ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ვიკილიქსი“ და სიტყვის თავისუფლება


„ვიკილიქსი“ და სიტყვის თავისუფლება

ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ მიერ შეერთებული შტატების მთავრობის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ პოლიტიკოსების რისხვა გამოიწვია და აზრის გამოხატვის თავისუფლების მომხრეები შეაგულიანა. ამას გარდა ვებ გვერდის დამაარსებლის ჯულიან ასანჟის მომხრე ჰაკერებმა კიბერ შეტევების მეოხებით დროებით მწყობრიდან გამოიყვანეს იმ კომპანიებისა და ცალკეული პირების ვებ გვერდები, რომლებმაც ასანჟის წინააღმდეგ გარკვეული ზომები მიიღეს. თვით ასანჟის პიროვნება საიდუმლოთი არის მოცული. იგი ამჟამად ლონდონის ერთ-ერთ საპყრობილეში იმყოფება. მას შვედეთში ორი ქალის გუპატიურება და მათ მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენა ედება ბრალად.

ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ დამაარსებელმა ჯულიან ასანჟმა სამთავრობო საიდუმლო ინფორმაციის საჯარო განხილვა წამოიწყო.

საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებამ მწვავე დებატები გამოიწვია იმასთან დაკავშირებით უნდა იცოდეს თუ არა საზოგადოებამ ხსენებულ დოკუმენტებში მოცემული ფაქტების შესახებ.

მართალია ასანჟი ამჟამად ბრიტანულ ციხეში იმყოფება, ვებ გვერდი „ვიკილიქსი“ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნებას აგრძელებს.

საჯარო გამოსვლებში ასანჟი მშვიდი და მარტოხელა ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. აი როგორ ახასიათებს მას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯეროლდ პოსტი:

„ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ გამომწვევი ამპარტავნების გრძნობას, როგორც წესი, საფუძვლად არასრულფასოვნების კომპლექსი უდევს. ვიდრე მას 14 წელი შეუსრულდა მან 37 ადგილ-სამყოფელი გამოიცვალა.“

პოსტი აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ასანჟის დიაგნოზის დასმა იმის გამო, რომ იგი მას არ შეხვედრია. მაგრამ პროფესორი ხაზს უსვამს იმას, რომ ასანჟის ქცევაში კლინიკური ნარცისიზმი შეინიშნება.

„გავრცელებული ცნობების თანახმად მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მომხრე ჰყავს ასანჟი საკმაოდ მარტოხელა ცხოვრებას ეწევა. ამას გარდა ამ ბოლო ხანებში მას სულ უფრო მეტი ბრძანებლური თვისება განუვითარდა და მისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით რომ ვიმსჯელოთ შეიძლება ითქვას, რომ იგი უფრო ავტორიტარულ დიქტატორს წააგავს,“ აღნიშნა პოსტმა.

ხოლო აზრის გამოხატვის თავისუფლებისადმი მიძღვნილი არასამთავრობო ორგანიზაციის „ცენზურის ინდექსის“ რედაქტორი ჯო გლენვილი ამასთან დაკავშირებით შემდეგს აცხადებს:

„ვფიქრობ იგი საკმაოდ ქარიზმატულ ფიგურას წარმოადგენს. ამას გარდა იგი საიდუმლო პიროვნება გახლავთ.“

აღსანიშნავია, რომ ჯო გლენვილი ასანჟს პირადად შეხვდა.

„ვფიქრობ იგი ამ საქმიანობს უაღრესად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მან მთელი თავისი სიცოცხლე ‘ვიკილიქსს’ შეალია. იგი ადგილსამყოფელს ხშირად იცვლის. ასანჟი მომთაბარე ცხოვრების სტილს ეწევა და ვებ გვერდის საქმიანობით ცოცხლობს,“ აღნიშნავს ჯო გლენვილი.

ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე ასანჟი ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტების კერძო ორგანიზაცია „ფრონტლაინ კლუბი“ მასპინძლობდა.

ვონ სმითი ხსენებული ორგანიზაციის მეპატრონეა. სმითი აღნიშნავს, რომ კლუბის წევრების 96 პროცენტმა ასანჟის სტუმრობას მხარი დაუჭირა. აღსანიშნავია ისიც, რომ სმითი ასანჟთან ერთად იყო, როცა იგი ბრიტანეთის პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა.

„მას უდავოდ ძლიერი ნებისყოფა აქვს, მაგრამ თქვენსავით ან ჩემსავით იგი ჩვეულებრივი ადმიანია და მას ციხეში წასვლა ძალიან შეეშინდა,“ აღნიშნა სმითმა.

ასანჟმა მსოფლიო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა ჯულია გილარდმა განაცხადა, რომ თვით ვებ გვერდ „ვიკილიქსის“ დაარსების აქტი კანონს ეწინააღმდეგება.

„ეს უკანონო აქტი რომ არ მომხდარიყო, ‘ვიკილიქსზე’ ინფორმაცია არ გამოქვეყნდებოდა,“ აღნიშნა ავსტრალიის პრემიერ მინისტრმა.

ხოლო ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდუმლო მასალების გამოქვეყნებაში შეერთებული შტატები დაადანაშაულა რადგან საიდუმლო დიმპლომატიური მიმოწერა სათანადოდ არ იყო დაცული და ხსენებული დოკუმენტები ბევრისთვის ხელმისაწვდომი იყო. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა „ვიკილიქსის“ მიერ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება დაგმეს. ისინი აღნიშნავენ, რომ დაიწყო გამოძიება იმის დასადგენად დაარღვია თუ არა ასანჟმა შეერთებული შტატების კანონმდებლობა.

ამასობაში მიუხედავად იმისა, რომ ასანჟი საპყრობილეში იმყოფება, საიდუმლო მასალების გამოქვეყნება გრძელდება. ხოლო ავსტრალიაში ასანჟის მომხრეები მხარდაჭერის დემონსტრაციებს მართავენ.

XS
SM
MD
LG