ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მემარჯვენე პარტიები ევროპაში და აშშ-ში ლტოლვილების შესვლის აკრძალვა


მარინ ლე პენი და გეერტ ვილდერსი

მარინ ლე პენი და გეერტ ვილდერსი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შვიდი ქვეყნისათვის, რომელთა მოსახლეობის უმრავლესობაც ისლამის აღმსარებელია, სამოგზაურო შეზღუდვის დაწესებას ევროპაში განსხვავებული რეაქცია მოჰყვა. მაშინ როდესაც მთავარი პარტიების ლიდერებმა ტრამპის გადაწყვეტილება და პრეზიდენტად არჩევიდან მეხუთე დღეს გამოცემული ბრძანება გააკრიტიკეს, ულტრა მემარჯვენე ძალები გერმანიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში ამ გადაწყვეტილებას მოწონებით შეხვდნენ.

საფრანგეთში, რადიკალ მემარჯვენე კანდიდატს მარინ ლეპენს აპრილის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, კვლევების მიხედვით, მაღალი რეიტინგი აქვს. ლეპენის მთავარი დაპირება ქვეყნის საზღვრების დახურვა და იმიგრაციის შეზღუდვაა. ის დონალდ ტრამპის ენთუზიასტი მხარდამჭერია. ლე პენის პარტიის, ეროვნული ფრონტის, ერთ-ერთმა მთავარმა ლიდერმა, „ტვიტერზე“ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის განკარგულება არც საფრანგეთისთვისაც იქნებოდა ცუდი. თუმცა, ლე პენის კამპანიის მენეჯერის, დავით რაჩლინის თქმით, მაშინ, როდესაც მსგავსი აკრძალვის განხორციელება შესაძლებელია, მისი თქმით, ეს ეროვნული ფრონტისთვის პრიორიტეტი არაა.

საფრანგეთის მსგავსად, ტრამპის ბრძანებას სიხარულით შეხვდა ჰოლანდიის რადიკალური მემარჯვენე პარტიის ლიდერი გეერტ ვილდერსი.

„ყოჩაღ ამერიკის პრეზიდენტს“, დაწერა მან ტვიტერზე, - „ეს ერთადერთი გზაა, რომ უსაფრთხოება და თავისუფლება შევინარჩუნოთ.“

პოპულისტი პარტიები გერმანიასა და იტალიაში ასევე ემხრობიან მსგავსი აკრძალვის შემოღებას.

ვაშინგტონის თქმით, აღნიშნული დროებითი აკრძალვა აუცილებელია იმისათვის, რომ ამერიკის საიმიგრაციო სამსახურებს მიეცეთ საშუალება შეიმუშაონ მექანიზმი ამერიკაში ჩამსვლელთა პირადი ინფორმაციის უფრო „მკაცრი შემოწმების“ პროცედურისთვის. და მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილს აღელვებს მუსლიმი იმიგრანტები, მიუხედავად იმისა, რომ იქ მათი რაოდენობა ძალზედ მცირეა, ექპერტების თქმით დასავლეთ ევროპა უფრო სხვა სახის უსაფრთხოების პრობლემებს აწყდება.

ლონდონის ევროპული რეფორმების ცენტრის დირექტორის, იან ბოდნის თქმით, პრობლემის არსი ამ იმიგრანტთა ინტეგრაციაში მდგომარეობს.

„კითხვის საგანი უფრო მეტად ინტეგრაციაა, ვიდრე იმიგრაცია. ხშირად პრობლემები წამოიჭრება იმიგრანტთა მეორე თაობაში, რომლებიც თავს იმ ქვეყნის ნაწილად არ გრძნობენ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ“, - ამბობს ბონდი.

პარიზის და ბრიუსელის ტერორისტული თავდასხმების ავტორები მეორე თაობის იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც ფაქტობრივად საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადიოდნენ ტერორისტულ აქტს.

რაც შეეხება მოგზაურობის აკრძალვას, რადიკალური მემარჯვენე პარტიების მკლევარის ჟან-ივ კამიუს თქმით, საფრანგეთის მსგავს ქვეყანაში მოგზაურობის და იმიგრაციის მსგავსი შეზღუდვა არ იმუშავებს, რადგან ჩრდილო აფრიკის მოსახლეობა, საფრანგეთსა და მათ მშობლიურ ქვეყნებს შორის აქტიურად მოძრაობს.

„მე ვფიქრობ, ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას იმიგრაციის გამკაცრება სურს, მაგრამ ისინი ფიქრობენ, რომ ეროვნული ფრონტი ძალიან შორს მიდის“, - ამბობს კამიუ.

ამერიკის მიერ მიღებულმა დროებითმა აკრძალვამ ევროპის ქვეყნები დააფიქრა. ევროპა ამჟამად საემიგრაციო კრიზისს უმკლავდება. ახლო აღმოსავლეთიდან და სხვა ქვეყნებიდან იქ თავშესაფარს ათიათასობით ადამიანი ითხოვს. დევნილთა და ემიგრანტთა დიდ ტალღას ზოგიერთმა ქვეყანამ სასაზღვრო კედლების აშენებით და მავთულხლართების გავლებით უპასუხა. ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებმა ანკარასთან შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომლითაც ისინი სირიელი ლტოლვილების ნაწილს თურქეთში აბრუნებენ.

„ევროპას არ აქვს უფლება სხვების არჩევანს განსჯიდეს“, - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანჯელინო ალფანომ.

XS
SM
MD
LG