ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უჩვეულო აქცია ამერიკის კონგრესში


ოთხშაბათს წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა კანონმდებლებმა მჯდომარე გაფიცვა მოაწყვეს. ისინი იარაღის გაყიდვაზე კონტროლის გამკაცრების ზომებთან დაკავშირებით კენჭისყრას ითხოვდნენ. რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებული კონგრესი კენჭისყრის წინააღმდეგია და ამ თემაზე კანონპროექტებს წლების მანძილზე ბლოკავს.

კონგრესის სხდომათა დარბაზში ფიცის წარმოთქმის შემდეგ 40-მდე საქმიანად გამოწყობილი კონგრესმენი პირდაპირ იატაკზე დაჯდა და კენჭისყრის მოთხოვნით გაიფიცვა დაიწყო.

ჩვენ ამ დარბაზს დავიკავებთ. ხმის მიცემის უფლებას მეტი ვერასოდეს წაგვართმევენ”! - განაცხადა ჯონ ლარსონმა, კონექტიკუტის შტატის დემოკრატმა კონგრესმენმა.

აქ, კონგრესში იმისთვის მოვედით, რომ ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოვითხოვოთ. არც ხვალ! არც შემდეგ თვეში, არც გაისად! არამედ ახლა! დღესვე! - კონგრესმენი ჯონ ლუისი

გამომსვლელს სიტყვა მალე გააწყვეტინეს. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა შესვენება გამოაცხადა და ოფიციალური ვიდეოკამერებიც გამოირთო. მაგრამ კადრები მალე პირადი ტელეფონებით გავრცელდა. დემოკრატებს იარაღის მყიდველისთვის შემოწმების პროცესის გამკაცრება უნდათ, რომ ის ტერორისტის, ან სხვა საშიში ადამიანის ხელში ნაკლებად მოხვდეს.

პალატის ხელმძღვანელებს გონიერებისკენ მოვუწოდებ, რომ იარაღის კონტროლის კანონპროექტი კენჭისყრაზე დააყენონ. ხმის მიცემის უფლება მოგვეცით”! - მოითხოვა ჯორჯიის შტატის კონგრესმენმა ჯონ ლუისმა.

მარტინ ლუთერ კინგის თანამებრძოლი, კონგრესმენი ლუისი ბრძოლის ამგვარ სტრატეგიას ჯერ კიდევ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის პერიოდში მიმართავდა.

მეტს ვეღარ მოვიცდით. მეტს ვეღარ მოვითმენთ. დღეს ჩვენ აქ, კონგრესში იმისთვის მოვედით, რომ ქმედითი ნაბიჯის გადადგმა მოვითხოვოთ. არც ხვალ! არც შემდეგ თვეში, არც გაისად! არამედ ახლა! დღესვე!” - აცხადებდა ის.

გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელების უმრავლესობა იარაღის გაყიდვის გონივრულ გაკონტროლებას უჭერს მხარს. კონგრესის უმოქმედობას კი ყველა იარაღის ძლევამოსილ ამერიკელ ლობისტებს მიაწერს.

დიდი ხანია დადგა დრო, რომ იარაღის ეროვნული ასოციაციის ნაცვლად ამერიკელ ხალხს მოვუსმინოთ; დემოკრატი და რესპუბლიკელი, თუ დამოუკიდებელი მოქალაქეების დიდ უმრავლესობას დავუჯეროთ და იარაღი ტერორისტებს, დამნაშავეებს, თუ სხვა საშიშ ადამიანებს ხელში აღარ ჩავუგდოთ” - ამბობს მერილენდის შტატის დემოკრატი წარმომადგენელი დონა ედუარდსი.

კონგრესმენების გაფიცვას ზოგიერთი სენატორიც შეუერთდა. მათ შორის დემოკრატი ბარბარა მიკულსკიც იყო. ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლის პერიოდის მეთოდების გამოყენება გვიწევს, რათა კანონმდებლისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოვიყენოთ. დავიცვათ კანონი და კენჭისყრაზე მარტივი საკითხი დავაყენოთ: თუ ტერორისტი ხარ, იარაღის ყიდვის უფლება არ უნდა გქონდეს. ეს ხარვეზი უნდა აღმოიფხვრას” - აცხადებს მერილენდის შტატის სენატორი.

რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა სენატმა გასულ კვირას შეზღუდვების შემცველი ოთხი სხვადასხვა კანონპროექტი დაბლოკა. ოპონენტების მთავარი არგუმენტი ამერიკელებისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ხელშეუხებლობაა.

XS
SM
MD
LG