ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რექს ტილერსონი - გზა ტეხასის პროვინციული ქალაქიდან ვაშინგტონამდე


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს უეინ ტილერსონი 1952 წლის 23 მარტს ტეხასის შტატის ქალაქ უიჩიტა-ფოლსში დაიბადა. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ტეხასის უნივერსიტეტის ოსტინის ფილიალში მოეწყო. მას ბაკალავრის დიპლომი სამოქალაქო ინჟინერიის სპეციალიზაციით აქვს აღებული.

1975 წელს მუშაობა კორპორაცია „ექსონ-მობილში“ დაიწყო და ის 41 წლის მანძილზე არ დაუტოვებია. 64 წლის რექს ტილერსონი ბოლო 10 წლის მანძილზე კორპორაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, მისი მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი გახლდათ. „ექსონ-მობილი“ მსოფლიოს მასშტაბით ძალიან წარმატებულ ორგანიზაციად ითვლება, ის შემოსავლების მიხედვით მთელ მსოფლიოში მე-6 ადგილს იკავებს. ტილერსონმა კორპორაცია 2016 წლის 31 დეკემბერს დატოვა. ის ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერთა ეროვნული აკადემიის წევრიც არის.

ტილერსონი რესპუბლიკურ პარტიას დიდი ხნის მანძილზე გულშემატკივრობდა და მისი წევრიც იყო. ფინანსურ დახმარებასაც ხშირად უწევდა რესპუბლიკელებს, თუმცა, დონალდ ტრამპის კამპანიისთვის ფული არასოდეს გადაურიცხავს.

მას შემდეგ, რაც ის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარადგინა, დიდი აჟიოტაჟი ატყდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი სიახლოვის გამო. ტილერსონი 2014 წელს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს ღიად ეწინააღმდეგებოდა. წარსულში მას ამერიკა-რუსეთის ერთობლივი ნავთობ-კომპანიის „ექსონ-ნეფტგაზის“ დირექტორის პოსტიც ეკავა.

სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე რექს ტილერსონი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 23 იანვარს 11 ხმით 10-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. 1 თებერვალს მის კანდიდატურას კენჭი სენატის გაერთიანებულ სხდომაზე უყარეს. 56 ხმით 43-ის წინააღმდეგ კანონმდებლებმა რექს ტილერსონს შეერთებული შტატების საგარეო უწყების გაძღოლა ანდეს და ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაამტკიცეს.

XS
SM
MD
LG