ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაგრძელდება თუ არა ტრამპ-ჯონსონის ბრომანსი?


თუკი პრეზიდენტი ტრამპი არცერთ მის წინამორბედს არ ჰგავს, იგივე შეიძლება ითქვას დიდი ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრზეც. ბორის ჯონსონიც, ანალიტიკოსების აზრით, არაპროგნოზირებადი და არატრადიციული პოლიტიკოსია.

ჯონსონს და ტრამპს ხშირად ადარებენ ერთმანეთს, პირადი ცხოვრების ისტორიებით, წესებისა და ჩვეულებების დარღვევის სურვილითა და მზაობით, ისევე როგორც თმის ვარცხნილობითა თუ პოპულისტური პოლიტიკით.

ამერიკის პრეზიდენტს ჯონსონი ნამდვილად მოსწონს. მისი მხარდამჭერები კი, ისევე როგორც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეები, იმედოვნებენ, რომ ანგლო-ამერიკული ურთიერთობები ახალი მიმართულებებითა და ძალით განვითარდება. მათი გუნდების წევრები ენთუზიაზმს არ მალავენ.

ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, შესაძლოა პირად ურთიერთობებში ამგვარი თავსებადობის ნაკლებობაც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ტერეზა მეის პრემიერობისას ვაშინგტონმა და ლონდონმა ვერ მოახერხეს პოლიტიკის ისეთი სერიოზული განსხვავებების დაძლევა, როგორიც არსებობდა ირანის, კლიმატის ცვლილების, მრავალმხრივი თანამშრომლობისა და სხვა საკითხების თაობაზე. ეს განსხვავებები ჯერაც არსებობს.

ტრამპი ჯონსონს "კარგ მეგობარს" უწოდებს და ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ის კარგი პრემიერი იქნება. "მას აქვს ის, რაც ამ პოზიციაზეა საჭირო. ის დიდი ხნის წინ უნდა გამხდარიყო [პრემიერი]", - თქვა ტრამპმა.

თუმცა ბორის ჯონსონი მისი ამგვარი ქებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. საქმე იმაშია, რომ ბრიტანელებს დონალდ ტრამპი არ მოსწონთ. ბოლო გამოკითხვებით, მხოლოდ 21 %-ს აქვს დადებითი დამოკიდებულება ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის მიმართ. წარსულში ჯონსონი ტრამპს ღიადაც კი აკრიტიკებდა. ლონდონის მერის პოზიციაზე ყოფნისას, მან ერთხელ ისიც თქვა, რომ ნიუ-იორკის ზოგიერთი ნაწილის სტუმრობა სწორედ იმიტომ არ სურდა, რომ იქ დონალდ ტრამპთან შეხვედრის "რეალური რისკი" არსებობდა.

თუმცა მოგვიანებით, ძლიერ კონსერვატიული მიმართულებით გადახრისას, ჯონსონმა ტრამპზეც შეიცვალა აზრი და ბრიტანელ კანონმდებლებს უკვე იმას ეუბნებოდა, რომ უფრო და უფრო მეტად იყო აღტაცებული დონალდ ტრამპით. ჯონსონი ამბობდა, რომ "ბრექსიტს" სწორედ ტრამპი წარმართავდა მშვენივრად, იქნებოდა ქაოსი, პრობლემები, მაგრამ ტრამპი ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანდა. ჯონსონი კამპანიისას ტრამპის ზოგიერთ ფრაზასაც კი იყენებდა, მაგალითად, "გავხადოთ ბრიტანეთი ისევ დიადი".

ჯონსონზე, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხად მიიჩნევს დათქმულ დროს ევროკავშირის დატოვებას, ბევრი ამბობს, რომ ის ტრამპს ჰბაძავს და სურს ჰგავდეს მას, ან "გადააჭარბოს" კიდეც მის ძალისხმევას. ევროკავშირის მხრიდან ბრიტანეთთან მოლაპარაკებების ლიდერები ჯონსონს "შემტევ" პოლიტიკოსად ახასიათებენ.

ჯონსონის და ტრამპის მოსაზრებები ევროკავშირის თაობაზეც ემთხვევა. ევროსკეპტიციზმი ჯონსონისთვის "ახალი პოზიციაა", ბევრის აზრით, ეს მას პრემიერის პოსტის დაკავებაში დაეხმარა.

ანალიტიკოსები მსჯელობენ იმის თაობაზე, იქნება თუ არა ტრანსატლანტიკური პარტნიორობა უპრობლემო. შედგება თუ არა წყვილი ტრამპი-ჯონსონის სახით ისევე, როგორც ეს რეიგან-ტეტჩერის ან კლინტონ-ბლერის შემთხვევაში მოხდა.

ნაილ გარდინერი, ტეტჩერის ყოფილი მრჩეველი და ახლა "ჰერიტიჯის" ფონდის მკვლევარი ამბობს, რომ ჯონსონს ტრანსატლანტიკური კავშირების გადახალისება შეუძლია.

"ნიუ-იორკში დაბადებული ჯონსონი ყველაზე პოპულარული პრემიერი იქნება ამერიკაში, მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ", - ამბობს გარდინერი და განმარტავს, რომ ჯონსონის ენერგიულობა და თავდაჯერება ის თვისებებია, რომელსაც ამერიკელები ძლიერ აფასებენ.

თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი ჯონსონს მაკრონის მაგალითისგან სწავლას ურჩევს და ახსენებს მას, რომ ტრამპ-მაკრონის "ძმური რომანსი" რომელსაც პრესამ "ბრომანსი" უწოდა, არც ისე ხანგრძლივი გამოდგა.

ბალანსის შენარჩუნება არც ბრუსელსა და ვაშინგტონს შორის იქნება ადვილი. ტრამპი არ იყო კმაყოფილი იმ შეთანხმებით, რომელსაც ტერეზა მეიმ ევროკავშირთან მიაღწია და ფიქრობდა, რომ ამას შესაძლოა ამერიკა-ბრიტანეთის სავაჭრო ურთიერთობებისთვის ხელი შეეშალა. რაც შეეხება ჯონსონს, მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობს, ევროკავშირს შეთანხმების გარეშეც დავტოვებთო, მისი თანაშემწეები განმარტავენ, რომ მას "გაყრის შეთანხმების" მიღწევა ნამდვილად სურს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG