ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიო ბანკის ანგარიში


2030 წელს განვითარებადი ქვეყნების გლობალური ინვესტიციები 160 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება

უახლოეს 20 წელიწადში მსოფლიოს განვითარებადი ქვეყნების უმეტესობა გლობალური ინვესტიციების მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდება. ეს განცხადება მსოფლიო ბანკმა მას შემდეგ გააკეთა, რაც დადგინდა, რომ 20 წლის შემდეგ გლობალური კაპიტალის ნახევარზე მეტი განვითარებად ქვეყნებში იქნება დაბანდებული.

მსოფლიო ბანკის განცხადებით, 2030 წელს განვითარებადი ქვეყნების გლობალური ინვესტიციები 160 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება.
მთავარი ეკონომისტის და ვიცე პრეზიდენტის კაუშიკ ბასუს განცხადებით, დედამიწაზე დემოგრაფიული ცვლილებები სტრუქტურულ ცვკლილებებს გამოიწვევს:

„2030 წელს დედამიწაზე მოსახლეობა შვიდი მილიარდიდან 8 მილიარდამდე მოიმატებს. ზოგიერთი საზოგადოება მოსახლეობის ზრდასთან ერთად დაწინაურდება. დემოგრაფიული ზრდა სხვადასხვა სფეროებში ადგილების გადანაცვლებას გამოიწვევს. აქედან გამომდინარე შეიცვლება ზრდა, განვითარება და ინვესტიციების სფეროები.“

ბასუს აზრით, ამჟამად მსოფლიო ფინანსებს და რეალურ ეკონომიკას შორის აშკარა შეუთავსებლობაა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით ფინანსური ინდიკატორები ბევრად უფრო მაღალია, ევროპაში რეცესია ჯერ არ დასრულებულა. მსგავსი სტაგნაცია ევროპას 1945 წლიდან არ ახსოვს. უმეტეს ქვეყანებში შემოსავლების დონეზე სხვადასხვა მახეებია დაგებული. ეს ყველაფერი კი პროგნოზების დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული.

კაუშიკ ბასუს აზრით, ეკონომიკური გაჯანსაღების პროცესი ხანგრძლივია,თუმცა გლობალური განვითარების ჰორიზონტზე ხშირად არაერთი საიტერესო სიახლე შეიძლება გამოჩნდეს.

2030 წელს ჩინეთი და ინდოეთი შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დიდ ინვესტორებად იქცნენ. ამჟამად გლობალური კაპიტალის მხოლოდ 23 პროცენტია ამ ქვეყნებში დაბანდებული, თუმცა 2030 წლამდე შესაძლოა ეს რიცხვი 47დან 60 პროცენტამდე გაიზარდოს.

ექსპერტთა აზრით, ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ახალი რეგიონი არ აღორძინდება. ასევე დიდი შანსი არსებობს იმის, რომ დემოგრაფიული დივიდენდების ხარჯზე სუბ-საჰარის აფრიკის ქვეყნებიც განვითარდნენ. მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, უცხოელი ინვესტორები ამ რეგიონით ბევრად უფრო დაინტერესდებიან. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ სუბ-საჰარის აფრიკის ქვეყნებში მუშახელი ბევრად უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

მაურუციო ბუსოლო მსოფლიო ბანკის ანგარიშის ავტორია. მისი თქმით:

„2030 წელს ინვესტირებული ყოველი დოლარიდან 60 ცენტი განვითარებად ქვეყნებში დაბანდდება. ეს საკმაოდ დრამატული ცვლლილებაა, თუმცა მნიშვნელოვანი გარდატეხაც გახლავთ.“

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად დღევანდელი არასახარბიელო მდგომარეობისა, განვითარებულ ქვეყნებში მასობრივი ფინანსური ინვესტირებისთვის ბევრად მეტი რესურსია. ამის შესაძლებლობას იძლევა ამ რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება და სხვადასხვა მომსახურების სფეროები.
XS
SM
MD
LG