ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონეცკი-სოხუმი: აფეთქებული „მოტოროლა“ და აფხაზები


რუსი ტერორისტი "მოტოროლა" იგივე არსენ პავლოვი და მისი აფხაზი მცველი ევგენი გადლია დონეცკში, ლიფტში ააფეთქეს
რუსი ტერორისტი "მოტოროლა" იგივე არსენ პავლოვი და მისი აფხაზი მცველი ევგენი გადლია დონეცკში, ლიფტში ააფეთქეს

რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, დღეს, სამხედრო პატივით დაკრძალეს, ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ტერორისტი და სეპარატისტი, უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახვრეტაში ბრალდებული, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ძებნილი, არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“.

33 წლის პავლოვი, რომელიც რუსი მოხალისეების ბატალიონ „სპარტას“ მეთაურობდა, 16 ოქტომბერს, დონეცკში, საკუტარი საცხოვრებელი სახლის ლიფტში ააფეთქეს. წინასწარი მონაცემებით, ხელნაკეთი ბომბი, ლიფტის ბაგირზე იყო დამონტაჟებული.

ლიფტის კაბინა, სადაც პავლოვი და გადლია ააფეთქეს
ლიფტის კაბინა, სადაც პავლოვი და გადლია ააფეთქეს

„მოტოროლასთან“ ერთად, ადგილზე დაიღუპა, მისი პირადი მცველი, ეთნიკური აფხაზი, 35 წლის ევგენი გადლია, მეტსახელად "გოგა", რომელიც წარმოშობით, ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშიდან იყო.

„ნორმანდიული ოთხეულის“ ბერლინის შეხვედრის წინ, რუსეთის ფედერაციამ დონეცკში სიტუაციის დაძაბვის გამო, მთელი პასუხისმგებლობა უკრაინის ხელისუფლებას დააკისრა. თავის მხრივ, კიევი „მოტოროლას“ აფეთქებასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ტერაქტს „დონეცკელ სეპარატისტებს შორის მიმდინარე შიდა გარჩევების შედეგს“ უწოდებს.

ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, შეიძლება კავშირი იყოს, 16 ოქტომბერს, დონეცკში, „მოტოროლას“ აფეთქებასა და მეორე დღეს, 17 ოქტომბერს, ოკუპირებულ სოხუმში, თვითმკვლელი ტერორისტის დაუგეგმავ აფეთქებას შორის.

წინასწარი ინფორმაციით, სოხუმში, "აფხაზეთის ტელევიზიასთან", ვინმე სერგეი ტარასენკო აფეთქდა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი, რუსი სეპარატისტების ბატალიონ „სომალის“ (მეთაური მიხეილ ტოლსტიხი იგივე "გივი") წევრი და „მოტოროლასთან“ დაახლოებული პირი იყო. გამოძიების ვერსიით, ტერორისტის მიზანი ერთ-ერთი აფხაზი პოლიტიკოსი ყოფილა, თუმცა ასაფეთქებელი მოწყობლობა დროზე ადრე ამოქმედდა.

სოხუმში აფეთქებული ტერორისტი
სოხუმში აფეთქებული ტერორისტი

მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, „შინაგან საქმეთა" ყოფილმა "მინისტრმა“ რაულ ლოლუამ არ გამორიცხა, რომ ამ ორ აფეთქებას შორის კავშირი რეალურად იყოს.

თუ დადასტურდება, რომ ადამიანი, რომელმაც სოხუმში თავი აიფეთქა, უკრაინიდან არის ჩამოსული, მაშინ, ეს შესაძლოა, ერთი ჯაჭვი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ დონეცკის გარშემო ბრძოლებში მონაწილეობენ აფხაზებიც და მოტოროლასთან ერთად, დაღუპული ბიჭიც აფხაზეთიდან არის"
რაულ ლოლუა, დე-ფაქტო შსს ყოფილი მინისტრი


„თუ დადასტურდება, რომ ადამიანი, რომელმაც სოხუმში თავი აიფეთქა, უკრაინის იმ მხარიდან არის ჩამოსული, მაშინ, ეს შესაძლოა, ერთი ჯაჭვი იყოს. ჩვენ ვიცით, რომ დონეცკის გარშემო ბრძოლებში მონაწილეობენ აფხაზებიც და როგორც ცნობილია, "მოტოროლასთან" ერთად, დაღუპული ბიჭიც აფხაზეთიდან არის. არ არის გამოცხული რომ რაღაც ძალებს სურთ დაგვანახონ, რომ მათ შეუძლიათ ნებისმიერს მიწვდნენ, როგორც აფხაზეთის, ისე დონეცკის ტერიტორიაზე.“


საინტერესოა, რომ ბოლო შვებულება, არსენ პავლოვმა სწორედ ოკუპირებულ აფხაზეთში გაატარა. 2016 წლის ივლისს-აგვისტოში. ე.წ "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" რამდენიმე „საველე მეთაური“ სოხუმში სამკურნალოდ იმყოფებოდა. მათ შორის იყო, „მოტოროლაც“, რომელმაც მეუღლესთან ერთად მოინახულა გაგრა, ბიჭვინთა და რიწის ტბა.

"მოტოროლა" ოჯახით რიწის ტბაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში
"მოტოროლა" ოჯახით რიწის ტბაზე, ოკუპირებულ აფხაზეთში

ეს ვიზიტი სკანდალურად დასრულდა. „მოტოროლას“ მეუღლემ სოციალურ ქსელში, დანგრეული აფხაზეთი - ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გამო, მიტოვებულ უკრაინულ ქალაქ პრიპიატს შეადარა, ხოლო აფხაზებს „უქნარა“ და „არადამიანები“ უწოდა. რუსული პრესის ცნობით, ამის გამო დაპირისპირება „მოტოროლასა“ და მასპინძელ აფხაზებს შორის კინაღამ სროლამდე მივიდა.

უკრაინული წყაროების ცნობით კი, „მოტოროლას“ ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა, აფხაზური წარმოშობის რამდენიმე საველე მეთაურთან. მათ შორის, სტავროს ბაგათელიასთან, რომელიც ოკუპირებული ოჩამჩირის რაიონის სოფელ არასაძიხიდან არის.

აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დაწყებამდე ბაგათელია ტაქსის მძღოლი იყო, თუმცა ბოლო ორ წელიწადში, როგორც „დონეცკის რესპუბლიკური გვარდიის მეთაურის მოადგილე" დიდი ქონების პატრონი გახდა. მას დონეცკში მიტაცებული АТБ-ს სუპერმარკეტების ქსელი ჩააბარეს.

მარცხნიდან: სტავროს ბაგათელია (ალამისი), არსენ პავლოვი (მოტოროლა), მიხეილ ტოლსტიხი (გივი), ახრა ავიძბა (აფხაზი)
მარცხნიდან: სტავროს ბაგათელია (ალამისი), არსენ პავლოვი (მოტოროლა), მიხეილ ტოლსტიხი (გივი), ახრა ავიძბა (აფხაზი)

ოკუპირებულ დონეცკში, გავლენის სფეროების გადანაწილებაში, „მოტოროლას“ უშუალო კონკურენტი იყო, სოჭში დაბადებული აფხაზი - ახრა ავიძბაც. იგი, დაქირავებული ბოევიკების ბატალიონ „პიატნაშკას“ მეთაურია და ისევე, როგორც „მოტოროლა“, „დონეცკის რესპუბლიკის გმირის“ წოდებას ატარებს.

ის, რომ „მოტოროლა“, ყოველმხრივ დაცულ საცხოვრებელ სახლში, ახრა ავიძბასთან დაახლოებულ - აფხაზ ევგენი გადლიასთან ერთად აფეთქდა, დონეცკში ბევრ კითხვას ბადებს. თავად ახრა ავიძბა ამ ხმებს "კიევის „პროვოკაციას" უწოდებს და ამბობს, რომ „მოტოროლას“ განსაკუთრებით ერთ რამეზე წყდებოდა გული

მოტოროლას სინანულის მომენტი მხოლოდ ერთ რამეზე ჰქონდა, რომ ვერ შეძლო რუსეთის დახმარება, საქართველოსთან ხუთდღიანი ომის დროს, ვერ მოახერხა იქ ჩამოსვლა"
ახრა ავიძბა, დაქირავებული ბოევიკევის ბატალიონ "პიატნაშკას" მეთაური


„მოტოროლას აფეთქებით ნოვორასიას ერთ-ერთი საყრდენი გამოეცალა. მას სინანულის მომენტი მხოლოდ ერთ რამეზე ჰქონდა, რომ ვერ შეძლო რუსეთის დახმარება, საქართველოსთან ხუთდღიანი ომის დროს, როცა სამხრეთ ოსეთში ომი იყო. მას გული წყდებოდა, რომ ვერ მოახერხა იქ ჩამოსვლა, სურდა, რომ ყველგან ყოფილიყო.“


უკრაინის უშიშროების სამსახურისა და „საერთაშორისო ამნისტიის“ (Amnesty International) მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს (2014-16), რუსეთის მოქალაქემ, კომის რესპუბლიკის ქალაქ უხტაში დაბადებულმა არსენ პავლოვმა, იგივე „მოტოროლამ“, ოცზე მეტი უკრაინელი სამხედრო პირადად დახვრიტა. მათ შორის, 2015 წლის იანვარში, დონეცკის აეროპორტში ტყვედ ჩავარდნილი, უკრაინის გმირი, მძიმედ დაჭრილი იგორ ბრანოვიცკი.


უკრაინის ხელისუფლება არსენ პავლოვს 2015 წლის თებერვლიდან ეძებდა. „ომის კანონებისა და ჩვეულებების“ უხეში დარღვევის გამო, „მოტოროლას“ უვადო პატიმრობა ელოდა.

XS
SM
MD
LG