ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულას ღაზის საკითხზე ხვდება


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, ახლო აღმოსავლეთის მოკავშირე სახელმწიფოს ლიდერს, იორდანიის მეფე აბდულა II-ს ხვდება. თეთრ სახლში, 6 მაისს დაგეგმილ შეხვედრაზე, ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის სამომავლო პერსპექტივაზე ისაუბრებენ.

შუამავლების მეშვეობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება ისრაელსა და "ჰამასს" შორის, ამ ეტაპზე ჩიხშია შესული. მხარეები ცეცლის შეწყვეტის პირობებზე ვერ თანხმდებიან და ამაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ერთი დღით ადრე, "ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ომის დასრულების პირობები კიდევ ერთხელ გაიმეორა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ კი ზავის პირობები მაშინვე ცალსახად უარყო.

იორდანიის წარმომადგენელმა, ქვეყნის დიპლომატმა, საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ ბაიდენსა და მეფე აბდულას შორის, ფორმალური ორმხრივი მოლაპარაკება არ იგეგმება. მისი თქმით, ეს მხოლოდ არაფორმალური პირადი შეხვედრა იქნება.

ბაიდენი მეფე აბდულას, ბოლოს, მიმდინარე წლის თებერვალში შეხვდა. ორმა დიდი ხნის მოკავშირემ თეთრ სახლში განიხილეს გამოწვევების დიდი სია, მათ შორის - ისრაელის სახმელეთო შეტევა სამხრეთ ღაზაში და უკიდურესად რთულ ვითარებაში მყოფი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონის არაბული სახელმწიფოები კატეგორიულად აკრიტიკებენ ისრაელის ქმედებებს. ისინი ცეცხლის შეწყვეტას ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ითხოვდნენ, რადგან ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი ძალიან იზრდებოდა.

ღაზის სექტორში "ჰამასთან" ომს, ისრაელი როგორც საჰაერო იერიშებით, ისე ქვეითი ჯარის მეშვეობით, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აწარმოებს. მანამდე, ისრაელში "ჰამასის" მოულოდნელი შეჭრის შედეგად, მისმა წევრებმა, იქ 1 200 ადამიანი მოკლეს, 253 კი გაიტაცეს და ღაზის სექტორში მძევლად წაიყვანეს. ნაწილი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაში იმყოფება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ იმეორებს, რომ ომს "ჰამასის" სრულ განადგურებამდე გააგრძელებს.

"ჰამასის" მიერ კონტროლირებული პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშებს, ამ შვიდი თვის განმავალობაში, ღაზაში 35 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ღაზას, ჯანდაცვის სექტორის ჩათვლით, "ჰამასი" აკონტროლებს. შეერთებულ შტატებსა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას, „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG