ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვესაუბრება ვესტ-პოინტის ქართველი კურსდამთავრებული


ამერიკის ხმა: მოგესალმებით ლევან, დიდი მადლობა რომ გვესტუმრე ამერიკის ხმაში. რით იყო გამორჩეული ნიუ იორკში, პრესტიჟულ სამხედრო აკადემიაში ყოველწლიური გამოსაშვები ცერემონია, გარდა იმისა, რომ შენ წარმატებით დაასრულე ოთხ წლიანი სწავლა და კადეტის ტიტული მომავალი ოფიცრის ტიტულით ჩაანაცვლე?

ლევან ლანჩავა: გმადლობთ მოწვევისთვის. მნიშვნელოვანი, ჩემთვის პირადად იყო ის, რომ ოთხი წლის შრომის შემდეგ დავამთავრე აკადემია, ასევე მეორე ფაქტორი იყო პრეზიდენტ ობამას სტუმრობა. რათქმაუნდა, მსოფლიო პოლიტიკისთვის მნიშვნელოვანი იყო, თუ რა მესიჯს გააგზავნიდა პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც ნახეთ [მან] რამდენიმე წლიანი საგარეო პოლიტიკის პროგრამა წარმოადგინა ჩვენი ცერემონიის დროს.
პრეზიდენტ ობამას სტუმრობა და ის ფაქტი, რომ მე ა.შ.შ-ის პრეზიდენტს ხელი ჩამოვართვი და მადლობა გადავუხადე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

ამერიკის ხმა: როგორ ჩამოხვედი საქართველოდან? როგორ მოხდა შენი შერჩევა ამ პრესტიჟულ სასწავლებელში მოსახვედრად და რას გამოარჩევდი შენი გამოცდილებიდან ა.შ.შ-ში?

ლევან ლანჩავა: პენტაგონი ყოველ წელს გამოყოფს ადგილს უცხოელებისთვის, რომლებიც გარკვეული პროცესების გავლის შემდეგ ჩამოდიან აქ და ხდება მათი სრული ინტეგრირება ამერიკულ სამხედრო აკადემიაში. ჩემს დროს დაახლოებით ოცი ადამიანი ვიყავით, ცხრამეტი ბიჭი და ერთი გოგო, რომლებიც ვცდილობდით, რომ სამ აკადემიაში-საჰაერო ძალების, საზღვაო ძალებისა და ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში მოვხვედრილიყავით. ჩემი მთავარი მოტივაცია ვესტ პოინტში ჩაბარება იყო. ტესტირებების, გასაუბრებების და მრავალი სხვა შემოწმებების შემდეგ, შემარჩიეს, როგორც პოტენციურად კარგი კანდიდატი ვესტ პოინტისთვის. 2010 წლის 28 ივნისი იყო ზუსტად მახსოვს, როდესაც დავიწყე ძირითადი საბრძოლო მოსამზადებელი კურსი აკადემიაში და 1430 დღის, ანუ 47 თვის შემდეგ, გასულ ოთხშაბათს დავასრულე მოსამზადებელი სამუშაოები ჩემი მომავალი საოფიცრო კარიერისთვის.

ამერიკის ხმა: კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ პროცესის წარმატებით დასრულებას. თუ შეიძლება, რომ დაგვიზუსტო, რა იყო ყველაზე დიდი გამოცდილება, ყველაზე დიდი შენაძენი რომელიც ამერიკაში მიიღე და რამაც გაგამდიდრა პროფესიულად თუ აკადემიურად?

ლევან ლანჩავა: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ადამიანია. ამიტომაც ვიტყოდი, რომ ადამიანები და ის ურთიერთობები, რომლებიც ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩამომიყალიბდა, ის მეგობრობა, ის პროფესიული ურთიერთობები ჩემს ამერიკელ და სხვა უცხოელ სტუდენტებთან ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე გადამწყვეტი შენაძენი იყო, რომელიც ოთხი წლის შემდეგ მე საქართველოში მიმაქვს.

ამერიკის ხმა: როგორია შენი მომავალი, სად აპირებ რომ გააგრძელო მოღვაწეობა?

ლევან ლანჩავა: უახლოეს მომავალში, დაახლოებით თვენახევარი მაქვს დასვენება, 22 ივლისს, ჩამოვდივარ ამერიკაში ქვეითთა სკოლაში, ქვეითი ოფიცრის და რეინჯერის საბრძოლო კურსების გასავლელად. სავარაუდოდ, აპრილის დასაწყისში დავბრუნდები უკან საქართველოში, ოცმეთაურად მინდა ვიმსახურო, მაგრამ რაც საქართველოს დასჭირდება, სადაც გამაგზავნიან იქ წავალ, რაც საჭიროა იმას გავაკეთებ.

ამერიკის ხმა: წარმატებებს გისურვებთ!

ლევან ლანჩავა: გმადლობთ
XS
SM
MD
LG