ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველები და აფხაზები ფრონტის ორივე მხარეს


ფოტოზე: უკრაინის არმიის ოფიცერი დაღუპულ ქართველ თანამებრძოლს ეთხოვება
ფოტოზე: უკრაინის არმიის ოფიცერი დაღუპულ ქართველ თანამებრძოლს ეთხოვება

ეთნიკური აფხაზი, 34 წლის ირაკლი ადლეიბა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში, გუშინწინ, 8 ივნისს დაკრძალეს. ეს პირველი მსხვერპლია, რომელიც აფხაზებმა რუსეთ-უკრაინის ომში გაიღეს. ადლეიბა ე.წ ინტერნაციონალური ბრიგადის „პიატნაშკას“ მებრძოლი იყო.

დაქირავებული მებრძოლების ეს დაჯგუფება დიდი ხანია ე.წ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ანუ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხარეზე იბრძვის. ბრიგადაში არიან რუსები, ოსები, სომხები და აფხაზები. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ჭრელ ბრიგადაში აფხაზები უმცირესობაში არიან, „პიატნაშკას“ მეთაური 29 წლის ახრა ავიძბაა, მეტსახელად „აფხაზი“, რომელსაც „დონეცკის გმირის“ წოდებაც კი მიანიჭეს.

დაქირავებული ადლეიბა 3 ივნისს, აღმოსავლეთ უკრაინაში, პატარა ქალაქ მარინკაზე განხორციელებული ბოლო შეტევის დროს დაიღუპა. ამ ბრძოლაში დაიჭრა ორი აფხაზი. კიდევ ერთი დაქირავებული აფხაზი ბესიკ ლიპარტია ამბობს, რომ აფხაზეთის ომი სულ სხვა ომი იყო

„ქართველებთან ომის ადვილი იყო იმ თვალსაზრისით, რომ იქ არჩევდი ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. აქ ძალიან ძნელია გარჩევა ვინ ვინ არის, ჩვენთან სხვა ომი იყო, აქ კი სულ სხვა ომია.“

„უკრაინელი ნაციონალისტები აფხაზეთში ქართველების მხარეს იბრძოდნენ და სწორედ ამიტომ ვიბრძვით ჩვენ უკრაინელებს წინააღმდეგ“ - ასე ხსნის აფხაზი დაქირავებულების მოტივაციას კიდევ ერთი დაქირავებული მებრძოლი სტავროს ბაგათელია, რომელიც ოჩამჩირის რაიონის სოფელ არასაძიხიდან არის.

„ეს ნაციონალისტური დაჯგუფებები: უნა-უნსო აფხაზეთში ყველას კარგად ახსოვს. ამიტომ, სანამ ყველაფერი არ დასრულდება მე იქ ვიქნები.“

რაც შეეხებათ ეთნიკურ ქართველებს. უკრაინის არმიის მხარეს ოფიციალურად იბრძვის ქართველი მოხალისეების დიდი ჯგუფი, ისინი „ქართულ ლეგიონში“ არიან გაერთიანებულნი. მათ, თადარიგის გენერლის შოთა მამულაშვილის ვაჟი მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს. აფხაზეთის ომის ვეტერანი მამა-შვილი ტყვეობაშიც არიან ნამყოფი.

სხვადასხვა მონაცემით, ქართველების რაოდენობა უკრაინულ სამხედრო შენაერთებში 100-დან 150 მებრძოლამდე მერყეობს. უკრაინის არმიის გაწვრთნაში ჩართულნი არიან: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალი გიგი კალანდაძე; მისი ყოფილი მოადგილე, პოლკოვნიკი მერაბ კიკაბიძე; პირველი ქვეითი ბრიგადის ყოფილი მეთაური პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი; მე-11 ბრიგადის და კომანდოს ბატალიონის დაზვერვის ყოფილი უფროსი ირაკლი ქურასბედიანი; ეროვნული გვარდიის ყოფილი პოლკოვნიკი დავით მარტიაშვილი; შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული ცენტრის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მამუკა აბაშიძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბახვა ჩიქობავა და სხვები.

საინტერესოა, რომ „ქართული ლეგიონის“ 29 მებრძოლი უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა „უკრაინის სიყვარულისა და მისთვის თავშეწირვისათვის“ ორდენებით დააჯილდოვა. მათ შორის, ორი სიკვდილის შემდეგ.

რუსეთ-უკრაინის გამოუცხადებელ ომში, უკრაინელთა მხარეს უკვე სამი ქართველი მებრძოლია დაღუპული. ქუთაისელი ალექსანდრე გრიგოლაშვილი, თამაზ სუხიაშვილი ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხადან და თბილისელი გიორგი ჯანელიძე, რომელიც აპრილში შიროკინოსთვის ბრძოლაში დაეცა. „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ამბობს

„ეს არის ის ერთადერთი ერი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა, ყველაზე ცუდ პერიოდში ჩვენი ისტორიის. ასე, რომ ვისაც შეგიძლიათ, გთხოვთ გაუმართოდ ხელი, ან თუნდაც, ერთი ძვირფასი სიტყვა შეაწიოთ უკრაინელებს, იმიტომ რომ ძალიან ძვირფასი ერია ჩვენთვის! აქ, ომში ჩვენი მოწინააღმდეგეები, სამწუხაროდ არიან ქართველებიც, მეორე მხარეს, რომლებიც იბრძვიან რუსეთის დაკვეთით და ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი.“

რუსეთის რეგულარური ჯარებისა და რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი ეთნიკური ქართველებიდან აღსანიშნავია, თბილისელი თემურ გოგიაშვილი, რომლის მეუღლე, ეკატერინე ფილიპოვა, ე.წ დონეცკის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრია. გოგიაშვილის მშობლები დღემდე საქართველოში ცხოვრობენ.

რუსების მხარეს ასევე იბრძვიან ბაჩუკი კორძაია, მამა-შვილი რომან დია გია ფარცვანიები, საქართველოს არმიის ყოფილი მფრინავი არამ ავაგიანი და სხვები. იანვარში, დონეცკთანა ხლოს, შეტაკებისას მოკლეს, 30 წლის შალვა ბუხაიძე, რომელიც თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდან იყო. იგი საქართველოში გადმოასვენეს და დაკრძალეს.

XS
SM
MD
LG