ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალ-მაიორი კაპანაძე: ჯარი დეპოლიტიზირებულია


გენერალმა კაპანაძემ ბოლო 9 წლის მანძილზე გენშტაბი მეორედ ჩაიბარა
გენერალმა კაპანაძემ ბოლო 9 წლის მანძილზე გენშტაბი მეორედ ჩაიბარა

შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ახალი უფროსი ჰყავს. ბოლო ერთი წლის მანძილზე, შტაბს პოლკოვნიკი ძნელაძე ხელმძღვანელობდა, გენერალი კაპანაძე მისი მოადგილე იყო

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:19 0:00
ბმული

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბს, ახლა გენერალური შტაბი ჰქვია და უფროსიც ახალი ჰყავს. 53 წლის გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამ თანამდებობაზე მაშინვე დაინიშნა, როგორც კი საქართველოში კოაბიტაციის პროცესი დასრულდა.

სწორედ, კოაბიტაციისა და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაჟინების შედეგი იყო, ის, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, გაერთიანებულ შტაბს პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე ხელმძღვანელობდა, გენერალი კაპანაძე კი მისი მოადგილე იყო.

საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, სააკაშვილმა კატეგორიული უარი თქვა, შტაბის უფროსად, ბრიგადის გენერალი კაპანაძე დაენიშნა და შეთანხმება „კომპრომისულ ფიგურაზე“ შეჩერდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ირაკლი ძნელაძე ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადადგა.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კი გენერალური შტაბის უფროსად ვახტანგ კაპანაძის დანიშნვას მოაწერა ხელი. გენერალ მაიორი კაპანაძე ამბობს

„მინდა მადლობა გადავუხადო პოლკოვნიკ ძნელაძეს, მან ემსახურა თავის ქვეყანას და გააგრძელებს სამსახურს. ვინაიდან გარკვეული გადაადგილებები მოხდა, მცირე ცვლილელები იქნება, ეს განსაკუთრებით მმართველ რგოლს ეხება.

შევიკრიბებით და ჩამოვყალიბდებით. ეს უახლოეს დღეებში მოხდება. ვიმეორებ, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება. ჩვენ საკმაოდ კარგად გვქონდა ყველაფერი დაგეგმილი. ახლა ამ გეგმების განხორციელების ეტაპი იწყება.“

სამხედრო კარიერის მანძილზე, ვახტან კაპანაძე შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბის, ახლა უკვე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას მეორედ იკავებს.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლის თებერვალში, ცხინვალის რეგიონში 12 ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გენერალური შტაბის მაშინდელი უფროსი, გენერალი გივი იუკურიძე მოხსნა და მის ნაცვლად სწორედ ვახტანგ კაპანაძე დანიშნა, რომელიც სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი იყო.

მიხეილ სააკაშვილმა მაშინ ბრძანა, რომ არმიაში საკვანძო პოსტები, არა რუსეთში, არამედ დასავლეთის ქვეყნებში განათლება მიღებულმა სამხედროებმა უნდა ჩაიბარონ.

იმ დროისთვის, კაპანაძეს სამხედრო განათლება უკვე მიღებული ჰქონდა გერმანიაში, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ერთ-ერთი უპრესტიჟულესი, პენსილვანიაში მდებარე, ომის კოლეჯი დაამთავრა.

თუმცა, პირველი ცდის დროს, გენშტაბის უფროსად კაპანაძემ მხოლოდ წელიწადი „გაძლო“. 2004 წლის დეკემბერში, თავდაცვის მინისტრად გელა ბეჟუაშვილის ნაცვლად, ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნის შემდეგ, კაპანაძე მალევე პრეზიდენტის სამხედრო მრჩევლამდე დააქვეითეს. ეს თანამდებობაც გენერალმა 2006 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნიშანდობლივია, რომ შერისხული კაპანაძე მაშინ თავდაცვის ამჟამინდელმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შეიფარა, რომელიც აფხაზეთის დევნილი მთავრობის თავჯდომარე იყო.

2007 წლის მარტში, როცა იაპონელ გენერალ ჰაჯიმე მასაკისთან ერთად, კაპანაძე ამერიკის შეერთებული შტატების ომის კოლეჯის „დიდების დარბაზში“ შეიყვანეს. ამ საზეიმო ღონისძიებას კარლაისლში, უკვე გაეროში საქართველოს ელჩის სტატუსით, ირაკლი ალასანიაც ესრწებოდა.

პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის ბოლო წლებში, გენერალი კაპანაძე სრულუფლებიანი და საგანგებო დესპანი იყო პოლონეთში. ბოლოს კი საქართველოს დაზვერვის სამსაზურის უფროსის გელა ბეჟუაშვილის მოადგილედ მუშაობდა. თავდაცვის მინისტრად ირაკლი ალასანიას დანიშვნის შემდეგ კი გენერალი შეიარაღებულ ძალებს დაუბრუნდა.

ბოლო ერთი წლის მანძილზე, თავდაცვის სამინისტროში მთავარ მიღწევად ვახტანგ კაპანაძეს ჯარის დეპოლიტიზირება მიაჩნია

„პირველი - აღდგა სამხედრო მოსამსახურის ღირსება. დღეს კაპრალს, სერჟანტს, ოფიცერს ხმამაღლა შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა, ინიციატივის გამოჩენა, თავისი აზრის დამტკიცება. აი ეს არის მე მგონი მთავარი მიღწევა. და, ის გამიჯვნა, რაც მიმდინარეობს თავდაცვის სამოქალაქო და სამხედრო ნაწილს შორის.

დღეს ქართული ჯარი არის დეპოლიტიზირებული. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ. ეს გამოჩნდა კიდეც საპრეზიდენტო არჩევნნებზე, როცა სამხედრო მოსამსახურეები დაწყობილი კი არ მიემართებოდა ნაწილებში განლაგებული საარჩევნო ურნებისკენ, არამედ ჩვენ ისინი გავუშვით სახლში და მათ ხმა მისცეს იმ კანდიდატს, ვისი მხარდაჭერაც სურდათ. ყოველგვარი ზეწოლის გარეშე!“

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შექმნის სათავეებთან იდგა. პროფესიით გეოგრაფი, რომლის სპეციალობაც ოკეანოლოგია იყო, ქართულ ჯარში, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა. იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ავღანელთა ბატალიონის შტაბის უფროსი.

აფხაზეთის ომის დროს დაზვერვის სპეციალური ბატალიონის მეთაური და გენშტაბის საჯარისო დაზვერვის უფროსი. დავით თევზაძის მინისტრობის პერიოდში ეკავა მე-11 მოტომსროლელი ბრიგადის მეთაურის პოსტი. ასევე, გენშტაბში J-2 დაზვერვის დეპარტამენტისა და სწრაფი რეგირების ძალების შტაბის უფროსის თანამდებობები.

გარდა, გენერალ კაპანაძისა, თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მისი ყოფილი მოადგილე შინაგან საქმეთა სამინისტროში ალექსანდრე ბატიაშვილი, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილედ გადმოვიდა და თავდაცვის ფინანსებისა და შესყიდვების მიმართულება ჩაიბარა.

შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსები
(1991-2013)

ჯემალ ქუთათელაძე 1991 აგვისტო - 1991 დეკემბერი
ავთანდილ ცქიტიშვილი 1992 იანვარი - 1992 ნოემბერი
ნოდარ გუჯაბიძე 1992 დეკემბერი - 1993 მარტი
ავთანდილ ცქიტიშვილი 1993 აპრილი - 1993 ოქტომბერი
გურამ ნიკოლაიშვილი 1993 დეკემბერი - 1994 იანვარი
ნოდარ თათარაშვილი 1994 იანვარი – 1996 ივნისი
ზურაბ მეფარიშვილი 1996 ივნისი - 1998 მაისი
ჯონი ფირცხალაიშვილი 1998 მაისი - 2003 სექტემბერი
გივი იუკურიძე 2004 თებერვალი - 2004 აგვისტო
ვახტანგ კაპანაძე 2004 აგვისტო - 2005 თებერვალი
ლევან ნიკოლეიშვილი 2005 თებერვალი - 2006 ნოემბერი
ზაზა გოგავა 2006 ნოემბერი - 2008 ნოემბერი
ვლადიმერ ჩაჩიბაია 2008 ნოემბერი - 2009 მარტი
დევი ჭანკოტაძე 2009 მარტი - 2012 ოქტომბერი
გიორგი კალანდაძე 2012 ოქტომბერი - 2012 დეკემბერი
ირაკლი ძნელაძე 2012 ნოემბერი - 2013 ნოემბერი
ვახტანგ კაპანაძე 2013 ნოემბერი - დღემდე

თავდაცვის მინისტრები (1991-2013)

ჯონი ფირცხალაიშვილი 1991 აგვისტო - 1991 დეკემბერი
ლევან შარაშენიძე 1992 იანვარი - 1992 მაისი
თენგიზ კიტოვანი 1992 მაისი - 1993 მაისი
გიორგი ყარყარაშვილი 1993 მაისი - 1994 თებერვალი
ედუარდ შევარდნაძე 1994 თებერვალი - 1994 აპრილი
ვარდიკო ნადიბაიძე 1994 აპრილი - 1998 აპრილი
დავით თევზაძე 1998 აპრილი - 2004 თებერვალი
გელა ბეჟუაშვილი 2004 თებერვალი - 2004 ივნისი
გიორგი ბარამიძე 2004 ივნისი - 2004 დეკემბერი
ირაკლი ოქრუაშვილი 2004 დეკემბერი - 2006 ნოემბერი
დავით კეზერაშვილი 2006 ნოემბერი - 2008 დეკემბერი
ვასილ სიხარულიძე 2008 დეკემბერი - 2009 აგვისტო
ბაჩო ახალაია 2009 აგვისტო - 2012 ივლისი
დიმიტრი შაშკინი 2012 ივლისი - 2012 ოქტომბერი
ირაკლი ალასანია 2012 წლის ოქტომბერი - დღემდე
XS
SM
MD
LG