ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თეთრი სახლი მორიგ სკანდალში გაეხვა


შეერთებული შტატების კონგრესში მიმდინარე გამოძიებას თეთრი სახლის თანამშრომელმა ტრისია ნიუბოლდმა სკანდალური ინფორმაცია მიაწოდა. წყაროს ცნობით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომის უფლება მიანიჭა, სულ ცოტა, 25 ისეთ თანამშრომელს, რომელთაც უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარეს.

აქამდე კონგრესში მიმდინარე გამოძიებას მსგავსი ინფორმაცია მხოლოდ პრეზიდენტის სიძეზე, ჯარედ კუშნერზე ჰქონდა. ახალ სიაში არიან როგორც თეთრი სახლის მაღალჩინოსნები, ასევე ფედერალური კონტრაქტორები.

საქმის ვითარებას წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის და რეფორმის კომიტეტი იძიებს. კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ ელაია ქამინგსის თქმით, ზოგ მათგანს "ჰქონდა სერიოზული დისკვალიფიკაციის პრობლემები". მათ შორის სახელდება: უცხოეთის ქვეყნების გავლენა, ნარკოტიკების გამოყენება, კრიმინალური ქმედება, ფინანსური პრობლემები, ინტერესთა კონფლიქტი და სხვა.

ტრისია ნიუბოლდი თეთრი სახლის უსაფრთხოების შემოწმებების პროცესში 18 წლის მანძილზე იყო ჩართული და დღემდე იქ მუშაობს. ის ფედერალური სამსახურის ვეტერანია და თეთრ სახლში საქმიანობდა როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი პრეზიდენტების ადმინისტრაციაში.

ჯერჯერობით თეთრ სახლს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ტელეკომპანია "ფოქსთან" ინტერვიუში ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა პრეზიდენტის სიძემ, ჯარედ კუშნერმაც.

კუშნერს თეთრ სახლში მუშაობის პირველი დღიდან, ოფიციალური მოვალეობების ფართო დიაპაზონი ჰქონდა, დაწყებული ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო პროცესიდან, ფედერალური მთავრობის მუშაობის ეფექტურობის გაზრდამდე. ის ასევე ჩართული იყო ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის მოლაპარაკებებში და მრავალ სხვა მნიშვნელოვან პროცესში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG