ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკაში სამუშაო ვიზების რაოდენობის შემცირება ბიზნესს ტვირთად აწვება


გართულებულმა სავიზო პროცესმა შესაძლოა ამერიკულ ბიზნესს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით, ე.წ. სეზონური ბიზნესის მფლობელები ღელავენ. ისინი შიშობენ, რომ უცხოელი თანამშრომლების გარეშე დარჩებიან.

ამერიკის იმ შტატებში და რაიონებში, სადაც ტურისტული სეზონი რამდენიმე თვეს გრძელდება, „მასპინძლობის ბიზნესს“ უჭირს სამუშაოდ ამერიკელების დაქირავება. რადგან ისინი იშვიათად თანხმდებიან სამუშაოს, რომელიც მხოლოდ 3-6 თვის განმავლობაში ექნებათ. ამ საქმისთვის მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ხშირად, დროებით, უცხოურ „სამუშაო ძალას“ მიმართავენ და სპეციალურ ვიზებს ითხოვენ მომავალი თანამშრომლებისთვის. ასეთ მოკლევადიან, სამუშაო ვიზებს მოკლედ H2B ვიზებს უწოდებენ და მათი გაცემა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, ქვეყანაში ამ მიზნით ლეგალურად შემომსვლელთა რაოდენობაც იკლებს და დამსაქმებლები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა მთელი მათი ბიზნეს მოდელი უსარგებლოდ აქციოს.

მასაჩუსეტის სანაპიროს გასწვრივ, გაზაფხული და ზაფხული უფრო გვიან დგება, ვიდრე ქვეყნის სხვა შტატებში. სანამ ტურისტები ჩამოვლენ, სიწყნარეა. ზოგიერთი დამსაქმებლისთვის, ზედმეტი სიწყნარეც კი. „ქეიპ ქოდ-ში იმაზე მეტი დიდი თეთრი ზვიგენი გვყავს, ვიდრე სამუშაოს მძებნელი ვიზიტორი,“ ხუმრობს ჯეინ ნიქოლს ბიშოპი, „პიკური სეზონის სამუშაო ძალის“ პრეზიდენტი.

ბიშოპი თავს „ვიზების დედას“ უწოდებს. მისი საქმე სწორედ ისაა, რომ ადგილობრივი ბიზნეს კომპანიებისა და მეწარმეებისთვის საჭირო უცხოელ თანამშრომლებს ვიზების მიღებაში დაეხმაროს. მაგალითად, ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა იამაიკა და ფილიპინები. ის წუხს, რომ საჭირო თანამშრომლები არ ეყოლებათ: „ვინ იმუშავებს მომსახურების სფეროში? საკვების მომზადება, დასუფთავება, სერვისი, აქ საამისოდ საკმარისი ადამიანები ნამდვილად არ გვყავს,“ ამბობს ბიშოპი.

ალენ სილვესტერის ოჯახი ქეიფ კოდში კარვებს აქირავებს. ამბობს, რომ ძნელია ისეთი ამერიკელების პოვნა, რომლებიც თანახმა იქნებიან, წელიწადში მხოლოდ 5 თვე იმუშაონ.

იმ პირთა რაოდენობა, რომლებმაც შესაძლოა H2B ვიზით ამერიკაში იმუშაონ, ოთხჯერ შემცირდა. ამან კი შესაძლოა ბიზნესს წლიური შემოსავლის 20 % დააკარგვინოს. სილვესტერი ამბობს, რომ თანამშრომელთა დაქირავების სხვა, ნაკლებად ძვირადღირებული გზა რომ ჰქონდეს აუცილებლად გამოიყენებდა.

„ეს საკმაოდ გრძელი ბიუროკრატიული პროცესია, უამრავი დოკუმენტის შევსება და მომზადებაა საჭირო, მცირე ბიზნესების მფლობელებს იმის საშუალება რომ ჰქონდეთ, თანამშრომლები სხვაგვარად დაიქირაონ, H2B-ის ნამდვილად არ აირჩევდნენ“ - ამბობს ალენ სილვესტერი.

H2B ვიზებზე დამოკიდებული ბიზნესის ხელმძრვანელებმა 3000-მდე აპლიკაცია შეავსეს გასული წლის იანვარში, მაგრამ მხოლოდ მათი მცირე ნაწილი დაკმაყოფილდა. თუმცა ისინიც კი, ვისაც გაუმართლა, მაინც დაზარალდნენ, რადგან პროცესის შეზრუდვამ მნიშვნელოვნად დააგვიანა თანამშრომლების ჩამოყვანა.

სწორედ ამ და სხვა მიზეზებით, ზოგიერთი დამქირავებელი მაინც სხვა გზას ირჩევს და თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში უხდის ხელფასს. მიუხედავად იმისა, რომ სეზონი შესაძლოა მთელი ნახევარი წლის განმავლობაში არ იყოს აქტიური. ის დამსაქმებლები კი, რომლებსაც არ შეუძლიათ თავს ამის უფლება მისცენ, სასიკეთო ცვლილებებს ელოდებიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG