ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუხედავად იემენის დედაქალაქ სანააში გრძელდება სროლები. მთავრობის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის მიმდინარე შეიარაღებულ შეტაკებებს 70-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ასობით დაიჭრა.
აღსანიშნავია, რომ სროლები იემენის ვიცე-პრეზიდენტის აბედ რაბო მანსურ ჰადის სახლის მახლობლად მიმდინარეობს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელისუფლების ერთგულმა ნაწილებმა და ოპოზიციის ძალებმა დაუჭირეს მხარი. ოპოზიციის მეომრები გენერალ ალი მოჰსენ ალ-აჰმარის დაქვემდებარებაში არიან, რომელიც ოპოზიციის მხარეზე მარტში გადავიდა.
შეიარაღებულმა დაპირისპირებამ სანაას ათასობით მცხოვრები აიძულა მიეტოვებინათ საკუთარი საცხოვრებელი სახლები და გარეუბნებში ეძებნათ თავშესაფარი. შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაგმო იემენში მიმდინარე ძალადობა.