გერმანია თანახმაა ერთჯერადი კომპენსაცია გადაუხადოს იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ მეორე მსოფლიო ომის წინ ბავშვები იყვნენ და იძულებულნი იყვნენ ქვეყანა დაეტოვებინათ. ბევრ მათგანს საკუთარი მშობლები და ნათესავები მას შემდეგ აღარასდროს უნახავს.
ნიუ-იორკში დაფუძნებული „ებრაელთა მატერიალურ მოთხოვნათა კონფერენცია გერმანიის წინააღმდეგ“ აცხადებს, რომ გერმანია დათანხმდა, დაახლოებით, 2 800 დოლარის ოდენობის თანხა გადაუხადოს იმ ათასამდე ადამიანს, რომლებიც ჰოლოკოსტს მხოლოდ იმიტომ გადაურჩნენ, რომ ახლობლებმა მათი ქვეყნიდან გაყვანა მოასწრეს. როგორც კონფეენციის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართული ერთ-ერთი პირი, გრეგ შნეიდერი ამბობს, ეს ფინანსური კომპენსაცია იქნება "ამ ადამიანთა ტანჯვის სიმბოლური აღიარება. აღიარება იმის, რომ ის, რაც მათ შეემთხვათ იყო ტრავმატული და საშინელი".
80 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მშობლებმა გერმანიიდან და ევროპის ზოგიერთი სხვა ქვეყნიდან - ავსტრიიდან, ჩეხეთიდან, პოლონეთიდან, ბავშვების ბრიტანეთში გაგზავნა მასობრივად დაიწყეს. ასეთი, დაახლოებით, 10 000-მდე ბავშვი იყო.
ამერიკის ჰოლოკოსტის მუზეუმის ცნობების თანახმად, ამ ბავშვების ნაწილს დროებითი, მიმღები ოჯახები ჰყავდა, ნაწილი კი ჰოსტელებში, სკოლებსა და ფერმებში დაასახლეს. ომის შემდეგ ზოგი მათგანი ბრიტანეთში დარჩა, ზოგი კი აშშ-ში, ისრაელში, კანადაში, ავსტრალიასა თუ სხვა ქვეყნებში გადასახლდა.
Facebook Forum