ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას - მთავრობის ადმინისტრაცია


ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინპინი. ქ. ჩენგტუ, სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი. 28 ივლისი, 2023 წ.
ირაკლი ღარიბაშვილი და სი ძინპინი. ქ. ჩენგტუ, სიჩუანის პროვინცია, ჩინეთი. 28 ივლისი, 2023 წ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტი სი ძინპინი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"საქართველო ჩინეთის მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება. ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში. ამას ვიტყოდი. მადლობა”, - თქვა ჩინეთის პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას.

"ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ საქართველოც მტკიცედ უჭერს მხარს ერთი ჩინეთის პრინციპს. მრავალჯერ გვაქვს ხაზგასმით დაფიქსირებული ეს პოზიცია და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ.

საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და პარტნიორობას და მადლობელი ვარ ჩვენი ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისთვის, რაც მიმაჩნია კონკრეტული შედეგებისა და სარგებლის მომტანი იქნება ორივე მხარისთვის", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა. მას ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში ჩინეთის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG