ლიბიაში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები, ქალაქ ბრეგას გარშემო, მუამარ კადაფის ერთგულ ნაწილებსა და ოპოზიციის ძალებს შორის.
ბრეგა ხმელთაშუაზღვის სანაპიროს ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობის პორტია, რომელიც რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში. პარასკევს ნატოს თვითმფრინავებმა ბრეგას მისადგომებთან შეცდომით დაბომბეს მეამბოხეთა ძალები. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი ამ საქმის გამოძიებას აწარმოებს.
კადაფის მომხრეები ჯერ-ჯერობით აკავებენ მეამბოხეთა მსუბუქად შეიარაღებული ძალების იერიშებს, რომლებმაც ბრეგას უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს.
ოპოზიციის შეიარაღებული ძალები ამჟამად გადაჯგუფებას ცდილობენ და ფრონტის წინა ხაზზე საბრძოლველად შედარებით გამოცდილ სამხედრო პროფესიონალებს აგზავნიან.