ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენი: „შეერთებული შტატები არანაირ თავდასხმით ოპერაციებში არ მონაწილეობდა“


ისრაელმა პარასკევს, გათენებამდე, ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმა განახორციელა.

ცნობების გავრცელებიდან ერთი საათის შემდეგ, „ამერიკის ხმა“ ისრაელის სამხედრო უწყების პრესმდივანს დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ „ამ წუთისთვის“ კომენტარი არ აქვს.

პარასკევს, კაპრიზე დიდი შვიდეულის შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, არაერთხელ სთხოვეს გავრცელებულ ცნობებზე კომენტარი გაეკეთებინა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა.

„შეერთებული შტატები არანაირ თავდასხმით ოპერაციებში არ მონაწილეობდა“, თქვა ბლინკენმა პასუხად.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც იტალიის კუნძულ კაპრიზე დიდი შვიდეულის მინისტერიალს მასპინძლობს, თქვა რომ თავდასხმის შესახებ ისრაელმა შეერთებულ შტატებს „ბოლო წუთს“ აცნობა.

შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის სხვა სახელმწიფოებმა ისრაელის მთავრობას დაჟინებით მოუწოდეს, თავისი შემდეგი ნაბიჯის გათვლისას, კონფლიქტის გამწვავებისგან თავი აერიდებინა.

გაეროს გენერალური მდივნის პრესმდივანმა თქვა, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელი „კვლავ იმეორებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სამაგიეროს გადახდების საშიში ციკლის შეჩერების დროა“.

გაეროს განცხადებაში ნათქვამია: „გენერალური მდივანი გმობს სამაგიეროს გადახდის ნებისმიერ აქტს და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს ერთად იმუშაონ ნებისმიერი შემდგომი განვითარების თავიდან ასაცილებლად, რომელმაც შესაძლოა მთელი რეგიონისთვის და მის მიღმაც, გამანადგურებელი შედეგები მოიტანოს“.

ირანის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტოებმა, „ირნამ” და „ფარს”-მა თქვეს, რომ ქვეყნის ცენტრალურ ქალაქ ისპაანთან ანტისაჰაერო დაცვა ამოქმედდა. ასევე იუწყებოდნენ, რომ ქალაქის აღმოსავლეთ გარეუბნებთან აფეთქებების ხმა ისმოდა, თუმცა არ დააზუსტეს, ის გზაგადამჭრელებისგან იყო თუ მიწაზე დაცემისგან.

ირანის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ ანტისაჰაერო თავდაცვამ რამდენიმე დრონი ჩამოაგდო.

ირანის სახელმწიფო მედიამ სწრაფადვე სცადა ინციდენტის მნიშვნელობა დაეკნინებინა და განაცხადა, რომ ისპაანის ბირთვული ობიექტები უსაფრთხოდ იყო.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა “ამერიკის ხმას” უთხრა, რომ ირანი შესაძლოა მზად იყოს ისრაელის მხრიდან შეზღუდული სამაგიერო დარტყმა “გადაყლაპოს”, თუმცა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმა, ირანსა და ისრაელს შორის უშუალო დაპირისპირებას დრამატულად გაამწვავებს.

XS
SM
MD
LG