ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატა "ომის გამოცხადების დეკლარაციას" უყრის კენჭს


ამერიკის წარმომადგენელთა პალატა დღეს კენჭს უყრის კანონს, რომელიც შეზღუდავს ამერიკის სამხედრო მოქმედებას ირანთან, სანამ ამ ზომას კონგრესი არ დაუჭერს მხარს.

„ომის გამოცხადების დეკლარაციის“ კენჭისყრის დანიშვნა კანონმდებლებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჰაერო შეტევის ბრძანება გასცა ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის გასანეიტრალებლად. დემოკრატების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამას რეგიონში სიტუაციის გამწვავება და ამერიკა-ირანს შორის ღია ომის დაწყება შეუძლია.

როგორ აცხადებს ამერიკა ომს?

ამერიკის კონსტიტუციის პირველი მუხლის მიხედვით, კონგრესი არის ის ორგანო, რომელსაც ომის გამოცხადება შეუძლია. კონსტიტუციის მეორე მუხლის მიხედვით, კი პრეზიდენტს ეკისრება პასუხისმგებლობა იყოს შეიარაღებული ძალების მეთაური. კონსტიტუციაში უფლებები ასე განზრახაა გადანაწილებული.

ამერიკის ისტორიის განმავლობაში, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას შორის მუდმივად მიმდინარეობდა დავა ამ უფლებების ინტერპრეტაციის შესახებ. ეს შეკითხვები ამერიკის საზღვარგარეთულ კონფლიქტებთან ერთად გაჩნდა, ისეთ კონფლიქტებთან, რომელიც გულისხმობდა ამერიკის ჩართულობას კორეასთან და ვიეტნამთან . ამ შემთხვევაში, უკიდურესად რთული იყო უფლებებისა და მოვალეობების გადანაწილება ომის რეზოლუციის, როგორც საკანონმდებლო აქტის გარეშე. ბოლოს, ომი კონგრესმა, თითქმის, 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს გამოაცხადა.

რას ამბობს 1973 წელს მიღებული „ომის გამოცხადების დეკლარაცია“ ომის დაწყების შესახებ?

1973 წელს კონგრესმა გამოსცა ომის გამოცხადების შესახებ კანონი, რომელიც განმარტავდა პრეზიდენტის როლს სამხედრო მოქმედებებში. ამ დოკუმენტის მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ნიქსონმა საიდუმლო დაბომბვა ჩაატარა კამბოჯაში. კანონის მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს 48 საათი ჰქონდა, რათა კონგრესისთვის ანგარიში ჩაებარებინა იმის შესახებ, თუ რა ბრძანება ჰქონდათ მიღებული ჯარებს საზღვარგარეთ და ასევე განემარტა, თუ რატომ მიიღეს მათ ეს ბრძანება.

რიჩარდ ნიქსონი
რიჩარდ ნიქსონი

კანონის თანახმად ეს წესები იმისთვისაა, რომ გარანტირებული იყოს „კოლექტიური განსჯა კონგრესისა და პრეზიდენტის მხრიდან“ ამერიკული ჯარების ოკეანის მიღმა გაგზავნის დროს. კანონი, ასევე ავალდებულებს პრეზიდენტებს, რომ დაასრულონ ნებისმიერი ქმედება საზღვარგარეთ 60 დღის განმავლობაში იმ შემთხვევაში, თუ კონგრესი არ გამოსცემს ომის ოფიციალურ დეკლარაციას.

პრეზიდენტები ორივე პარტიიდან წლების განმავლობაში ცვლიდნენ ამ კანონის შინაარსის ინტერპრეტაციას. პრეზიდენტმა ნიქსონმა თავის დროზე ამ კანონს „არაკონსტიტუციური და სახიფათო“ უწოდა.

რა არის 2001 წელს მიღებული „ავტორიზაცია სამხედრო მოქმედების გამოსაყენებლად“ და როგორ იყენებენ მას ახლანდელ დებატებში?

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, რომ ეს შეტევა ამერიკის წინააღმდეგ იძლეოდა ომის გამოცხადების მანდატს. ბუში კონგრესთან ერთად მუშაობდა რეზოლუციაზე, რომელიც მას უფლებას მისცემდა ებრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

„ავტორიზაციამ სამხედრო მოქმედებების გამოსაყენებლად“ ქვეყნის

11 სექტემბრის მემორიალი
11 სექტემბრის მემორიალი

მასშტაბით დიდი განხილვა და დებატები გამოიწვია, ვინაიდან ის პრეზიდენტებმა ბუშმა, ობამამ და ტრამპმა იმ სამხედრო მოქმედებების გასამართლებლად გამოიყენეს, რომლებიც ტერორისტებთან ბრძოლის სახელით წამოიწყეს. სხვა კანონებისგან განსხვავებით, რომელიც კონფლიქტში ჩართვის უფლებას იძლევა, ამ კანონს ის გამოარჩევს, რომ სხვები უფლებას იძლევიან ომი დაიწყოს კონკრეტული ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ, როდესაც ეს კანონი უფლებას იძლევა ომი დაიწყოს ორგანიზაციის, ან კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგაც.

კანონმდებლებმა მეორეჯერ მსგავსი კანონი 2002 წელს მიიღეს სპეციალურად იმისთვის, რომ ამერიკა ერაყში შეჭრილიყო.

როგორ ინტერპრეტაციას აძლევს პრეზიდენტი ტრამპი ამ კანონებს?

ტრამპის ადმინისტრაციამ, მისივე თქმით, კონგრესს საჰაერო შეტევის შესახებ აცნობა, თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ამბობს, რომ შეტყობინება „მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხს იძლევა“.

ვინაიდან ომის დაწყების მანდატი მოითხოვს პრეზიდენტის მხრიდან კონგრესისთვის შეტყობინების გაგზავნას, ტრაპმა კვირას თავის ტვიტერზე დაწერა, რომ დღეიდან ის სოციალური მედიით მისცემს შეტყობინებას კონგრესს ირანთან მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა, კონგრესში დარწმუნებულები არ არიან, რომ სოციალურ მედიაში გაკეთებული განცხადება ის ოფიციალური შეტყობინებაა, რომელსაც „ომის დაწყების მანდატი“ მოითხოვს.

როგორ პასუხობს კონგრესი?

კონგრესში დემოკრატებმა არაერთი შეკითხვა დასვეს სოლეიმანის განეიტრალებასთან დაკავშირებით.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმის გამო, რომ ადმინისტრაციამ მოქმედება კონგრესთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა“, ნათქვამია ნენსი პელოსის წერილში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG