ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ჩვენ არ ვნებდებით“ - გაეროს გენერალური მდივანი


დღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნის დღე აღინიშნება. იუბილესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ მრავალი გლობალური გამოწვევის მიუხედავად, „ჩვენ არ ვნებდებით“.

1945 წლის 24 ოქტომბერს ძალაში შევიდა გაეროს დამფუძნებელი წესდება, რომელსაც 4 თვით ადრე, სან-ფრანცისკოში ხელი მოაწერა 50-მა სახელმწიფომ. ამ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც ორგანიზაციის ძირითად მიზნებთან და ფუნქციებთან ერთად, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის ძირითად დემოკრატიულ პრინციპებს ასახავს, დღეს 193 ქვეყანა აწერს ხელს.

სპეციალურ მიმართვაში ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ სიღარიბის შემცირების მიუხედავად, მსოფლიოში იზრდება უთანასწორობა. ორგანიზაციის გენერალური მდივნის თქმით, გაერო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს უფსკრული სიღარიბეს და სიმდიდრეს შორის მაქსიმალურად შემცირდეს. „ჩვენ ვიცით, რომ უთანასწორობის შემცირებით, ჩვენ გავზრდით იმედს და მშვიდობის შესაძლებლობებს მთელ მსოფლიოში“.

ანტონიო გუტერეშმა ასევე გაამახვილა ყურადღება კლიმატურ ცვლილებებზე და თქვა, რომ მოვლენები უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მასზე რეაგირება ხდება. თუმცა, აქაც აღნიშნა, რომ გაერო მუშაობას არც ამ მიმართულებით შეწყვეტს, რადგან ეს „ერთადერთი გამოსავალია“.

„ადამიანის უფლებები ბევრგან ირღვევა. მაგრამ, ჩვენ არ დავნებდებით, რადგან ვიცით, რომ ადამიანის უფლებების და ღირსების პატივისცემა მშვიდობის მთავარი წინაპირობაა. კონფლიქტები მრავლდება, ადამიანები იტანჯებიან. თუმცა, ჩვენ არ დავნებდებით, რადგან ვიცით, რომ თითოეული კაცი, ქალი და ბავშვი იმსახურებს მშვიდ ცხოვრებას“ - აცხადებს ანტონიო გუტერეში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG