ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2011 წელს მსოფლიოში სურსათის ფასი გაიზრდება


2011 წელს მსოფლიოში სურსათის ფასი გაიზრდება

მიმდინარე წლის მიწურულს მსოფლიოში ფასები საკვებ პროდუქტებზე იზრდება, ხოლო სურსათის მარაგი სხვადასხვა ქვეყნებში მცირდება. როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი სტივ ბარაგონა იუწყება, ექსპერტების ერთი ნაწილი შიშობს, რომ ხსენებული ფაქტორების გამო სასურსათო საქონლის ფასი შეიძლება იმ დონემდე გაიზარდოს, რომელმაც 2008 წელს ზოგიერთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვია.

როცა 2008 წელს ფასებმა საკვებ პროდუქტებზე რეკორდულ დონეს მიაღწია, სულ ცოტა თორმეტ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები და არეულობა დაიწყო.

2010 წლისთვის კი კარგმა ამინდმა უხვი მოსავალი გამოიწვია და ფასები სასურსათო პროდუქტებზე დროებით დაეცა.

მაგრამ თებერვალში გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უფროსმა ჟაკ დიუფმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ გლობალურ ასპარეზზე სურსათის დეფიციტის საფრთხე კვლავინდებურად აქტუალობას მოკლებული როდია.

„ყველა ის ფაქტორი, რომელმაც თავის დროზე ფასების მომატების კრიზისი გამოიწვია, არ გამქრალა. არაფერი შეცვლილა,“ აღნიშნა დიუფმა.

დიუფმა აგრეთვე აღნიშნა, რომ საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ მოსავლის აღების შემდეგ სასურსათო ნედლეულის ზოგიერთი კატეგორია ბიოსაწვავის წარმოებას ხმარდება. ასე, მაგალითად, წელს შეერთებული შტატების სიმინდის მოსავლის ერთი მესამედი ეთანოლის წარმოებას მოხმარდა.

ამას გარდა ენერგომატარებლებზე მზარდი ფასების გამო სასურსათო პროდუქტების ტრანსპორტირება გაძვირდა, რაც საქონლის ღირებულების ზრდას იწვევს.

ამასობაში მსოფლიოს მოსახლეობა იზრდება და კლიმატი სულ უფრო არაპროგნოზირებადი ხდება.

„ამდენად თუ სასურსათო საქონლის მთავარ ექსპორტიორ ქვეყნებში გვალვა ან საკვები პროდუქტების დეფიციტი დაიწყო, მაშინ ჩვენ ნამდვილად რთულ მდგომარეობაში აღვმოჩნდებით,“ აღნიშნავს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

წელს რუსეთში მომხდარი გვალვის გამო ქვეყნის ხორბლის მოსავალი ერთი მესამედით შემცირდა.

აგვისტოში რუსეთის მთავრობამ ხორბლის ექსპორტი აკრძალა, რის გამოც მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, აღნიშნავს სასურსათო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი შენგენ ფანი.

„გვალვამ რუსეთის მთავრობის აკრძალვა გამოიწვია. ხოლო რუსეთის მთავრობის აკრძალვამ კი ფასების ზრდას შეუწყო ხელი,“ აღნიშნა ფანმა.

მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში საკვები პროდუქტის ფასი მნიშვნელოვნად მერყეობს. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ცნობით, გასული წლის მანძილზე მსოფლიო ბაზრებზე სიმინდისა და ხორბლის ფასი თითქმის 50 პროცენტით გაიზარდა.

ექსპერტების პროგნოზის თანახმად მომავალ წელს მოსალოდნელია ფასების შემდგომი ზრდა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ საბედნიეროდ ხორბლის ფასი ორი წლის წინანდელ დონეს არ მიუახლოვდა, რაც იმით აიხსნება, რომ წელს მსოფლიოს ხორბლის მარაგი 2008 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

მაგრამ სასურსათო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარანტია იმისა, რომ სასურსათო კრიზისი ახლო მომავალში არ გამეორდება.

„ვფიქრობ ჩვენ სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ კიდევ ერთ კრიზისს გადავიტანთ,“ აღნიშნა შენგენ ფანმა.

ფანს მიაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კაცობრიობას მსოფლიოს მზარდი მოსახლეობის საკვები პროდუქტებით უზრუნვლეყოფა ნაკლები სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების, წყლისა და სხვა რესურსების პირობებში მოუხდება, რაც უწინარეს ყოვლის ნიშნავს იმას, რომ ფერმერების ნაყოფიერება მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში მსოფლიო ბაზარზე ყველა სამხრეთ ამერიკაში ამინდს აკვირდება. უამინდობის შემთხვევაში დაბალი მოსავლიანობა სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ფასების ზრდას უდავოდ შეუწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG