ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი ირანისთვის დეესკალაციის შეტყობინებების გაგზავნას თურქეთის საშუალებით ცდილობდა


დასავლეთის სახელმწიფოები, ბოლო დღეებში, ირანისთვის დეესკალაციის მოწოდების გზავნილების გადაცემას თურქეთის მეშვეობით ცდილობდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი ავრცელებს.

ირანისადმი დასავლეთის გზავნილები მანამდე გავრცელდა, ვიდრე პარასკევს გავრცელებული ცნობებით, ისრაელი ირანზე საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა. ამის შემდეგ ირანმა მიანიშნა, რომ შემდგომ შურისძიებას არ აპირებს.

გასულ შაბათ-კვირას, ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კონტაქტი აქვს, როგორც ირანთან, ისე შეერთებულ შტატებთან. განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა ნათქვამია, რომ ანკარა თავშეკავებისკენ მოუწოდებდა და სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში, რეგიონალური დაძაბულობის საფრთხეზე საუბრობდა.

„ბოლო დღეებში, ჩვენ ვცდილობდით ირანისთვის შეტყობინებების გაგზავნას თურქეთის გავლით - განსაკუთრებით ხაზს ვუსვამდით დეესკალაციის გზავნილს“, - თქვა დასავლელმა დიპლომატმა, ანკარას მიერ, თეირანისთვის გადაცემული დასავლეთის გზავნილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს, კომენტარი ამაზე ჯერ არ გაუკეთებია.

პარალელურად, ჯონ ბასი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი, ამ კვირის დასაწყისში ანკარაში გაემგზავრა და თურქეთის პირველ დიპლომატს შეხვდა.

”მათ... განიხილეს რეგიონში შემდგომი ესკალაციის, ან უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილების კრიტიკული მნიშვნელობა,” - თქვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა შეხვედრის შესახებ საუბრისას.

XS
SM
MD
LG