ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს ავტორიტარული მეზობლების რკალში


თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ამავდროულად, ეს ის ქვეყანაა, რომელიც წარმოადგენს მოკავშირეს დასავლეთისთვის აღმოსავლეთში. უკანასკნელ პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა თურქეთში, რასაც არაერთი პოლიტიკოსი და პოლიტოლოგი დემოკრატიულობისთვის საფრთხის შემცველად აფასებს, მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა არა მხოლოდ ეს ქვეყანა, არამედ მისი სამეზობლოც და დასავლელი მოკავშირეებიც.

რა სახის გავლენა შეიძლება იქონიოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის კუთხით საქართველოზე თურქეთში არსებულმა ვითარებამ, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის ტენდენცია თუ შენარჩუნდა და გაღრმავდა თურქეთში; რა სცენარით შეიძლება ვიხილოთ მოვლენების განვითარება ავტოკრატიული მეზობლების რკალში აღმოჩენილ საქართველოში? ამის შესახებ მსჯელობისთვის ამერიკის ხმა რამდენიმე რესპონდენტს დაუკავშირდა.

გიგი გიგიაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩვენთან საუბრისას ამბობს: „საქართველო თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან გააგრძელებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას და ახლო კავშირს. ამის დადასტურება იყო ჩვენი გუშინწინ გამართული სტრატეგიული ფორუმი. ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენს შორის არსებული ორმხრივი უერთიერთობები. რაც შეეხება საქართველოს, მე მიმაჩნია, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ქვეყნის დასავლური განვითარება, დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის დაახლოვება ევროპულ ღირებულებებთან, ესაა ქვეყნის არჩევანი. მე ვერ ვხედავ ვერანაირ წინაპირობას იმისთვის, რომ ამ არჩევანს რაიმე საფრთხე დაემუქროს უახლოეს მომავალში. რაც არ უნდა გამოწვევების წინაშე იყოს საქართველო, მთავრობის მთავარი ამოცანაა შეინარჩუნოს ხალხის მიერ არჩეული კურსი. გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ არ დაემუქროს საფრთხე არჩევანის თავისუფლებას, საფრთხე არ დაემუქროს ჩვენს ევროპულ მომავალს და არანარირად არ მოხდეს იმ დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებების გაფერმკრთალება ქვეყანაში, რომელიც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტი დატვირთვის მატარებელი.“

თურქეთში ისლამის როლის გაძლიერებამ შესაძლოა განვითარების განსხვავებული პერსპექტივა შექმნას. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ ისაუბრა: „თურქეთ–საქართველოს ისტორიული ურთიერთობები არ იყო იოლი. განსაკუთრებით ადვილი არ იყო ურთიერთობების დამყარება იოლი მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა დამოუკიდებელი 90–იან წლებში. იმისთვის, რომ თურქეთ–საქართველოს ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენილიყო და არ ყოფილიყო ისეთივე ურთიერთობები, გამომდინარე ისტორიიდან, როგორიცაა ვთქვათ არის თურქეთსა და სომხეთს შორის, ძალიან ბევრი გაკეთდა, განსაკუთრებით შევარდნაძის პერიოდში და ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დასავლეთმა, რომელმაც თურქეთი საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ შემოიყვანა სამხრეთ კავკასიაში და მათ შორის საქართველოში, როგორც დასავლეთის მოკავშირე რეგიონში, გამომდინარე იქიდან, რომ ის იყო და არის დღემდე ნატოს მოქმედი წევრი. დასავლეთის მიერ თურქეთის, როგორც მოკავშირის შემოყვანამ, შეცვალა ისტორიული ნარატივი თურქეთის სასარგებლოდ, მათ შორის საქართველოში. მთლიანობაში, თურქეთი ამ წლების განმავლობაში განიხილებოდა როგორც ნატო-ს მნიშნველოვანი წევრი და რაც მთავარია ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, რომელიც დღეს თუ არა ხვალ, გახდებოდა ევროკავშირის წევრი. თუმცა გამომდინარე იმ მოვლენებიდან, რაც დღეს ვითარდება თურქეთში, აბსოლუტურად ეჭვქვეშ დგება ყველაფერი, გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ თურქეთ–დასავლეთის ურთიერთობები ძალიან იძაბება.

თურქეთმა უარი თქვა თავის ისტორიულ გზაზე, ანუ ათა თურქის მემკვიდრეობაზე და შეინიშნება გარკვეული რევიზიის მცდელობა როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკაში. ასევე ძალიან ძლიერდება ისლამის როლი. ამან შეიძლება გარკვეული გამოწვევები წარმოშვას საქართველ–თურქეთს შორის ურთიერთობაში, თუ ეს ტენდენციები შენარჩუნდა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დასავლეთსა და თურქეთს შორის იმდენად დაიძაბება ურთიერთობები, რომ ვთქვათ ნატოს წევრი აღარ იქნება თურქეთი და სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ თურქეთი არ ადგას დემოკრატიზაციის გზას და პირიქით. გამომდინარე ჩვენი რეგიონის თავისებურებიდან, ის უფრო ემსგავსება რეგიონის დანარჩენ სახელმწიფოებს, მიდრეკილებით ავტოკრატიული მმართველობისკენ, რაც გარკვეულწილად, პრობლემას ქმნის საქართველოსთვის, რომელიც ძალიან ბევრს ცდილობს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გადალახოს ბევრი დაბროლება და აკეთებს ყველაფერს, მათ შორის ევრიოპეიზაციის და დემოკრატიზაციის თვალსაზრისით. არსებობს საფრთხე, რომ საქართველო შესაძლოა აღმოჩნდეს ავტორიტარული მეზობლების რკალში. რა თქმა უნდა, ეს ხელს არ შეუწყობს დემოკრატიულობის განვითარებას. გარდა იმისა, რომ თურქეთი არის ჩვენი მეზობელი, ის ასევე არის მნიშვნელოვანი ჰაბი საქართველოსთვის, მათ შორის ევროპასთან და დასავლეთთან ურთიერთობაში, ნებისმიერ ცვლილება, რაც თურქეთთან მიმართებით აისახება, აუცილებლად საკუთარ გამოვლენას ჰპოვებს საქართველო–თურქეთს შორის ურთიერთობებზე.“

მედია დღეს ავრცელებს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოქმედება შეიზღუდა.

XS
SM
MD
LG