ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღეს აღნიშნავს


20 ივნისს მსოფლიო ლტოლვილთა დღეს აღნიშნავს

20 ივნისს მსოფლიო გაეროს მიერ დაწესებულ ლტოლვილთა დღეს აღნიშნავს. ამასობაში არაბული სამყაროდან ლტოლვილთა ნაკადი დღითიდღე იზრდება. ხოლო ლიბიასა და სირიაში დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტების წინააღმდეგ აგორებული ძალადობის ტალღამ ათობით ათასი ადამიანი აიძულა სამშობლო დაეტოვებინა. ჰენრი რიჯველი რეგიონიდან იუწყება, რომ ბევრ ლტოლვილს სამშობლოში დაბრუნების იმედი დაეკარგა.

ი აილადაღის ლტოლვილთა ბანაკი თურქეთ-სირიის საზღვრის მახლობლად მდებარეობს. ბანაკი განლაგებულია ყოფილი თამბაქოს ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად დაახლოებით 3,500 სირიელი ლტოლვილი ბინადრობს. ბანაკის მოსახლეობა ყოველდღიურად ათობით ოჯახით იზრდება.

ლტოლვილებმა სახლები და მიწის ნაკვეთები მიატოვეს და თურქეთში გადავიდნენ. ისინი სირიის მთავრობის რეპრესიულ ზომებს გაურბიან. მათ „არაბული გაზაფხულის“ ბოლო ლტოლვილები შეარქვეს.

20 ივნისს მსოფლიო გაეროს ლტოლვილთა დღეს აღნიშნავს. არაბულ სამყაროში არეულობის შედეგად ათასობით პირმა სახლ-კარი დაკარგა, რაც წელს ამ დღის აღნიშვნას განსაკუთრებულად აქტუალურს ხდის, აღნიშნავს გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს თანამშრომელი მანს ნაიბერგი.

„საზღვარგარეთ წასვლა სასოწარკვეთილებით არის ნაკარნახევი, როცა სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. როცა სახლს ცეცხლი უკიდია, ჯარისკაცები კი შენ ქალაქს უტევენ, ადამიანს მხოლოდ გაქცევა შეუძლია,“ აღნიშნა მანს ნაიბერგმა.

ლიბია-ტუნისის საზღვართან ახლოს მდებარე შუშას ლტოლვილთა ბანაკში ქვიშის ქარიშხალი მძვინვარებს.

მას შემდეგ რაც თებერვალში ლიბიაში კონფლიქტი დაიწყო, ლიბია-ტუნისის საზღვრის ეს მონაკვეთი ასობით ათასმა ლტოლვილმა გადაკვეთა. აღსანიშნავია, რომ ლიბიიდან გაქცეულთა უმრავლესობას აფრიკის სხვა ქვეყნების მოქალაქეები შეადგენდნენ.

ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ბანაკში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა და ძალადობაში გადაიზარდა. როცა ბანაკის ერთ ნაწილს ცეცხლი გაუჩნდა, ამას ათობით ლტოლვილის სიცოცხლე შეეწირა.

შიშაი თესფაი ერითრეელი ლტოლვილი გახლავთ:

„ათი დღის წინ ჩვენ ოთხი ძმა დავკარგეთ. ისინი კარავში დაიწვნენ. მათ გაქცევა ვერ მოასწრეს რადგან კარავი აალებადი ქსოვილისგან არის შეკერილი და მათ უბრალოდ დრო არ ეყოთ. ხუთ წუთში კარავი მთლიანად დაიწვა,“ აღნიშნა შიშაი თესფაიმ.

შუშას ლტოლვილთა ბანაკში დაახლოებით 3,500 პირი ბინადრობს. ლტოლვილების უმრავლესობამ ერითრეიაში, სომალისა და სუდანში მძვინვარე ძალადობას დააღწია თავი. სამშობლოში დაბრუნება სახიფათოა, ისევე როგორც ლიბიაში გადასვლა.

„ყველა ნათლად ხედავს ლიბიაში შექმნილ მდგომარეობას. იქ ხომ სამოქალაქო ომი მძვინვარებს. ამას ემატება ისიც, რომ ლიბიელებს აფრიკელები არ მოსწონთ. მათ მიაჩნიათ, რომ ისინი აფრიკელები არ არიან. ჩემთვის ლიბიაში დაბრუნება ძალიან სახიფათო იქნება,“ დასძენს ერითრეელი ლტოლვილი შიშაი თესფაი.

გაეროს ცნობით მსოფლიოში ამჟამად ამ ერითრეელი ლტოლვილის მსგავსად 7 მილიონი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი.

XS
SM
MD
LG