ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენმა ჩინეთს ეკონომიკური პრობლემების გამო, "ჩართული საათის მექანიზმიანი ბომბი" უწოდა


ხუთშაბათს 10 აგვისტოს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ჩინეთს მისგან შექმნილი ეკონომიკური გამოწვევების გამო „ჩართული საათის მექანიზმიანი ბომბი“ უწოდა. ეკონომიკურ გამოწვევებში მან სუსტი ზრდაც მოიხსენია, თუმცა ციფრი არასწორად დაასახელა.

იუტაში, პოლიტიკური დაფინანსების მოსაძიებელ ღონისძიებაზე ბაიდენმა თქვა: „მათ გარკვეული პრობლემები აქვთ. ეს კარგი არ არის, რადგან როდესაც ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს სჩადიან".

ბაიდენის თქმით, მას არ სურს ჩინეთს ზიანი მიაყენოს და ამ ქვეყანასთან რაციონალური ურთიერთობის სურვილი აქვს, თუმცა სახელმწიფოს მძიმე მომავალი უწინასწარმეტყველა.

„ჩინეთი ჩართული საათის მექანიზმიანი ბომბია... ჩინეთი გასაჭირშია. ჩინეთის ეკონომიკა წელიწადში 8 პროცენტით იზრდებოდა, რათა ზრდა შეენარჩუნებინა, ახლა კი წელიწადში 2 პროცენტთან არის მიახლოებული,“ თქვა ბაიდენმა.

ჩინეთის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ აჩვენა, რომ ეკონომიკა პირველ კვარტალში 4.5 პროცენტით, მეორე კვარტალში კი 6.3 პროცენტით გაიზარდა. პირველი კვარტლის 2.2 პროცენტიანი ზრდის შემდეგ, აპრილ-ივნისში მთლიანი შიდა პროდუქტი წინა კვარტალთან შედარებით სულ 0.8 პროცენტით გაიზარდა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბაიდენის განცხადებაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ივნისში ბაიდენმა ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი „დიქტატორად“ მოიხსენია. პეკინმა მაშინ ამერიკის პრეზიდენტის კომენტარებს პროვოკაცია უწოდა.

ჩინეთის სამომხმარებლო სექტორი დეფლაციაში ჩავარდა და მწარმოებელთა ფასები ივლისში შემცირებას განაგრძობდა, რაც კონტრასტს ქმნის დანარჩენ მსოფლიოსთან, სადაც საყოველთაო ინფლაციაა.

XS
SM
MD
LG