ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„დასავლეთის გადარჩენა“ ასე ერქვა ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო ფორუმს, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებმა და ამერიკელმა ანალიტიკოსებმა ევროპის მომავალზე, რუსეთის იმპერიალიზმზე და დასავლეთის როლზე იმსჯელეს.

„ჩვენ ყველანი ვიბრძვით რათა გვქონდეს შეცდომების დაშვების უფლება“ ასე უპასუხა ჩვენს კითხვას თუ რისთვის იბრძვის დღეს დასავლეთი ცნობილმა ანალიტიკოსმა და ჟურნალ ეკონომისტის რედაქტორმა ედვარდ ლუკასმა.

მნიშვნელოვანია ადამიანებს შეეძლოთ აირჩიონ თუ როგორი მთავრობა სურთ მათ

„არ არსებობს ეკონომიკური თუ პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ აბსოლუტურად ყველაზე მაღლა დგას. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანებს შეეძლოთ აირჩიონ თუ როგორი მთავრობა სურთ მათ, ასევე მთავრობას უნდა შეეძლოს გადაწყვიტოს რა ტიპის უსაფრთხოების ალიანსთან თანამშრომლობა სურს. ქვეყანას უნდა შეეძლოს თვითონ გადაწყვიტოს უნდა თუ არა რომელიმე ალიანსის, მაგალითად, ნატოს წევრობა," ამბობს ლუკასი.

მისი აზრით, რუსეთი ცდილობს შეაჩეროს საქართველოს ევრო-ატლანტიკური სწრაფვები: "მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოში ბევრი კარგი რამ ხდება. პროგრესი უფრო ნელია, ვიდრე მე ვისურვებდი, მაგრამ არავის შეუჩერებია საქართველო იყოს უფრო პლურალისტული, უფრო ტოლერანტული, უფრო დემოკრატიული, უფრო ღია. ბევრი რამ თავად საქართველოზეა დამოკიდებული.“

ლუკასის აზრით, დასავლეთმა ვერ გააცნობიერა რომ რუსეთი ისევ იმპერიაა. ის ამბობს, რომ ქართველებს, უკრაინელებს და მოლდოველებს ისევ უწევთ საფასურის გადახდა დასავლეთის გეო-პოლიტიკური განათლებისთვის.

ქრისტოფერ უოკერი

ქრისტოფერ უოკერი

რისთვის იბრძვის დასავლეთი - ამ კითხვით დემოკატიის ეროვნული ფონდის ვიცე-პრეზიდენტ ქრისტოფერ უოკერსაც მივმართეთ.

„დღეს ღირებულებებისთვის ბრძოლა არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უწევთ, არამედ ამ ბრძოლას ვხედავთ მთელს ევროპაში, ისევე როგორც შეერთებულ შტატებში. საბოლოო ჯამში ეს ბრძოლა არის იმაზე, თუ როგორ სამყაროში გვინდა ვიცხოვროთ."

უოკერისთვის საქართველო იმის მაგალითია, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ "ურთულესი გამოწვევების მიუხედავად ყოფილიყო წარმატებული. ყველა დემოკრატიულმა სახელმწიფომ უნდა დააფასოს საქართველოს მცდელობა და მიიღოს მისი ევრო-ატლანტიკური ინსტიტუტებისადმი მისწრაფებები. მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ გაწეული მძიმე შრომა ძლიერმა დემოკრატიებმა დააფასონ.“

უოკერის აზრით, უკანასკნელი 25 დაძაბული წლის განმავლობაში საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია, ერთ-ერთ მთავარ წარმატებად მას მშვიდობიანი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება მიაჩნია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG