადები ან შეამცირეთ ხარჯები. ფონდს ბალანსირებული ბიუჯეტი უნდა, ევროკავშირიც იგივეს გვეუბნება, დააბალანსეთ ბიუჯეტი , თორემ, მიიღებთ იგივე სიტუაციას რაც საბერძნეთშია.“

ჯერ კიდევ შარშან პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეკონომიკურ თავისუფლების აქტის ფარგლებში შესთავაზა საზოგადოებას, რომ საგარეო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს.

ეკონომიკურ ექსპერტთა ნაწილი კი გამოსავალს ახალი კანონის მიღებაში ხედავს, რომელიც მთავრობას ვალის აღების პროცესს გაურთულებს. ამ იდეის თანახმად, კანონში გაწერილი იქნება თუ რა რაოდენობის ვალის აღება შეიძლება ერთ თვეში, ერთ წელიწადში, ერთი მთავრობისა და პარლამენტის პირობებში. ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ამბობს:

„ მთავრობა არის ხალხის მიერ არჩეული, შესაბამისად, მისი საქმიანობა უნდა ეფუძნებოდეს იმ თანხებს, იმ რესურსებს, რომელიც ამ ხალხისგან მოდის. თუ კი მთავრობა მიიღებს რესურსებს უცხოეთიდან დონორებისგან ან სხვა ფინანსური ინსტიტუტების ხარჯზე, მაშინ ის არ იქნება მაინც და მაინც დამოკიდებული ამომრჩეველზე და შესაბამისად, იქნება სერიოზული დაპირისპირება ამომრჩეველსა და მთავრობას შორის. ეს პრობლემის ერთი ნაწილი.

მეორე ნაწილი ის, არის რომ როდესაც მთავრობა იღებს ვალებს ახლა, ის გადასახდელია რამოდენიმე წლის შემდეგ. და როგორც წესი, ეს მთავრობები, რომლებიც ამ ვალებს იღებენ, არ არიან ის მთავრობები, რომელიც ამ ვალს ისტუმრებენ. შესაბამისად, ყველა მიმდინარე მთავრობა დიდი სიამოვნებით იღებს ვალებს, იმ იმედით, რომ როდესმე ვიღაც გადაიხდის. ეს ორი სერიოზული პრობლემაა.

კარგი იქნებოდა, მინიმუმ შეგვეზღუდა (კანონით) მთავრობა ვალის აღების პროცესში, ცნობილი ყოფილიყო მექანიზმები, რა პროცენტით რა ვადებში შეიძლება მთავრობამ ვალი აიღოს, თუმცა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, რომ უბლაროდ ვალის აღების საშუალება მთავრობას არ ჰქონდეს.“

დღეისათვის, გავლენიანი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს „ფითჩის“ შეფასებით, საქართველოს სტაბილური ქვეყნის „ბ“ პლუს რეიტინგი აქვს, თუმცა ფითჩის ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს საგარეო ვალი ბ კატეგორიის საკრედიტო რეიტინგის მქონე ქვეყნების ნორმას, სამჯერ აჭარბებს. თუ ვალის აღების ასეთი ტემპი მომავალშიც გაგრძელდა, საკრედიტო რეიტინგი ისევ ნეგატიური გახდება, ხელისუფლებას კი გადასახადების მკვეთრად აწევა მოუწევს, რაც ისევ და ისევ ეკონომიკას დააზარალებს.

ბოლო ორი წლის, ეკონომიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ საქართველოს მთავრობამ არსებული რესურსების სწორი მობილიზება და გადანაწილება ვერ მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მოცულობის ვალის აღება საჭირო არ გახდებოდა.

XS
SM
MD
LG