როგორ ვითარდება ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობები

როგორ ვითარდება ამერიკა-ეგვიპტის ურთიერთობები

შეერთებული შტატების სამხედროები ეგვიპტის არმიაში კონტაქტებს იყენებენ, რათა ქვეყნის მთავრობაში გარდაქმნა დაიწყოს.

ეგვიპტეში მიმდინარე დემონსტრაციებში ქვეყნის სამხედრო ძალები სულ უფრო მზარდ როლს ასრულებენ. შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ქაიროში მყოფ ეგვიპტელ კოლეგებთან მუდმივ კავშირს ინარჩუნებენ.

როგორც "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ალ პესინი პენტაგონიდან იუწყება, ამერიკელი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით ეგვიპტის არმია შესაბამისად იქცევა, თუმცა მდგომარეობა ცვალებადია, რაც სხვადასხვა შესაძლო საფრთხეებს შეიცავს.

ოთხშაბათს ანტი-სამთავრობო დემონსტრატებსა და ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეებს შორის გააფთრებული შეტაკებების ფონზე, ქაიროს ქუჩებში დისლოცირებული ეგვიპტის არმიის ნაწილები ძირითადად არეულობაში არ ერეოდნენ. მიმომხილველების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ხუთშაბათს მდგომარეობა ამ მხრივ შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით, პოტომაკის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ტაუფიკ ჰამიდმა აღნიშნა:

„სამხედროების დამოკიდებულება უდავოდ იცვლება. ვერ ვიტყოდი, რომ ეს 180 გრადუსით შემობრუნებას ნიშნავდეს, მაგრამ გარკვეული ცვლილება უდავოდ შეინიშნება. დღეს ისინი დემონსტრანტებს მუბარაკის მომხრეებისგან იცავდნენ.“

ნიშანდობლივია, რომ ცვლილება ეგვიპტელი სამხედროების ქცევაში დაემთხვა ეგვიპტის მთავრობის ოფიციალურ განცხადებას, რომელიც დემონსტრანტებზე მთავრობის მომხრეთა თავდასხმებს გმობს.

მიუხედავად ამისა, გავრცელებული ცნობების თანახმად, ძალადობის ორგანიზებაში ეგვიპტის მთავრობის მაღალჩინოსან პირებს ადანაშაულებენ. ორშაბათს ჰამიდმა განაცხადა, რომ ეგვიპტის არმია ანტი-სამთავრობო დემონსტრანტებს შეუერთდება და პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს ხელისუფლებიდან გააძევებს. მართალია ხუთშაბათისთვის მისი პროგნოზი არ გამართლდა, ექსპერტს მიაჩნია, რომ არმიის ხელმძღვანელობას შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად დრო ეწურება:

„რაც უფრო დიდხანს გადადებენ სამხედროები გადაწყვეტილების მიღებას იმასთან დაკავშირებით, დაუჭერენ თუ არა ისინი მხარს ხალხს მუბარაკის წინააღმდეგ , მით უფრო სწრაფად შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ ჯარისკაცები მუბარაკს ემხრობიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალში ხალხი მათ აღარ ენდობა “ - აღნიშნა ჰამიდმა.

ათწლეულების მანძილზე პრეზიდენტ მუბარაქის დაქვემდებარებაში ყოფნის შემდეგ, ეგვიპტის არმიის ლიდერები ახლა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. პენტაგონის წარმომადგენლის პოლკოვნიკ დევიდ ლაპანის შეფასებით, ეგვიპტელი სამხედროები მოვალეობებს პირნათვლად ასრულებენ:

„ჯერჯერობით ისინი პროფესიონალურად და თავშეკავებულად იქცევიან. მდგომარეობა სწრაფად იცვლება და ჩვენ ყოველდღიურ მოვლენებს ვაკვირდებით “ - აღნიშნა პოლკოვნიკმა ლაპანმა.

ამ შეფასებას იზიარებს პენსიაზე გასული შეერთებული შტატების არმიის გენერალ - მაიორი პოლ იტონი:

„არმია რაციონალურად იქცევა. ჩემთვის უცნობია მათთვის მიცემული მითითებები, მაგრამ ისინი სტაბილურად და მეგობრულად იქცევიან და ხალხთან თანამშრომლობენ “ - აღნიშნა გენერალ - მაიორმა იტონმა.

ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე შეერთებული შტატების სამხედრო ძალების მაღალჩინოსი ადმირალი მაიკ მალენი ევგიპტელ კოლეგას ორჯერ დაუკავშირდა. ხოლო შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ეგვიპტის თავდაცვის მინისტრს სამჯერ გაესაუბრა.

შეერთებული შტატების სამხედროები ეგვიპტის არმიაში კონტაქტებს იყენებენ, რათა ქვეყნის მთავრობაში გარდაქმნა დაიწყოს და სამხედრო ძალებმა კვლავინდებურად თავშეკავებულობა გამოიჩინონ.