ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინიგი


გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინიგი
გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინიგი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ახლახან გამოქვეყნებული გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის თანახმად, შეერთებულმა შტატებმა მეორედან მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა და ახლა მას შვეიცარია, შვედეთი და სინგაპური უსწრებენ. შეგახსენებთ, რომ ხსენებულ ანგარიშში მოცემულია მსოფლიოს 139 ქვეყნის რეიტინგი. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 93-ე ადგილს იკავებს. წელს ჩინეთის რეიტინგი გაუმჯობესდა. ხოლო საჰარის სამხრეთით მდებარე რეგიონის ქვეყნები კვლავინდებურად ბოლო პოზიციებს იკავებენ.

ანგარიშში ნათქვამია, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა კონკურენტუნარიანობის რეიტინგზე გავლენა მოახდინა. აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების მაჩვენებელი კვლავინდებურად მცირდება. გასული წლის ანგარიშში შეერთებული შტატები მეორე ადგილს იკავებდა. ახლა კი ამერიკა მეოთხე ადგილს იკავებს.

მიუხედავად ამისა გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი ტიერი გეიგერი ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კონკუნრენტუნარიანი ქვეყნის რეპუტაციას კვლავინდებურად ინარჩუნებს. ეს კი იმით არის განპირობებული, რომ ამერიკა ძლიერ პოზიციებს იკავებს ისეთ სფეროებში როგორიც არის ნოვატორობა, კომერციული საქმიანობის მართვა, განათლება და ინფრასტრუქტურა. ამასთან დაკავშირებით გეიგერმა აღნიშნა:

„სახეზეა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების აშკარა დაკნინება, რასაკვირველია სახელმწიფო ბიუჯეტის ჩათვლით. ბიუჯეტის დეფიციტი ღრმავდება და ეროვნული დავალიანება იზრდება. ფინანსური ბაზრის მდგომარეობა იმ თორმეტ კატეგორიაში შედის, რომელსაც ჩვენ ანგარიშის შედგენის დროს ყურადღებას ვაქცევთ. ამ მხრივ უნდა აღინიშნონს, რომ მდგომარეობა ფინანსურ ბაზარსა და საბანკო სექტორში კვლავინდებურად სახარბიელო როდია. ამდენად გასულ წელთან შედარებით მდგომარეობის რაიმე გაუმჯობესება არ შეინიშნება.“

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები გლობალური კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით წამყვან პოზიციებს იკავებენ. მათ შორის შვედეთი, ფინეთი და დანია წამყვანი ქვეყნების ათეულში შედიან. გერმანია ევრო ზონის ქვეყნებს უძღვება. წელს გერმანიამ ორი ადგილით წინ წამოიწია და ახლა მეხუთე ადგილს იკავებს. გაერთიანებული სამეფო კი მეთორმეტე ადგილს იკავებს და უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ბრიტანეთის რეიტინგი დაცემას განიცდის.

ანგარიშის მიხედვით ჩინეთის კონკურენტუნარიანობა იზრდება. გეიგერი აღნიშნავს, რომ პეკინი ფინანსურ და საბანკო სექტორებს აუმჯობესებს. შესაბამისად წელს ჩინეთმა 29-ე ადგილიდან 27-ზე გადაინაცვლა.

„თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის ეკონომიკური განვითარების დონეს, ეს მართლაც რომ ღირშესანიშნავი მიღწევაა. მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ ეს ქვეყანა ჯერ კიდევ განვითარებადი სახელმწიფოების კატეგორიას ეკუთვნის, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩინეთი უკვე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების დონეს მიუახლოვდა. ამდენად სხვაობა ჩინეთსა და ინდოეთს, რუსეთსა და ბრაზილიას შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა რადგან ამ სამი ქვეყნის მაჩვენებლები გაცილებით უფრო დაბალია,“ დასძინა გეიგერმა.

ანგარიში ორ საკმაოდ საინტერესო რეგიონალურ ტენდენციას ხაზს უსვამს. სახელდობრ აღნიშნულია, რომ აზიური რეგიონის ქვეყნებმა, ჩინეთის, ინდოეთის, ინდონეზიის, ვიეტნამისა და შრი ლანკას ჩათვლით, ძლიერ და დინამიურ ეკონომიკურ მაჩვენებელებს მიაღწიეს.

კონკურენტუნარიანობის მაღალი მაჩვენებელები ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ცალკეულ ქვეყნებშიც შეინიშნება. ასე, მაგალითად, სპარსეთის ყურის სახელმწიფოების უმრავლესობა უფრო კონკურენტუნარიანი გახდა იმის გამო, რომ ამ ქვეყნების მთავრობებმა დივერსიფიკაციის მიზნით ყურადღება ნავთობმომპოვებელი მრეწველობიდან ეკონომიკური საქმიანობის სხვა სფეროებზე გადაიტანეს.

XS
SM
MD
LG