ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვადამდე ერთი წლით ადრე გადადგება


მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის უფროსი, რობერტო ავეზადო, მიმდინარე წლის აგვისტოში თანამდებობას დატოვებს. მისი ეს განცხადება მოულოდნელი იყო, ვინაიდან ორგანიზაცია ახლა ვერ ახერხებს დააცხროს გლობალური დაძაბულობა და ვერ ახერხებს საჭირო კოორდინირება და რეაგირება მოახდინოს კორონავირუსით გამოწვეულ სიტუაციაზე.

62 წლის ბრაზილიელი ავეზადო, ორგანიზაციის აღამსრულებელი დირექტორია 2013 წლიდან და უკვე მეორე ვადით იკავებს ამ თანამდებობას. მას კაბინეტი 2021 წლის აგვისტოში უნდა დაეტოვებინა.

მისი თქმით, ეს “პირადული გადაწყვეტილებაა” და ის მას შემდეგ მიიღო, რაც ოჯახის წევრებს ესაუბრა. ავეზადოს განმარტებით მის თანამდებობიდან წასვლას არაფერი აქვს საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ან პოლიტიკურ ამბიციებთან. აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით მისი გადაწყვეტილება ასევე ორაგნიზაციის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ჟურნალისტებმა ავეზადოს გადაგომასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსაც დაუსვეს კითხვა. მან თქვა, რომ მისთვის მისაღებია ეს გადაწყვეტილება და დაამატა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია “საშინელებაა”.

“ჩვენ ძალიან ცუდად გვექცეოდნენ”, თქვა პრეზიდენტმა. “ისინი ჩინეთს, როგორც განვითარებად ერს, ისე ეპყრობიან. ამიტომაც, ჩინეთს იმაზე მეტი პრივილეგია აქვს, ვიდრე ამერიკას”, დაამატა მან.

რესპუბლიკელმა სენატორმა ჯოშ ჰოულიმ გასულ კვირას წარადგინა რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, ამერიკამ უნდა დატოვოს ორგანიზაცია. მიზეზად, სენატორმა ორგანიზაციის მიერ ჩინეთის წახალისება დაასახელა.

კოვიდ 19-ის კრიზისის დაწყებიდან მოყოლებული, ავეზადო მოუწოდებდა მთავრობებს არ დაეწესებინათ აკრძალვები საჭმლისა და სამედიცინო მოხმარების ნივთების ექსპორტზე.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 164 წევრია და ორგანიზაციის მიზანია შექმნას და ჩამოაყალიბოს გლობალური სავაჭრო წესები, თუმცა 2015 წლის შემდეგ მას არცერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ხელშეკრულება არ მიუღია.

ორგანიზაციის ისეთი წევრები, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია და ევროკავშირი ფუნდამენტური რეფორმებისთვის იბრძვიან. მათი თქმით, გლობალური სავაჭრო წესები მეტად უნდა ახდენდეს გავლენას ჩინეთზე.

ეს და სხვა საკითხები 2020 წლის ივნისში უნდა განხილულიყო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მიერ გამართულ ბიენალეზე ყაზახეთში. თუმცა, კორონავირუსის გამო ეს ღონისძიება 2021 წლის ბოლოსკენ გადაიტანეს.

ავეზადომ განაცხადა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია გულხედაკრეფილი არ იჯდება, სანამ კორონავირუსის გამო “ახალი ნორმალური წესრიგი” დამყარდება მსოფლიოში.

ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელმა თქვა, რომ ავეზადოს შეცვლა მარტივი არ იქნება და რომ ვაშინგტონს სურს, იყოს ჩართული მისი შემცვლელის არჩევაში.

ევროკავშირის სავაჭრო კომისარმა ფილ ჰოგანმა კი განაცხადა, რომ ახალი დირექტორი უნდა იყოს ის ადამიანი, ვინც შეძლებს მიმდინარე გამოწვევებთან გამკლავებას და მოუსმენს მათ, ვინც რეფორმებს მოითხოვს.

ავეზადოს აქამდე კარიერა დიპლომატიაში ჰქონდა. მისი წინამორბედების უმრავლესობა კი პოლიტიკური წარსულის მქონე იყო.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG