ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში ყოველი მეხუთე ალკოჰოლიზმით იღუპება


რუსეთში ყოველი მეხუთე ალკოჰოლიზმით იღუპება

ალკოჰოლზმი მესამე წამყვანი რისკ-ფაქტორი გახდა იმ გადამდებ თუ არაგადამდებ სნეულებათა სიაში, რომელიც სიკვდილს იწვევს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საერთაშორისო საზოგადოებას ალკოჰოლური სასმელების გამოყენების შემცირებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის მიერ ახლახან გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, გლობალურად სხვადასხვა დაავადებებით გარდაცვლილთა ოთხი პროცენტი ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას უკავშირდება.

ამ მონაცემებით ალკოჰოლიზმი მესამე წამყვანი რისკ-ფაქტორი გახდა იმ გადამდებ თუ არაგადამდებ სნეულებათა სიაში, რომელიც სიკვდილს იწვევს. ალკოჰოლთან დაკავშირებული სიკვდილიანობის მზარდი რიცხვი, უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია ავტოკატასტროფებით, ავთვისებიანი სიმსივნეებით, ღვიძლის ციროზით და გულსისხლძარღვთა დაავადებებით. სნეულებათა სია 200-ს აღწევს.

მსოფლიო მასშტაბით ალკოჰოლთანაა დაკავშირებული მამაკაცთა ექვსი პროცენტის გარდაცვალება. ქალები მათ მხოლოდ ერთი პროცენტით ჩამორჩებიან. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსეთის ფედერაციის მონაცემები, სადაც ყოველი მეხუთე მამაკაცის დაღუპვა ალკოჰოლიზმთან არის დაკავშირებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიული განყოფილების თავმჯდომარის, შექჰარ საქსენას განცხადებით, ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია ახალგაზრდა მოსახლეობაში. ზოგიერთ რეგიონში მოზარდთა ერთი მესამედის დაღუპვა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენებას უკავშირდება:

“რეგიონალურად, ალკოჰოლის მოხმარების უფრო მზარდი ტენდენცია აღინიშნება განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით - აფრიკა და აზიაში. ანუ - იქ, სადაც ნაკლები რეგულაცია და სუსტი ჯანდაცვის სისტემებია. ალკოჰოლის გამოყენების შედარებით სტაბილური მაჩვენებლები აქვს ევროპას და ამერიკას“.

2005 წლის გლობალური მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე სუფთა ალკოჰოლის წლიური მოხმარება 6,13 ლიტრს უდრის. იმის მიუხედავად, რომ მისი გამოყენება საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა მსოფლიოში, ადამიანების უმეტესობა მაინც არ სვამს. უკანასკნელი მონაცემებით, მამაკაცთა ნახევარი და ქალთა ორი მესამედი არ მოიხმარს ალკოჰოლს:

“მონაცემებში ასაკობრივ ჯგუფებს შორის დიდი განსხვავებაა. ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებელი უფრო ახალგაზრდა და შუახნის მოქალაქეებში აღინიშნება. ასე რომ, ჩვენ აქ მხოლოდ ადრეულ ასაკში გარდაცვლილ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ძირითადად - 60 წლამდე“.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება მათი ერთ-ერთი წამყვანი გლობალური სტრატეგიაა. იგი მოიცავს მთელ რიგ წარმატებით აპრობირებულ ზომებს, რომელთა შორისაა: ალკოჰოლზე დამატებითი ღირებულების გაზრდა, სავაჭრო პუნქტების შემცირება, ასაკობრივი შეზღუდვების გაზრდა, მძღოლებზე კონტროლის გამკაცრება, რეკლამების შემცირება და ასე შემდეგ.

XS
SM
MD
LG