ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რიგითიდან გენერლობამდე: ჩაჩიბაიამ „მდინარეში მეორედ შეცურა“


ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჯეიმს ამოსი და გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია

ამერიკის საზღვაო ქვეითთა კორპუსის მეთაური, გენერალი ჯეიმს ამოსი და გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია

საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლიან ისტორიაში მესამე შემთხვევაა, როცა გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას იკავებს სამხედრო პირი, რომელსაც ამ პოსტზე მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს.

პირველად ასეთი ფაქტი, გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში მოხდა. გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი გენშტაბის უფროსად თბილისის ძმათამკვლელი ომის შემდეგ დაინიშნა. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის დროს, კვლავ დაუბრუნდა ამ თანამდებობას.

მეორე შემთხვევა, გენერალ ვახტანგ კაპანაძეს უკავშირდება. იგი, 2004 წელს, ცხინვალის რეგიონში, წვერიახოსა და თლიაყანასთან განცდილი მარცხის შემდეგ გახდა გენშტაბის უფროსი. თუმცა, თავდაცვის მაშინდელ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან კონფლიქტის გამო თანამდებობა 6 თვეში დატოვა. 2013 წლის ნოემბერში კი, 3 წლის ვადით, ისევ ჩაუდგა სათავეში შეიარაღებულ ძალებს.

გენერალმა ჩაჩიბაიამ გენერალი კაპანაძე შეცვალა

გენერალმა ჩაჩიბაიამ გენერალი კაპანაძე შეცვალა

გენშტაბის ახალმა უფროსმა ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, რომელიც მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა, სწორედ გენერალ-მაიორი კაპანაძე შეცვალა. ჩაჩიბაია პირველად ამ თანამდებობაზე, 8 წლის წინ, ჯერ კიდევ ვიცე-პოლკოვნიკის რანგით დაინიშნა.

გენშტაბის ახალ უფროსს არ დაუმალავს, რომ დანიშვნის მოლოდინი ჰქონდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მიიღო:

ვფიქრობთ, თავდაცვის ახალი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებას, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ, გამოწვევებს და საფრთხეებს და ამავე დროს, მაქსიმალურად მივუახლოვოთ, ჩვენი სტანდარტები NATO-ს თავსებადობას“

„იყო გარკვეული მოლოდინი, თუმცა, საბოლოო, ჯამში, ჩემი დანიშვნა, მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილია. ვფიქრობთ, თავდაცვის ახალი სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტის შემუშავებას, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ, გამოწვევებს და საფრთხეებს და ამავე დროს, მაქსიმალურად მივუახლოვოთ, ჩვენი სტანდარტები NATO-ს თავსებადობას“.

ბრიგადის გენერალი ჩაჩიბაია, რომელსაც 4 ნოემბერს 45 წელი შეუსრულდა, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, მისი დაარსების დღიდან, 1991 წლიდან მსახურობს. მან გაიარა ყველა საფეხური - რიგითიდან გენერლობამდე. საქართველოს სამხედრო აკადემიის გარდა, სამხედრო განათლება მიღებული აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში.

25 წლის მანძილზე, უმსახურია როგორც საჰაერო ძალებში, ისე დაზვერვასა და სწრაფი რეაგირების ძალებში. იყო პირველი ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური და ქართული სამშვიდობო კონტიგენტის მეთაური ერაყში.

2005 წელი: ვიცე პოლკოვნიკი ჩაჩიბაია

2005 წელი: ვიცე პოლკოვნიკი ჩაჩიბაია

გენშტაბში მისი მოღვაწეობა 2006 წელს, J-3 ოპერატიული დაგეგვმის დეპარტამენტის უფროსად დაიწყო. ასევე, ეკავა სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსის, გეშტაბის უფროსის მოადგილისა და გენშტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობები.

2008 წლის ნოემბერში, მაშინდელმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენშტაბის უფროსი, გენერალი ზაზა გოგავა, რომელიც შეიარაღებულ ძალებს რუსეთთან ომის დროს ხელმძღვანელობდა, სწორედ პოლკოვნიკ ჩაჩიბაიათი შეცვალა.

2008 წლის ნოემბერი: სააკაშვილი ჩაჩიბაიას გენშტაბის უფროსად წარადგენს

2008 წლის ნოემბერი: სააკაშვილი ჩაჩიბაიას გენშტაბის უფროსად წარადგენს

თუმცა, ჩაჩიბაიამ ახალ თანამდებობაზე მხოლოდ 4 თვე გაძლო, მწვავე კონფლიქტი გენშტაბის ახალ უფროსს, თავდაცვის მინისტრის ახალ მოადგილე ბაჩო ახალაიასთან მოუვიდა, რომელსაც 2008 წლის დეკემბერში, გენშტაბის ლიჯისტიკური ერთეულის კონტროლი დაევალა.

ეს კონფლიქტი ჩაჩიბაიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა. როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, ისე თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ახალაიას მხარი დაიკავეს. ჩაჩიბაია თავდაცვის მინისტრის მოადგილემდე დააქვეითეს. მალე კი, როცა ბაჩო ახალაია თავდაცვის მინისტრი გახდა, შეიარაღებული ძალებიდან საერთოდ გაუშვეს.

2009 წლის მარტი: ჩაჩიბაიას დევი ჭანკოტაძით ცვლიან

2009 წლის მარტი: ჩაჩიბაიას დევი ჭანკოტაძით ცვლიან

მომდევნო სამი წლის მანძილზე (2009-2012), ის დიპლომატიურ სამსახურში იყო, მათ შორის, საქართველოს საელჩოში ამერიკის შეერთებულ შტატებში.

პოლკოვნიკი ჩაჩიბაია გენშტაბში, უფროსის პირველ მოადგილედ, 2012 წლის დეკემბერში, თავდაცვის მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დააბრუნა. მას სამხედრო განათლებისა და ადამიანური რესურსების მართვა დაევალა, 2014 წლის ივნისში კი ბრიგადის გენერლის წოდება მიენიჭა.

2015 წელს ჩაჩიბაია თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად დაინიშნა და მალევე გახდა პირველი ქართველი ოფიცერი, რომელიც ავღანეთში, გაეროს დახმარების მისიამ (UNAMA) უფროსი სამხედრო მრჩევლის რანგში მიიწვია.

ჩაჩიბაიას წარმატება უსურვა, გენშტაბის ყოფილმა უფროსმა, 56 წლის გენერალ-მაიორმა ვახტან კაპანაძემ, რომელიც კარიერას ბრიუსელში გააგრძელებს.

არის შემოთავაზება, რომ NATO-ში მთავარ სამხედრო წარმომადგნელად წავიდე და დარწმუნებული ვარ, რომ იქ ნამდვილად, ბევრ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გავაკეთებ“

„არის შემოთავაზება, რომ NATO-ში მთავარ სამხედრო წარმომადგნელად წავიდე და დარწმუნებული ვარ, რომ იქ ნამდვილად, ბევრ, ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს გავაკეთებ.“

ვლადიმერ ჩაჩიბაიას მეორედ მოსვლა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსად, მოულოდნელი სკანდალის ფონზე მოხდა.

ერთი კვირის წინ, მაშინ როცა გენშტაბის უფროსი ჯერ კიდევ, გენერალ-მაიორი კაპანაძე იყო, მისმა პირველმა მოადგილე ჩაჩიბაიამ, თხოვნით მიმართა თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას, რომ ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლად და შტაბის უფროსად, „გამონაკლისის სახით“, ვიცე-პოლკოვნიკები: სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე დაენიშნათ.

ეს თხოვნა ჩაჩიბაიამ იზორიას გაუგზავნა იმის მიუხედავად, რომ მისივე წერილის მიხედვით, „ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ კანონით გათვალისწინებულ, ოფიცერთა თანამდებობის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს“.

ნინუამ და ცაბაძემ თანამდებობა დანიშვნიდან მეორე დღესვე დატოვეს და ამ საკადრო გადაწყვეტილების კანონიერებას, ერთი კვირაა, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია სწავლობს.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსები
(1991-2016)

ჯემალ ქუთათელაძე 1991 აგვისტო - 1991 დეკემბერი

ავთანდილ ცქიტიშვილი 1992 იანვარი - 1992 ნოემბერი

ნოდარ გუჯაბიძე 1992 დეკემბერი - 1993 მარტი

ავთანდილ ცქიტიშვილი 1993 აპრილი - 1993 ოქტომბერი (მეორედ)

გურამ ნიკოლაიშვილი 1993 დეკემბერი - 1994 იანვარი

ნოდარ თათარაშვილი 1994 იანვარი – 1996 ივნისი

ზურაბ მეფარიშვილი 1996 ივნისი - 1998 მაისი

ჯონი ფირცხალაიშვილი 1998 მაისი - 2003 სექტემბერი

გივი იუკურიძე 2004 თებერვალი - 2004 აგვისტო

ვახტანგ კაპანაძე 2004 აგვისტო - 2005 თებერვალი

ლევან ნიკოლეიშვილი 2005 თებერვალი - 2006 ნოემბერი

ზაზა გოგავა 2006 ნოემბერი - 2008 ნოემბერი

ვლადიმერ ჩაჩიბაია 2008 ნოემბერი - 2009 მარტი

დევი ჭანკოტაძე 2009 მარტი - 2012 ოქტომბერი

გიორგი კალანდაძე 2012 ოქტომბერი - 2012 დეკემბერი

ირაკლი ძნელაძე 2012 ნოემბერი - 2013 ნოემბერი

ვახტანგ კაპანაძე 2013 ნოემბერი - 2016 ნოემბერი (მეორედ)

ვლადიმერ ჩაჩიბაია 2016 ნოემბრიდან - (მეორედ)

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG